ალექსანდრე აბაევი ცხინვალიდანაა. ის აივდადებითია, ასევე აქვს ტუბერკულოზი და ქრონიკული C ჰეპატიტი. მას დანარჩენ საქართველოში არსებულ სამკურნალო პროგრამებში ჩართვა სურდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. სამკურნალო პროგრამებში ჩართვაზე უარი უთხრეს.
აბაევმა ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება აგვისტოში შეიტანა, სადაც ის თავის მდგომარეობას აღწერდა და მკურნალობის დაწყებას ითხოვდა.
ჯანდაცვის სამინისტრომ მას მხოლოდ სხვადასხვა სადიაგნოსტიკო გამოკვლევა რეფერალური პროგრამიდან დაუფინანსა - 111 ლარი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრში, 355 ლარი - „ავერსის“ კლინიკაში და 1 355 ლარი - ინფექციურ საავადმყოფოში.
რაც შეეხება უშუალოდ მკურნალობის დაწყებას, აღმოჩნდა, რომ აბაევი სამკურნალო პროგრამებში ჩართვას ვერ ახერხებს, რადგან ამისთვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქონაა საჭირო.
წერილში, რომელიც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა აბაევს მისი განცხადების პასუხად გაუგზავნა, წერია, რომ „აივ/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის, ასევე ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მისაღებად ავადმყოფს უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი ან, ე.წ. ნეიტრალური მოწმობა“.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრის წერილის თანახმად: „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ამ ეტაპზე მკურნალობაში სხვა ქვეყნის იმ მოქალაქეების ჩართვას არ ითვალისწინებს, რომლებსაც არ აღენიშნებათ ბაქტერიაგამომყოფი ფორმა (გადამდები)“ [აღსანიშნავია, რომ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ თანამემამულეებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებად მოიხსენებს].
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის ეკა ადამიას განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნაში ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ სპეციალური პროგრამა არსებობს (როგორიც არის ამ შემთხვევაში აივ/შიდსის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა და ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა), ასეთ შემთხვევაში რეფერალური პროგრამა ამ სამკურნალო პროგრამებით გათვალისწინებულ ყველა მომსახურებას ვერ დააფინანსებს. სამკურნალო პროგრამაში ჩასართავად კი, მისი თქმით, პაციენტს ნეიტრალური მოწმობა უნდა ჰქონდეს.
„რეფერალური მომსახურების კომისია, მიუხედავად იმისა აქვს თუ არ აქვს პირს საინდენტიფიკაციო დოკუმენტი, ემსახურება აფხაზური და ოსური, ე.წ. პასპორტების მქონე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს. სავარაუდოდ, ამ ლოგიკის გამო, აბაევი განცხადებაში წერდა, რომ ოსეთის მოქალაქეა, ამიტომ მისი განცხადება რეფერალურ კომისიას დაეწერა, რადგან თუ რამე დახმარების შესაძლებლობა იქნებოდა, რეფერალური კომისია დაეხმარებოდა. რეფერალურ პროგრამაში ამ მხრივ შეზღუდვა არ არის. რეფერალს მიმართავენ ინდივიდუალური შემთხვევებით, შეიძლება ეს იყოს მედიკამენტის დაფინანსება, სტაციონარული მომსახურება, გადაუდებელი შემთხვევები, ანუ ისეთი მომსახურებისთვის, რაც სხვა პროგრამებით არ ფინანსდება. ამ შემთხვევაში კი ვიცით, რომ არსებობს ტუბერკულოზისა და აივ/შიდსის პროგრამები, შესაბამისად, ამ დაავადებების სამკურნალო მომსახურებას პაციენტი რეფერალური პროგრამიდან ვერ მიიღებს, ამასთან აბაევი უშუალოდ ამ სამკურნალო პროგრამაშიც ვერ ჩაერთვება, რადგან პროგრამის მოსარგებლის კრიტერიუმს არ შეესაბამება“, - ამბობს ადამია.
ადამიას თქმით, აღნიშნული პროგრამების მოსარგებლეების განსაზღვრისას ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხელმძღვანელობენ, სადაც აღნიშნულია, რომ „პროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები“.
„მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი, ასევე არანაირი საბუთი. სამწუხაროდ, სახელმწიფოს პოლიტიკა ასეთია - პროგრამით მაქსიმალურად მოცულია ყველა პირი (სტატუსის მქონე პირი), ვინც შეიძლება, ამ პროგრამის ფარგლებში მიიღოს მკურნალობა, ამიტომ თავად პაციენტს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ რაღაც საბუთი აიღოს“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ია ყამარაული, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
ყამარაული აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეების თუ, ე.წ. ნეიტრალური მოწმობის არმქონე პირების ტუბერკულოზის მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მათ გადამდები ფორმა (მგბ+) აღენიშნებათ.
