Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერკელი: საქართველო ვიზალიბერალიზაციას შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში მიიღებს

15 ივნისი, 2016 17:02

„ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი ვიზალიბერალიზაციისთვის. დღეს ლაპარაკია იმაზე, როდის მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში, ამას არ აქვს მაინცდამაინც საქართველოსთან უშუალო კავშირი. თუკი ამ საკითხთან სირთულეები წარმოიქმნა, თუკი რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს ევროკავშირში, როგორც მაგალითად სერბეთთან გვქონდა შემთხვევა გასულ წელს, ამის გამეორება არ გვინდა. ამიტომ ვისწრაფვით შეჩერების მექანიზმისაკენ. ეს საკითხი ახლა ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და იმედი მაქვს, ეს ძალიან მალე მოხდება და გაიმართება კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე“, - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან  შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრამდე,  გასულ კვირას მას უკვე ჰქონდა სატელეფონო საუბარი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს პრემიერთან.

როგორც გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, გრძელ ვადაზე საუბარი არ არის და ეს მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესია მხოლოდ.

„ევროპარლამენტი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელია, მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის იმისათვის, რომ განხილვის პროცესი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. გერმანია არ შეეწინააღმდეგა ევროკომისიის დასკვნას იმის შესახებ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი ვიზალიბერალიზაციის მისაღებად და შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღება“, - ამბობს მერკელი.

გერმანიის კანცლერმა საქართველოს ბოლო წლების მიღწევები დადებითად შეაფასა და მის პერსპექტიულობაზე ისაუბრა.

„ივნისი ძალიან ინტენსიური იყო ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის. პრეზიდენტიც ჩამოდის და პარლამენტის თავმჯდომარე უკვე იყო ჩამოსული, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის ასევე თბილისში. საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წელს ჩვენ კარგი მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და დღევანდელი შეხვედრაც ამ სულისკვეთებით წარიმართა. კარგია, რომ 2017 წელი გამოცხადდა ქართულ-გერმანული მეგობრობის წლად. 2018 წელს საქართველო იქნება წარმოდგენილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, როგორც სტუმარი ქვეყანა და ეს ბევრ გერმანელს მისცემს საშუალებას, გაიცნოს ქართული კულტურა, ქართველი მწერლები. გერმანია თანამშრომლობს საქართველოსთან როგორც ევროკავშირის, ასევე ერთობლივი პროექტების ფარგლებში. ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალყურს ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას საქართველოში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი საფუძველია იმისათვის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები გერმანულ საწარმოებთან გაუმჯობესდეს. განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები გვაქვს მშენებლობის სფეროში, მაგრამ შეგვიძლია ისინი კიდევ უფრო გავაფართოვოთ და გავამყაროთ. გერმანიაში ჯერ, ალბათ, კარგად არ იცნობენ, რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ, თუკი შევხედავთ მსოფლიო რეიტინგებს კონკურენტუნარიანობისა და გამჭვირვალობის, რაშიც საქართველოს შესანიშნავი წარმატებები ჰქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე. ვხედავთ, რომ ეკონომიკური კონტაქტები საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაიზარდა და გვიხარია რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან ურთიერთობაში. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას  და ამაში ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას ჟენევის ფორმატში წარმატებების მისაღწევად“, - ამბობს მერკელი.

გერმანიის კანცლერმა NATO-სთან დაკავშირებით შეკითხვასაც უპასუხა.

„რაც შეეხება NATO-ს, ჩვენ ვიპოვეთ კარგი გადაწყვეტილება, შევქმენით პაკეტი საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოსთან კარგად ვთანამშრომლობთ ავღანეთთან დაკავშირებით. ვარშავაში ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა დამატებითი საშუალებები არსებობს NATO-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.  

[ანგელა მერკელის გამოსვლის თარგმანი: საქართველოს  საზოგადოებრივი მაუწყებელი].

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმს, იგი ევროკავშირში უკვე არსებობს, თუმცა ამჟამად მუშაობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის შექმნაზე მიმდინარეობს. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ევროკავშირი მიგრანტების კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

თურქეთი საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოსთან ერთად ერთ-ერთი აპლიკანტი ქვეყანაა, რომელსაც ვიზალიბერალიზაციის მიღება სურს. მიგრანტთა ნაწილი ევროკავშირში სწორედ თურქეთის სანაპიროებიდან ხვდება. თურქეთის მოსახლეობა 72 მილიონია და ვარაუდობენ, რომ შეჩერების გამარტივებულ მექანიზმზე მუშაობა ევროკავშირმა სწორედ, თურქეთის და მიგრაციის მოსალოდნელი ჭარბი ნაკადების გამო დაიწყო.

კვირიკაშვილი: საქართველო-გერმანიას შორის მაღალი დონის საპოლიციო თანამშრომლობაა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^