ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის განსახორციელებლად თბილისში დამატებით 3 დაწესებულებას გახსნის, რაც მათ საშუალებას მისცემს „ურანტის“ ბენეფიციარებს მოემსახურონ. ამის შესახებ დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, თბილისში ახალი განყოფინებები თვის ბოლოსთვის გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, განყოფილებების გახსნა ასევე იგეგმება რეგიონებში. მისი თქმით, ორი კვირის წინ ცენტრი ზესტაფონში გაიხსნა, ხოლო შემდგომ პირველი მიმართულება იქნება რუსთავში ცენტრის გახსნა.
რაც შეეხება „ურანტში“ დასაქმებულ თანამშრომლებს, ცენტრი მათ თანამშრომლობას სთავაზობს.
„ჩვენი ქვეკონტრაქტორი „ურანტის“, რომელიც 4 განყოფილებით ახორციელებდა სერვისს, ოთხივე განყოფილების თანამშრომლებს წარვუდგენთ შესაბამისს წინადადებას, რომ გააგრძელონ ჩვენთან თანამშრომლობა და მოემსახურონ იმავე ბენეფიციარებს, მათ ამის საშუალებას ვაძლევთ. არც ერთი პაციენტი არ დარჩება სერვისის გარეშე და „ურანტის“ არც ერთი თანამშრომელი - შეთავაზების გარეშე. ამ დაწესებულებაში მაღალი დონის სპეციალისტები მუშაობენ და მათ შევთავაზებთ კონკრეტულ წინადადებას“, - ამბობს კილაძე.
„ლიბერალის“ შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც ცენტრი „ურანტთან“ თანამშრომლობით ახერხებდა, რომ თბილისში ბენეფიციარებს მომსახურებოდა, რატომ გადაწყვიტა ცენტრმა ისევ თბილისში გაეხსნა ახალი ცენტრები და რატომ არ მიმართა ეს რესურსი რეგიონებში, სადაც მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრი არ არის?
კილაძე კილაძე პასუხობს, რომ რეგიონებში განყოფილების გახსნა არაა ხარჯეფექტური, კომერციული თვალსაზრისით არაა მომგებიანი.
„ჩვენ გვაქვს საქართველოს 9 რეგიონში განყოფილება, მაგრამ ერთადერთი განყოფილება, რომელიც მეტ-ნაკლებად ახერხებს, რომ იყოს რენტაბელური, არის ქუთაისის ცენტრი, თუმცა ახლა, პროგრამის ბიუჯეტის სრულად განკარგვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, რომ დოტაციური სერვისი უფრო მეტად განვახორციელოთ, ვიდრე ამას აქამდე ვახერხებდით. ვერავინ უარყოფს, რომ რეგიონებში დაფარვის სისტემა არაა საკმარისი. 20 ადამიანისთვის განყოფილების გახსნა არის ზარალი, მაგრამ როცა იქნება კონსოლიდირებული ბიუჯეტი, უკვე ამგავრი დოტაციური განყოფილებების გახსნის საშუალება ჩვენ მეტად გვექნება. პირველ ეპაზე, როგორც კი ჩვენ თბილისს მოვიცავთ, ჩვენი პირველი საზრუნავი იქნება რეგიონებში ახალი ცენტრების გახსნა", - ამბობს კილაძე.
თუ რატომ გადაწყვიტა ცენტრმა ქვეკონტრაქტორის გარეშე სერვისის მიწოდება, ამასთან დაკავშირებით კილაძე ამბობს, რომ, როდესაც ჩანაცვლებითი თერაპიის მენეჯმენტი ერთი ქოლგის ქვეშ მოექცევა, სერვისის მიწოდება გაცილებით მოქნილი იქნება.
„ჩვენი ცენტრის ბაზაზე გაგვიჩნდა შესაძლებლობა, შეგვექმნა დამატებითი განყოფილებები, რაც ქვეკონტრაქტორის დახმარების გარეშე უზრუნველყოფდა სერვისის მიწოდებას ყველა ბენეფიციარისთვის. როცა ამ სერვისს განახორციელებს ერთი ორგანიზაცია, პროგრამა იქნება გაცილებით მოქნილი, რაც განვითარების მეტ საშუალებას მოგვცემს. ჩვენ გვაქვს სრული რესურსი, რომ ეს პროგრამა მომავალი თვიდან სრულად ჩვენ განვახორციელოთ", - ამბობს კილაძე.
მისი თქმით, ცენტრის მხირდან ამ პროგრამის სრულად განხორციელება 1 მილიონ ლარამდე თანხას გამოათავისუფლებს.
როგორც კილაძემ განაცხადა, იგეგმება, რომ მეთადონის პროგრამაში ბენეფიციარების მიერ თანაგადახდის ოდენობა 110 ლარიდან 70 ლარამდე ჩამოვიდეს. მისი თქმით, ამ საკითხზე მუნიციპალიტეტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
რაც შეეხება აფხაზეთში მეთადონის პროგრამის გახსნას, კილაძე ამბობს, რომ იქ პროგრამის შეფერხება გამოიწვია აფხაზების უარმა, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს გაეკონტროლებინათ ნარკოტიკის მიმოქცევა.
„საუბარი იყო დაახლოებით 6 კილოგრამი მეთადონის გადატანაზე აფხაზეთში და იქ აი ამ ჩანაცვლებითი პროგრამის ამუშავებაზე. აფხაზეთში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომამ" წერილობით მიმართა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და ამის თაობაზე ნებართვა მოითხოვა. რეგულირების სააგენტომ უპასუხა, რომ ამ რაოდენობის მედიკამენტის მიმოქცევის ბრუნვის გაკონტროლება აფხაზეთში შეუძლებელი იყო რეგულირების შესაბამისი ორგანოების გარეშე. „თანადგომა" კი უარს აცხადებდა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ რაოდენობის მედიკამენტის გაკონტროლებაზე. ანუ აფხაზები ამბობდნენ, რომ უარს ვაცხადებთ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა გააკონტროლონ ეს ნარკოტიკის მიმოქცევა“, - ამბობს კილაძე.
კილაძის თქმით, ის „თანადგომის“ წარმომადგენელს ბერლინში შეხვდა და სთხოვა, მოეწოდებინა ინფორმაცია რეგულირების მექანიზმზე, თუ როგორ აპირებდნენ მედიკამენტის ბრუნვაზე კონტროლს და რამდენად იქნებოდა ის შესაბამისი ქართულ კანონმდებლობასთან.
„მათ თქვეს, რომ ამაზე პასუხისმგებლობას თავად იღებდნენ. მართალი გითხრათ, საკითხი დარჩა ბუნდოვანი. რანაირად შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციამ თავის თავზე აიღოს 6 კილოგრამი მეთადონის კონტროლი. რასთან დაკავშირებითაც ბატონ ლაკერბაიას განვუცხადე, რომ შემდგომში ამ პროცესების წინსვლისა და პერსპექტივის მხრივ ბევრად უკეთესი იქნებოდა პირდაპირი კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურასთან, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროსთან და არა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, „ურანტი" 6 კილოგრამი მეთადონის გადატანას და იქ ამის ბრუნვას რანაირად მოახერხებდა, გაურკვეველია“, - ამბობს კილაძე.