„მგბ+, ანუ გადამცემი ფორმის არსებობის შემთხვევაში ვმკურნალობთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, რადგან მათი მდგომარეობა ჩვენი მოსახლეობისთვის საზიანოა. როგორც კი გამინუსდება, ის უნდა დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და გააგრძელოს მკურნალობა, იმიტომ რომ წამლები ძალიან ძვირადღირებულია და ყველას, უცხო ქვეყნის მოქალაქის, მკურნალობის საშუალება არ არის“, - ამბობს ყამარაული.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის მიერ გაცემულ ფორმა №100-ში აღნიშნულია, აბაევს ტუბერკულოზის მგბ (-) უარყოფითი ფორმა აღენიშნებოდა, ამიტომ არ ჩართეს სამკურნალო პროგრამაში. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, აბაევის შემთხვევაში მხოლოდ ტუბერკულოზის მკურნალობა შედეგის მომცემი ვერ იქნება თუ პარალელურად მკურნალობა აივ/ შიდსზეც არ დაიწყო.
ყამარაულის თქმით, ტუბერკულოზისა და აივის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივია, პაციენტმა 20-24 თვე მაინც უნდა იმკურნალოს, შესაბამისად, მისი მკურნალობის ხარჯები ვიღაცამ უნდა აანაზღაუროს, ამიტომ პროგრამულად საჭიროა რეგისტრაციის ქონა.
1976 წელს ცხინვალის რეგიონში, სოფელ გუჯაბაურში დაბადებულმა ალექსანდრე აბაევმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის აღების თხოვნით განცხადება თბილისის იუსტიციის სახლში შეიტანა, მაგრამ სერვისების განვითარების სააგენტომ მას დოკუმენტის მიღებაზე უარი უთხრა.
აღსანიშნავია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნულ საკითხზე „ლიბერალთან" საუბარში განსხვავებულ პოზიციას გამოხატავს და ამტკიცებს, რომ სახელმწიფო მკურნალობის მისაღებად პაციენტებს ნეიტრალური მოწმობის აღება არ სჭიდებათ.
„იურიდიულად საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ მისი არალეგიტიმური დოკუმენტი საკმარისია, იმისთვის, რომ მისი იდენტიფიცირება მოვახდინო. ეს სახელმწიფოს არამარტო კეთილი ნება და ნდობის მშენებლობის პროცესის ნაწილია, არამედ ჩვენ ვალდებულებადაც აღვიქვამთ: ის ხალხი ჩვენი მოსახლეობაა და ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, შესაბამისად, შესაძლებელს ვხდით, რომ ამ დოკუმენტების გარეშე იმკურნალონ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ არ ვთხოვთ, მათ მიიღონ საქართველოს ლეგიტიმური დოკუმენტები, იმის სანაცვლოდ, რომ იმკურნალონ აქ. პირის იდენტიფიკაციისთვის საკმარისად მივიჩნევს იმ საბუთებს, რომელიც გაცემულია ჩვენთვის არაღიარებული დე ფაქტო მთავრობის მიერ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
შიდსისა და ტუბცენტრის მიერ მკურნალობაზე უარყოფითი პასუხის წერილობით მიღების შემდეგ „ლიბერალი“კომენტარისთვის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. მათგან მიღებული პასუხი კიდევ ერთხელ მიუთითებს სამინისტოების არაკოორდინირებულ მუშაობაზე.
აფხაზეთის ა/რ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ განაცხადა, რომ შიდსისა და ტუბერკულოზის სამკურნალო პროგრამებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ჩართვა ვერ ხდება, რადგან პროგრამულად მათი მკურნალობა გათვალისწინებული არაა. როგორც ზვიადაძემ „ლიბერალს" უთხრა, პაციენტმა უნდა მიმართოს მათ აპარატს და მკურნალობისთვის შუამდგომლობა მოითხოვოს.
„მომმართოს მე და დავეხმარები. მკურნალობის მიღებას სჭირდება შუამდგომლობა, ამას სჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობა. პირდაპირ რომ მიადგეს კლინიკას, თუ მკურნალობა პროგრამულად გათვალისწინებული არაა, ამას სახელმწიფო ვერ დააფინანსებს“, - ამბობს ზვიადაძე.
ალექსანდრე აბაევმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ იგი დაეკვალიანებინათ, პროცედურები აეხსნათ და შუამდგომლობის მისაღებად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან გადაემისამართებინათ, სამინისტრომ მძიმედ დაავადებული ადამიანი პროტოკოლური პასუხით და მხოლოდ სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსებით გაისტუმრა.
