Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერვიუ ზურა სიხარულიძესთან: რა ბედი ელის მეთადონის პროგრამის 950 ბენეფიციარს

11 ივნისი 2016

სამედიცინო ცენტრმა „ურანტმა“, რომელიც საქართველოში მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის განმახორციელებელი ერთადერთი კერძო დაწესებულებაა, შესაძლოა ბენეფიციარებისთვის ამ სერვისის მიწოდება ვეღარ შეძლოს. „ურანტი" მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამაში სახელმწიფო შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქვეკონტრაქტორია. „ურანტი" ყოველ 2 თვეში ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილებს და აღნიშნულ სერვისს ასეთი მექანიზმით აწვდის ბენეფიციარებს. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა ივნისის თვეში ტენდერი აღარ გამოცხადა. „ურანტის“ ხელმძღვანელი ზურა სიხარულიძე „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ დაწესებულების 80 თანამშრომელი სამსახურის და 950 ბენეფიციარი კი მომსახურების გარეშე რჩება.

„ლიბერალი“ გთავაზობთ ინტერვიუს „ურანტის“ დირექტორ ზურა სიხარულიძესთან:

ბატონო ზურა, რა მიზეზი დაასახელანარკომანიის პრევენციის ცენტრმა“, რატომ არ გამოაცხადა ახალი ტენდერი?

30 ივნისს ჩვენ ხელშეკრულება გვიმთავრდება. 6 ივნისს ჩვენი თანამშრომელი სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე შევიდა და აღმოაჩნდა, რომ  მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურებაზე ახალი ტენდერი გამოცხადებული არაა. ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ გვითხრა, რომ ტენდერი აღარ გამოცხადდება, რომ დადგა ახალი რეალობა და ცენტრი „ურანტს“ ახალ პირობებს შესთავაზებს. ეს პირობა კი არის ის, რომ  ჩვენი დაწესებულება მათთან უნდა შეერთდეს. ამ პასუხის შედეგ ჩვენ შეხვედრა გვქონდა ჯანდაცვის სამინსიტროში. მათ თქვეს, რომ აღნიშნული პირობა მათთან შეთანხმებული არაა. ამასთან დაკავშირებით სამინისტროში არავინ არაფერი იცოდა. რეალურად კილაძე ცდილობს, რომ 80 თანამშრომელი და 950 ბენეფიციარი ხელმოცარული დატოვოს.

უფრო კონკრეტულად რა მოდელზეა საუბარი? რას უკავშირებთ თქვენ ამ შეთავაზებას? რატომ არის თქვენთვის ცენტრთან შეერთება მიუღებელი?

მოდელის შესახებ ჩვენ მეტი ინფორმაცია არ გავქვს. რას ნიშნავს შეერთება? ჩვენთვის ეს წარმოუდგენელია. რატომ უნდა შევუერთდეთ?! რა მიზეზით?! კილაძეს ჩვენთვის დამატებით არაფერი უთქვამს, რადგან ქვეყანაში არ იმყოფება. აბსოლუტურ გაუგებრობაში აღმოვჩნდით, იმიტომ, რომ ტენდერი არ ცხადდება, 30 ივნისს კი ხელშეკრულება გვიმთავრდება. ისიც აღსანიშნავია, რომ ყველაზე საშინელება, რაც ჩვენსა და ცენტს შორის ხდება, არის ის, რომ ტენდერი ყოველ ორ თვეში ცხადდება, რაც ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმია. თანამშრომლებს ამდენი წელია ორთვიანი ხელშეკრულებები აქვთ, თავად კი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ერთწლიანი ტენდერი აქვთ მოგებული.

თუ ჩვენი ცენტრი დაიხურება, ვერ წარმოგვიდგენია, „ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ პაციენტების ამ რაოდენობას, როგორ მიიღებს. როგორც არ უნდა გადაანაწილონ პაციენტები სხვადასხვა ცენტრში, მათთვის სერვისის მიწოდებას მაინც ვერ მოახერხებენ. ჩვენ თბილისის მასშტაბით 950 პაციენტს ვემსახურებით, ისინი კი ქვეყნის მასშტაბით - 1200-ს. ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ ვაჩუქოთ ბიზნესი. რატომ?!  

პრაქტიკულად კილაძე ქმნის მონოპოლიას. „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ დღეს გაკოტრების პირასაა. იცით, რა ხდება ფსიქიატრიაში, პაციენტებს წამლები შეუმცირეს, ექიმებს სამსახურიდან უშვებენ, ხელფასებს ვერ უხდიან, რეგიონებში კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან. უმძიმესი მდგომარეობაა ცენტრში. ჩვენთან კი განსხვავებული პირობებია, პაციენტებს უფრო კარგ პირობებს ვთავაზობთ, ასევე თანამშრომლებს. მათი პაციენტებიც ხვდებიან ამას და უკმაყოფილებას გამოხატავენ.

თქვენ ახსენეთ, რომ ცენტრს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა. რატომ უკავშირებთ ამას ტენდერის არგამოცხადებას?

