Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ შეუწყვიტა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნათია გუჯაბიძეს ბინის ქირის ანაზღაურება

02 ივნისი, 2016 15:18

ნათია გუჯაბიძეს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მივლინებულ მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2008 წლის 1 იანვრიდან უნაზღაურდებოდა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის საჭირო თანხა. მას შემდეგ, რაც ნათია გუჯაბიძე კიდევ ერთხელ აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე აღარ იძებნება დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, სახელმწიფო მას ბინის ქირის ხარჯს უნაზღაურებს.

„ლიბერალი" დაინტერესდა, მოსამართლე ნათია გუჯაბიძისთვის ბინის ქირის ხარჯის ანაზღაურების შეწყვეტა უკავშირდება თუ არა „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაში აღნიშნულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2014 წელს მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ, როგორც თავად განაცხადა, არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება, რაც მიღებული პრაქტიკაა. როგორც გვარამია ამბობს, აღმოჩნდა, რომ გუჯაბიძეს ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა დედისგან, შესაბამისად, ითვისებდა ამ თანხას უკანონოდ. „ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის და თავის დროზე ამ საკითხზე მოკვლევა დაიწყო", - თქვა გვარამიამ.

აღნიშნულ საკითხზე განმარტების მისაღებად „ლიბერალმა" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურთან დაკავშირება არაერთხელ სცადა, თუმცა, ჯერჯერობით, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 

„ლიბერალი" უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილს ესაუბრა. როგორც იგი ამბობს, სადისციპლინო კანონის მიხედვით  დისციპლინური საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალურია, „არც მე და არც სხვას არ აქვს უფლება, ეს გაამჟღავნოს და თქვას, რომ ასეთი რამ მოხდა, ან არ მოხდა. ამიტომ ვერაფერს გეტყვით. დისციპლინური საქმის წარმოების პროცესი ასეთია: ჯერ იკვლევს იუსტიციის საბჭო და თუ მიიჩნევს, რომ დარღვევაა, მერე გადაეცემა სადისციპლინო კოლეგიას, რომლის გადაწყვეტილებები საჯაროა. მანამდე პროცესი კონფიდენციალურია. ამიტომ იმაზეც ვერ ვისაუბრებ, ეს საკითხი განიხილებოდა თუ არა".

„ლიბერალმა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე მოიძია ინფორმაცია, სადაც მითითებულია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, როდის დაიწყო მოსამართლე ნათია გუჯაბიძისთვის ბინის ქირის ანაზღაურება და როდის მიიღო თანხის რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ გვარამიას მიერ დასახელებული 2014 წლის ნაცვლად, გუჯაბიძისთვის ბინის ქირის ანაზღაურების გადაწყვეტილება ძალაში 2008 წლის 1 იანვარს შევიდა. 

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/202 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 27 დეკემბრის N1/119-2006 გადაწყვეტილების შესაბამისად. 2008 წლის 1 იანვრიდან -

  1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა ქათამაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მივლინებულ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მივლინეbულ მოსამართლეებს დავით ჯუღელსა და ჯემალ კოპალიანს ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის საჭირო ხარჯის ანაზღაურებისთვის გამოეყოს თვეში 300 ლარი“

ეს გადაწყვეტილება 2007 წლის 26 დეკემბრითაა დათარიღებული და ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი მდივნის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ხიზანიშვილი.

ამავე ვებგვერდზე ატვირთული სხვა დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2008 წლის 16 იანვრის „საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ მოსამართლეებისთვის გამოყოფილი თანხა 300-ის ნაცვლად 450 ლარით განისაზღვრა, ხოლო ამავე წლის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, თანხამ 500 ლარი შეადგინა.

ნათია გუჯაბიძე მოსამართლეობის მეორე ვადით 2016 წლის 4 იანვრიდან დაინიშნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ეს დოკუმენტებია განთავსებული, ატვირთულია იმ მოსამართლეების ჩამონათვალი, ვისაც 2016 წელს საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით თანხა ერიცხება. მათ შორის ნათია გუჯაბიძე აღარ ფიგურირებს მიუხედავად იმისა, რომ მას ამ პერიოდში თბილისში საცხოვრებელი ბინა არ შეუძენია. 

გუშინ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ წინააღმდეგია, მათთვის მნიშვნელოვანი საქმე თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ განიხილოს.

„მოსამართლემ რომელიც გარდა იმისა რომ თაღლითია, არის განსაკუთრებულად მოწყვლადი პროკურატურის მიმართ, როგორც ეს ხდებოდა მოსამართლე ურთმელიძის შემთხვევაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება გახდა ცნობილი რამდენიმე საათის წინ. ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე იდევნება თაღლითობისთვის საქართველოს პროკურატურის მხრიდან. საქმე ისაა, რომ 2014 წელს მას გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ, როგორც თავად განაცხადა, არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება, რაც მიღებული პრაქტიკაა. აღმოჩნდა, რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა დედისგან. შესაბამისად, იგი ითვისებდა ამ თანხას უკანონოდ. ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის და დაიწყო ამ საკითხზე მოკვლევა თავის დროზე. მაშინდელმა იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა კუბლაშვილმა მოითხოვა ამ საქმის პროკურატურისთვის გადაცემა, თუმცა იუსტიციის საბჭოს ახლად დანიშნულმა წევრებმა ამას ცხადია მხარი არ დაუჭირეს ვინაიდან ქალბატონი გუჯაბიძე ყოველთვის ასოცირდებოდა წულუკიანის გუნდთან და ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია. უფრო მეტიც, არათუ პროკურატურაში გადაგზავნაზე ეთქვათ უარი, სადისციპლინო ნაწილშიც და სადისციპლინო კოლეგიას არ გაეგზავნა ეს საქმე და ნათია გუჯაბიძეს აკმარეს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი. რითიც დგინდება, რომ დადასტურებულად ჩათვლილია ის ფაქტები, რომ ნათია გუჯაბიძე როგორც მინიმუმ ცრუობდა. სამართლებრივად თუ ვიტყვით, ნათია გუჯაბიძე თაღლითობდა და ფლანგავდა სახელმწიფოს სახსრებს. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას და ამით მიდის ზეწოლა ქალბატონ გუჯაბიძეზე. მოვუწოდებ უმაღლეს საბჭოს, გაასაჯაროოს ამ წარმოების ყველა მასალა იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

გუშინ საღამოსვე ნათია გუჯაბიძის დედამ მანანა დოლიძემ „რუსთავი 2-თან“ საუბარში დაადასტურა, რომ მართლაც ჰქონდა გაქირავებული ბინა და ფულს სახელმწიფო უხდიდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^