„ლიბერალის" ინფორმაციით, ალექსანდრე აბაევმა დახმარების თხოვნით თბილისში სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს თამაზ ბესტაევსაც მიმართა, თუმცა ამ უწყებიდანაც ანალოგიური პასუხი მიიღო. აბაევს არცერთმა უწყებამ არ განუმარტა, რჩებოდა თუ არა მკურნალობის მისაღებად სხვა გამოსავალი.
„თუ ადამიანს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პრობლემა, ღია ფორმით სისხლიანი ხველება აქვს, მას სტაციონარული მომსახურება სჭირდება და ის მიიღებს ამ მომსახურებას, მაგრამ რომ გაწერენ, შემდეგ უკვე პრობლემაა ის, რომ ამბულაროტიულად, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აღრიცხვაზე უნდა დადგეს, უნდა მიიტანოს პირადობა, შეავსოს იქ საბუთები პირადი ნორმით, გვარი სახელით, დიაგნოზით. თუ არ აქვს პირადი ნომერი, ვერ აღრიცხავთ ელექტრონულად. რაც შეეხება აივ/შიდსის მკურნალობას, რადგან ამბულატორიულია, აუცილებელია პაციენტების აღრიცხვა, მას უნდა ჰქონდეთ ნეიტრალური მოწმობა მაინც, რომ გაკონტროლდეს, პირადი ნომრით უნდა მოხდეს დარეგისტრირება. ამიტომ კეთილი ინებოს, თუ ადამიანს ხანგრძლივად ესაჭიროება აქ ცხოვრება და მკურნალობა, ან გახდეს მოქალაქე ან აიღოს ნეტრალური მოწმობა“, - გვითხრა თამაზ ბესტაევმა.
ქეთევან ციხელაშვილი კი სახელმწიფოს ზოგად მიგდომაზეც გვესაუბრება და აცხადებს, რომ, მისივე ინფორმაციით, იმ პაციენტებს, რომლებსაც თვეები და შესაძლოა, რამდენიმე წელიც დასჭირდეს მკურნალობისთვის, მედიკამენტებს ადგილზე [ოკუპირებულ ტერიტორიებზე] უგზავნიან.
ჯანდაცვის სამინისტროს კი საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია აქვს. როგორც მათ გვითხრეს, „აფხაზეთს აღარ მიაქვს სამკურნალო მედიკამენტები, მათ წამლებს რუსეთი აძლევს, ხოლო სამხრეთ ოსეთს არც არასდროს წაუღია, ისინიც მედიკამენტებს რუსეთიდან იღებენ".
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაშია (სახალხო დამცველის მიერ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ) აღნიშნული, გასულ წელს აფხაზეთში 366 486,23 ლარის ღირებულების მედიკამენტები გაიგზავნა, საუბარია ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, იმუნიზაციისა და დიაბეტის სამკურნალო წამლებზე. მათ ანგარიშში ინფორმაცია არაა მოცემული სამხრეთ ოსეთში გაგზავნილი წამლების შესახებ.
რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, 2015 წელს რეფერალური მომსახურების ფარგლებში შუამდგომლობის გაწევის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 1 537 ადამიანის განცხადება შევიდა (აფხაზეთიდან - 891, ხოლო ცხინვალიდან - 646). სამინისტროს ინფორმაციით, მათ დასაფინანსებლად 4 267 512 ლარი დაიხარჯა.
C ჰეპატიტის მკურნალობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს შეუძლიათ და, შესაბამისად, ამ შემთხვევაში მკურნალობისთვის საკმარისი არ არის ნეიტრალური მოწმობა.
აბაევის შემთხვევაში C ჰეპატიტის მკურნალობა პირველ ადგილას არ დგას, რადგან, სანამ ის ტუბერკულოზზე არ იმკურნალებს, C ჰეპატიტის მკურნალობას ვერ დაიწყებს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სადაც ომბუდსმენი აღნიშნავდა, რომ სახელმწიფომ უნდა „უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები ყველა პირის უფლებების თანაბარი რეალიზება და პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს შესაძლებლობა მისცეს, ჩაერთონ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში“.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები, განურჩევლად უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება ყველასათვის.
„სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ყველას ჯანმრთელობის უფლებას და არ შეზღუდოს კონკრეტული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის ადამიანებისათვის”, - აღნიშნავდა ომბუდსმენი.