ჩვენი ინფორმაციით, ცენტი გაბანკროტებულია, აქვს ვალები და მზადდება გასაყიდად. ეს შეერთება კი იმისთვის უნდათ, რომ ვიღაცამ უკონკურენტო მეტადონის პროგრამა ჩაიგდოს ხელში. რაც იქ ხდება, არის დანაშაული. ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, შეისწავლონ, რა ხდება ცენტრში, რატომ უნდათ ისევ ამ ვერტიკალისა და შავი ფულის დაბრუნება, რომელიც არსებობდა „ნაციონალური მოძრაობის" დროს, რომელსაც ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი შეეწირა. ვინც ახლა ამ გადაწყვეტილების უკან დგას, ნამდვილად შეეწირება ამ პროცესებს. არჩევნებამდე სამი თვით ადრე ყველაზე წარმატებული მინისტრითა და ყველაზე წარმატებული სამინისტროთი ასეთი უკმაყოფილება - ეს არის საბოტაჟი ხელისუფლების წინააღმდეგ. 80 ადამიანს ტოვებ უმუშევრად და 950 პაციენტს ცხვრის ფარასავით დენი სხვა დაწესებულებაში.

ამის უკან ვიღაც დგას - ვიღაც შუალედური ნაწილი, კილაძეც ამ ქვედინებებს აკონტროლებს, ეს არის ბინძური თამაში, რომელსაც ის თამაშობს. არ ვიცი, ვისი დაკვეთით. უნდა გაირკვეს, ვისი დაკვეთით ხდება ეს. სამინისტროში მისი ამ პირობის შესახებ არ იციან. რეალურად პირველი შემთხვევაა, როდესაც ისინი პროგრამიდან ჩვენს გამოდევნას ცდილობენ.

რას გულისხმობთ?

ცენტრმა გადაწყვიტა, ყველანაირი ბერკეტი გამოეყენებინა, სანამ საქმე აქამდე მივიდოდა. დეკემბერში გამოგვიგზავნა მონიტორინგის ჯგუფი. ამ ჯგუფში იყვნენ მიკრობიოლოგები და ა.შ. ადამიანები, რომლებიც შორს იყვნენ ამ დარგისგან.

ჩვენი დაწესებულებები შეისწავლეს. ხელშეკრულებაში კი გვიწერია, რომ მონიტორინგის შედეგები ჩვენთვის უნდა მოეწოდებინათ, და ჩვენ ის უნდა გაგვეთვალისწინებინა, თუ არ გავითვალისწინებდით, მაშინ ის უფლებამოსილი იყო, ჩვენთან ხელშეკრულება გაეწყვიტა.

ცენტრი ყველა ბერკეტს იყენებდა, რომ ჩვენთან ხელშეკრულება გაეწყვიტა. 20 იანვარს ჩვენთან რეგულირების სააგენტოდან მოდის კომისია და გვეუბნებიან, რომ ცენტრის მხრიდან ამ მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით საჩივარია მომზადებული, რომელიც ჩვენ არც კი გვინახავს, რასაც წესით, უნდა გავცნობოდით.

ეს კომისია 4 თვე გვამოწმებდა, წამლიდან დაწყებული ხარისხით დამთავრებული. 4 თვის თავზე დამთავრდა შესწავლა. ცენტრმა ვერ გამოიყენა ეს ბერკეტი, რადგან არანაირი  დარღვევა არ გვქონია. მინიმალური ჯარიმით დავჯარიმდით ტექნიკური უსწორობის გამო. წამალთან ან რეგულირების საკითხთან მიმართებაში არავითარი კანონდარღვევა არ ყოფილა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის შეტანა აფხაზეთშიც იგეგმებოდა. რა ბედი ელის ამ მიმართულებას?

ჩვენ და აფხაზეთში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომამ“ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით დავიწყეთ პროექტი იქ ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთში გაიხსნას ჩანაცვლებითი პროგრამა. აფხაზებს ორჯერ შევხვდით, ერთხელ - ფრანკუფრტში, მეორედ - ბერლინში. ბერლინში შეხვედრაზე, სადაც აფხაზურ მხარესთან იყო მოლაპარაკება, ლაშა კილაძემ განაცხადა, რომ „ურანტი“ ვერასოდეს ვერ განახორციელებს ამ პროგრამას და რომ ეს ცენტრს უნდა გაეკეთებინა.

აფხაზეთში უკვე გარემონტებულია ყველაფერი, და ცენტრმა ხელი შეუშალა იმას, რომ აფხაზეთში პროგრამას ფუნქციონირება დაეწყო. „ურანტი“თავის თავზე იღებდა ყველანაირ პასუხისმგებლობას. მე ორჯერ ვიყავი სოხუმში, შევხვდი ყველას ვისაც კი შეიძლებოდა. ამას კვლავ კილაძემ შეუშალა ხელი. ჩემი აზრით, კილაძემ ეს მოლაპარაკებები ჩაშალა.

