სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილება ყარამანიშვილების წარმომადგენელის, ზაზა ბიბილაშვილის მდივანს შეაჩეჩეს ხელში, - ამის შესახებ „ლიბერალთან“ საუბრისას „რუსთავი 2-ის“ ადვოკატი თამთა მურადაშვილი აცხადებს.
მურადაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა ყარამანიშვილების მხარისთვის დღეიდან დაიწყო. უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების ვადა კი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღეა.
„ლიბერალთან“ საუბრისას მურადაშვილი განმარტავს, რომ კანონის თანახმად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილის მოსამზადებლად არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღე ჰქონდა, მიუხედავად ამისა, მათ დასაბუთება 12 დღეში მოამზადეს.
„გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 10 ივნისს გამოგვიცხადეს, დასაბუთებული ნაწილი კი უნდა ჩაგვებარებინა არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, ამ ვადებში თავად ჩვენ უნდა მივსულიყავით სასამართლოში, სასამართლოში მისვლას და ასლის წამოღებას კანონი გვავალდებულებს. მათ კი 12 დღის ვადაში თავად გამოგვიგზავნეს გადაწყვეტილება.
სასამართლოს მინიმუმ 20 დღე უნდა ჰქონდეს, რომ დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ანუ 20 დღემდე არ უნდა მიაკითხო მათ. წარმომადგენლი ვალდებულია, 21-დღიდან 30 დღემდე მიაკიუთხოს სასამართლოს. ხოლო თუ არ მიაკითხავ სასამართლოს, ვადა აითვლება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღიდან“, - ამბობს მურადაშვილი.