როგორც მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, სახელმწიფო მუშაობს, რომ პროგრამამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობაც მოიცვას. მისი თქმით, რადგან პროგრამა დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსდება, ამიტომ აღრიცხვიანობის უფრო მკაცრი მოთხოვნები არსებობს.
„ამ პროგრამაში ჩასართავად საჭიროა მოქალაქეობის ქონა, არა იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ასე უნდა, ეს არის ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტები, მიბმულია გარკვეულ ჰოსპიტალებზე, ჰყავს დონორი და იმისთვის, რომ მიზნობრივად მოხდეს ამ პროგრამაში ჩართვა, აღრიცხვიანობა უნდა იყოს სწორი. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის ეს ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - ამბობს ციხელაშვილი.
დაბრკოლებები პირადობის ნეიტრალური მოწმობის ასაღებად
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალექსანდრე აბაევმა პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემაზე განცხადება თბილისის იუსტიციის სახლში შეიტანა, თუმცა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მას ამ მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა.
აღნიშნულ წერილში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიუთითებდა, რომ საქმის განხილვისას გამოვლინდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება № 133 მე-12 მუხლით არის გათვალისწინებული.
აღნიშნული ბრძანების მე-12 მუხლი პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემაზე უარის თქმის 4 საფუძველს ადგენს:
ა) პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის ნეიტრალური მოწმობა, იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
ბ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის მისაღებად წარდგენილ იქნა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ძალადაკარგული პასპორტისა);
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების საკითხზე წარედგინა უარყოფითი პასუხი;
დ) სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს წარედგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პირისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სერვისების განვითარების სააგენტო საპასუხო წერილში არ აკონკრეტებს ამ მუხლის რომელი პუნქტის საფუძველზე ეთქვა აბაევს უარი, შესაბამისად, მისთვის უცნობი დარჩა თუ რის გამო არ მისცეს მას ნეიტრალური მოწმობა და ჰქონდა თუ არა მას შესაძლებლობა სააგენტოს დადგენილი ხარვეზების გამოსწორების.
უნდა ითქვას ისიც, რომ „ლიბერალმა“ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით განცხადებით მიმართა სერვისების განვითრების სააგენტოს, სადაც მათ ვთხოვდით, დაეზუსტებინათ, მინისტრის ბრძანება № 133-ის მე-12 მუხლის რომელი პუნქტის საფუძველზე ეთქვა უარი ალექსანდრე აბაევს ნეიტრალური მოწმობის გაცემაზე და რა ფაქტობრივი გარემოება გახდა ამ პუნქტის გამოყენების საფუძველი.
სერვისების განვითარების სააგენტომ „ლიბერალისადმი“ მიწერილ წერილში განმარტა, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენდა და მისი დამუშავება დასაშვები იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისას.
მე-5 მუხლში კი აღნიშნულია, რომ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ:
ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
ე ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
ვ ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
ზ ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით, „ლიბერალმა“ სერვისების განვითარების სააგენტოს ხელახლა მიმართა, სადაც მითითებული იყო ალექსანდრე აბაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის დასადასტურებლად კი წარვადგინეთ შიდსის ცენტრის მიერ გაცემული ფორმა №100.
„ლიბერალი“ მიიჩნევდა, რომ ალექსანდრე აბაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სრულად ესადაგება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით „დ“ (მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რის მიხედვითაც მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ვინაიდან ნეიტრალური მოწმობის გარეშე პაციენტი სამკურნალო პროგრამებში ვერ ერთვება.
ამასთან, აღვნიშნავდით, რომ ალექსანდრე აბაევის შემთხვევა განხილული უნდა იყოს, ამავე კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისადაც, რის მიხედვითაც მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საჯარო ინტერესის დასაცავად.
„ლიბერალმა“ სააგენტოს ასევე წარუდგინა ალექსანდრე აბაევის თანხმობის წერილი იმის შესახებ, რომ დამუშავებულიყო მის შესახებ პერსონალური ინფორმაციის შემცველი ინფორმაცია და ის ჩვენთვის გადმოეცათ. აღნიშნული წარმოადგენს მე-5 მუხლის „ა“ (არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა) ქვეპუნქტის გათვალისწინებულ მოთხოვნას.