იქაური მხარე თანახმა იყო, რომ ქართულ მხარეს იქ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ასეთი პროგრამა განეხორციელებინა. მომზადებული გვქონდა ყველა დოკუმენტი. ჩავედით ადგილზე, ჩავატარეთ ტრენინგები, მოვამზადეთ შენობა, და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოხდა ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

ამასთან, აფხაზების პირობა იყო - თუ იქ რამე განხორციელდებოდა, ეს არ უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან. რეალურად აფხაზეთი თანახმა იყო, ქართული კვოტით ესარგებლა. კილაძე კი საკუთარი ვიწრო ინტერესების გამო ასე იქცევა.

როგორ გადაწყდა ზესტაფონში მეტადონის პროგრამის გახსნის საკითხიოფიციალური განცხადებით, იქ ცენტრის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა.

ზესტაფონში „ურანტის" ცენტრი ვერ გაიხსნა და ამის რეალური მიზეზი მოსახლეობის პროტესტი არ იყო. როდესაც ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე სახელმწიფო  ტენდერს აცხადებს, იქ არის ასეთი პირობა, რომ ტენდერის განმახორციელებელს განყოფილება რეგიონშიც უნდა ჰქონდეს. ვინაიდან რეგიონებში მსგავსი პროგრამა მხოლოდ ნარკომანიის პრევენციის ცენტრს აქვს, ამ ტენდერში სხვა ვერავინ მონაწილეობს. ერთპიროვნულად მხოლოდ პრევენციის ცენტრი ხდება სერვისის მიმწოდებელი. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ რეგიონში პროგრამას გავხსნიდით, ტენდერში მონაწილეობის საშულება ისევ მოგვეცემოდა. შესაბამისად, ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა ყველა ღონე იხმარა, რომ რეგიონში განყოფილება არ გაგვეხსნა. ამით ტენდერში მონაწილეობის თეორიული შანსიც დავკარგეთ. რეალურად მთავარი მიზეზი, რატომ ვერ გაიხსნა  ცენტრი, სწორედ ესაა.

ზოგადად დარგში ამ კუთხით ყოველთვის პრობლემა იყო. 2005 წლიდან მოყოლებული ნარკოლოგიის ინსტიტუტის პირობებშიც საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშ ვიყავით. 2008 წელს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივით, შეიქმნა ახალი სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც პროგრამაში მონაწილეობა ყველამ მიიღო, მათ შორის  ნარკოლოგიის ინტიტუტმა.

ნარკოლოგიის ინსტიტუტში ნიშნავდნენ პირებს, რომლებიც არავითარ შეხებაში არ იყო დარგთან. გელა ლეჟავას გათავისუფლების შემდეგ ინსტიტუტის ხელმძღვანელად დანიშნეს ჩვენთვის გაურკვეველი, დარგისგან აბსოლუტურად შორს მდგარი - მამუკა ლეჟავა, რომელიც იყო ფარმაცევტი. შემდეგ ხდება ის, რომ ხდება ნარკოლოგიის ინსტიტუტისა და ასათიანის ტერიტორიების გაყიდვა. მალე ამაში ერთვება შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვანო მერაბიშვილი. ვანო მერაბიშვილის უწყება ქავთარაძის 21-ში სწრაფი ტემპებით შენობის გარემონტებას იწყებს, სადაც გადადის ფსიქიატრიის ინსტიტუტი და ნარკოლოგიის ინსტიტუტი.

ეს პროგრამა მაინც რჩებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრში, მაგრამ როგროც კი პრევენციის ცენტრის მენეჯმენტი შეიცვალა, ვინაიდან ბატონი მამუკა ლეჟავა ბატონი კაკო გამყრელიძის (დაავადებათა კონტროლის და საზოგადოების ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე) პროტეჟე იყო, ეს პროგრამა გადავიდა ისევ ნარკოლოგიის ინსტიტუტის დაქვემდებარებაში და აქ დაიწყო ისევ პრობლემები, რომელიც დღემდე გრძელდება.

ეს ყველაფერი ხდებოდა ვაუჩერული სისტემით, თუმცა პროგრამაში არცერთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია არ მონაწილეობდა. შეიქმნა ვერტიკალი, რომელშიც იყო ნარკოლოგიის ინსტიტუტი და სოციალური სააგენტო, სამინისტროს მაღალჩინოსნები, მაშინ იყო ასეთი ვერტიკალი, და საკმაოდ დიდი თანხები იყო მობილიზებული. კაკო გამყრელიძის გარდაცვალების შემდეგ მის ადგილას დაინიშნა კარდიოლოგი ირაკლი გამყრელიძე, რომელიც აბსოლუტურად შორს იყო დარგისგან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე მივმართე პრემიერ-მინისტრს დაინტერესდეს დარგში არსებული პრობლემებით და დაიცვას კერძო კლინიკა ასეთი უსამართლო და საშიში გადაწყვეტილებისგან, ვინაიდან ეს არის არჩევნების პერიოდში სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული შეგნებული საბოტაჟი.

ინტერვიუს ჩაწერის დროს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე საქართველოში არ იმყოფებოდა. „ლიბერალი" მოგვიანებით გთავაზობთ მის პოზიციას.

ნარკომანიის ცენტრი თბილისში 3 დაწესებულებას ხსნის, რომელიც ყველა ბენეფიციარს მიიღებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^