
2 გრ ექსტაზის (MDMA) შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებული კოტე ჯაფარიძის მეგობრები საქართველოს პრეზიდენტს მის შეწყალებას სთხოვენ. როგორც კოტე ჯაფარიძის მეგობარი დალი ჩიტალაძე ამბობს, ხელმოწერებს აგროვებენ და აპირებენ მიმართონ პრეზიდენტს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს.
„კოტე ჯაფარიძის შემთხვევა ქვეყანაში არ არის ერთადერთი, კოტე არის ერთ-ერთი მათ შორის, რომელიც სახელმწიფოს არასწორი ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია. სახელმწიფოს უნდა შევახსენოთ, რა არის მისი როლი, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე, ეს არის ადამიანის თავისუფლების, სიცოცხლის დაცვა. ამიტომ ჩვენ ვერთიანდებით და ვაგროვებთ ხელმოწერებს, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს“, - ამბობს დალი ჩიტალაძე.
30 მაისს 22 წლის კოტე ჯაფარიძეს 2 გრ ექსტაზის (MDMA) შეძენა-შენახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25 000 ლარის ჯარიმა და 5 წელი პირობითი სასჯელი დააკისრა.
„პატიმრობა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ჩემი მომდევნო წლების ცხოვრებაზე, მიზნებზე, რაც დასახული მქონდა ამ პერიოდში. ძალიან დამხევს უკან“, - ამის შესახებ კოტე ჯაფარიძე სასამართლო პროცესამდე 2 საათით ადრე „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ საუბრისას განაცხადა.
„მე ვარ დაჭერილი 2 გრამი ექსტაზის გამო, ეს იმდენად მცირეა, რომ ამის გამო ადამიანის დასჯა არის ადამიანის ჩაგვრა, უსინდისო ჩაგვრა და ტერორი... გამოშვებული ვარ გირაოთი. გადავიხადე 20 000 ლარი. გზის სამშენებლო პროექტში ხარისხის კონტროლის სპეციალისტად ვმუშაობდი, ვგეგმავდი, ეს თანხა ჩემი შრომით, ჩემი ხელფასით გადამეხადა, ახლა კი ყველაფერი უკვე უნდა გადატყდეს ჩემი ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, თუ გირაოს არ გადავიხდიდი, მომიწევდა მინიმუმ 8 წლით ციხეში წასვლა“, - აღნიშნავდა კოტე ჯაფარიძე ვიდეოში.