როგორც „ლიბერალს“ სერვისების განვითარების სააგენტოდან უპასუხეს, სააგენტომ არ გაიზიარა შეხედულება, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის გაუცემლობით არ იქნება დაცული ალექსანდრე აბაევის სასიცოცხლო ინტერესები, ასევე სააგენტო წერდა, რომ აბაევის მონაცემების დამუშავება არ არის აუცილებელი კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესების დასაცავად. უნდა ითქვას ისიც, რომ სააგენტო ამ შემთხვევებშიც არ ასაბუთებდა საკუთარ გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება აბაევის თანხმობის წერილს, სააგენტომ აღნიშნა, რომ წერილით შეუძლებელი გახდა ნების გამომხატველი პირის (ალექსანდრე აბაევის) იდენტიფიცირება [მიუხედავად იმისა, რომ აბაევის მიერ ხელმოწერილი თანხმობის წერილთან ერთად, ჩვენ წარვადგინეთ ფორმა №100 და სერვისების განვითარების სააგენტოს იმ წერილის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლითაც მათ აბაევს ნეიტრალური მოწმობის მიღებაზე უარი უთხრეს], რის გამოც „ლიბერალს“ უარი ეთქვა გამოთხოვილი ინფორმაციის მიღებაზე.
სააგენტომ აღნიშნა, რომ აბაევს მათთვის skype-ის საშუალებით უნდა დაედასტურებინა თანხმობის ნამდვილობა, თუმცა მას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და არც შესაბამის ტექნიკასთან მიუწვდება ხელი.
ასევე, როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ალექსანდრე აბაევის დეიდამ, მარინა ბეპიევამ აღნიშნა, მათ სერვისების განვითარების სააგენტოდან ტელეფონით დაუკავშირდნენ და ჰკითხეს - იყვნენ თუ არა თანახმა, რომ აღნიშნული ინფორმაცია „ლიბერალის" წერილის საფუძველზე გაეცათ. ბეპიევმა მათ ზეპირადაც დაუდასტურა თანხმობის წერილის ნამდვილობა, თუმცა მიუხედავად ამისა, სააგენტომ მაინც უარი განაცხადა ჩვენთვის ამ ინფორმაციის მოწოდებაზე.
სახელმწიფოს პოლიტიკის შეფასება
„ლიბერალთან“ საუბრისას მარინა ბეპიევა აცხადებს, რომ მკურნალობაში ჩართვასა და ნეიტრალური მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ბარიერები უარყოფითად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების განწყობაზე.
„თუ ჩვენი (საქართველოს) მთავრობა ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი არის ჩვენი ტერიტორია და ეს ხალხი ჩვენი თანამემამულეებია, ორი აზრი არ არსებობს - თუ სხვას ეკუთვნის მკურნალობა და თან უფასოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებმაც უნდა მიიღონ ასეთივე მკურნალობა. ადამიანს ამაზე მეტი რაღა უნდა სჭირდეს, რომ დახმარების ხელი არ გაუწოდო და უარი უთხრა მკურნალობაზე. ამით საკუთარ თავს ეწინააღმდეგება სახელმწიფო, როცა ამბობენ, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია, უკვე ტყუილი გამოსდით. თვითონ ისე იქცევიან, რომ თავად კრავენ ხელს მათ“, - ამბობს ბეპიევა.
გიორგი კანაშვილი, „კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ სამკურნალო პროგრამაში ჩასართავად სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ადამიანს ნეიტრალური მოწმობა აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
„რა თქმა უნდა, ამგვარი მოთხოვნები არ უნდა იყოს. თუმცა თავად არ მსმენია, რომ ვინმეს ამგვარი პრობლემები შექმნოდეს. არ გამოვრიცხავ, რომ აქამდე არ მქონია შეხება გრძელვადიან მკურნალობაზე ვინმეს პრობლემა ჰქონოდა. ზოგადად არ არის ხოლმე პრობლემა, თუმცა თუ ამგვარი მოთხოვნები არსებობს, ასე არ უნდა ხდებოდეს. თუ დასტურდება, რომ ეს ადამიანი აქ [ოკუპირებულ ტერიტორიებზე] ცხოვრობს, თუ ჩვენ მას მივიჩნევთ ჩვენს მოქალაქედ, რა მნიშვნელობა აქვს ერთჯერადი ოპერაცია სჭირდება მას თუ გრძელვადიანი მკურნალობა, მიდგომა ამ შემთხვევაშიც იმავენაირი უნდა იყოს და ამ კუთხით არანაირ დისკრიმინაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - ამბობს გიორგი კანაშვილი.
ალექსანდრე აბაევმა არაინფორმირებულობის გამო მკურნალობა ამ დრომდე ვერ დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. საბოლოოდ როგორი იქნება სახელმწიფოს რეაგირება ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ადამიანის პრობლემაზე, ეს ცნობილი იმ შემთხვევაში გახდება, თუ აბაევი შუამდგომლობისთვის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს მიმართავს. „ლიბერალი“ თვალს მიადევნებს მის ისტორიას.