ბრიტანეთის გადაწყვეტილების პასუხად, რომელიც ქვეყანამ გუშინ რეფერენდუმის გზით მიიღო და რომლის შედეგადაც მათ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი, ქვეყნის პრემიერმა, დევიდ კემერონმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
რეფერენდუმის საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე კემერონმა დაუნინგ სტრიტზე გადადგომის შესახებ განაცხადა.
როგორც თავად ამბობს, ეცდება შეინარჩუნოს სწორი კურსი მომავალი კვირებისა თუ თვეების განმავლობაში, ოქტომბრიდან კი მისი ადგილი ახალმა სახემ უნდა დაიკავოს.
დევიდ კემერონი მოსახლეობას აფრთხილებდა, გასვლის შემთხვევაში ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების მხრივ სავარაუდო პრობლემების შესახებ და დარჩენისკენ უბიძგებდა, თუმცა ბრიტანეთმა 52%-ით მაინც ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი.
გადადგომის შესახებ განცხადებაში კემერონმა აღნიშნა, რომ „დიდ გადაწყვეტილებებს უნდა დაუპირისპირდე და არა ჩაძირო ისინი“.
„მე ვიბრძოდი ამ კამპანიის წინააღმდეგ ისე, როგორც მწამდა და ვიცოდი,. პირდაპირ რომ გითხრათ, რასაც ვგრძნობდი და ვფიქრობდი, რასაც გული და სული მკარნახობდა ვიქცეოდი ისე, არაფერი დამიზოგავს. ჩემი რწმენის შესახებ, რომ ბრიტანეთი ბევრად ძლიერი, დაცული და მყარი იქნებოდა ევროკავშირის შემადგენლობაში, ყველამ იცოდა და ეს რეფერენდუმი წყვეტდა სწორედ ამას და არა რომელიმე პოლიტიკოსის ბედს, მათ შორის ჩემსას. ბრიტანელმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და აირჩია განსხვავებული გზა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ამ მიმართულების გასაძღოლად ახალი ლიდერი დასჭირდებათ.
ამ ეტაპზე კი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირთან ახალი ურთიერთობებისთვის. ეს მოითხოვს შოტლანდიის, უელსის, ჩრდილო ირლანდიის მთავრობების სრულ ჩართულობას. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბრიტანეთის ყველა ნაწილი დაცული და შემდგარია. ამის შემდეგ საჭირო იქნება ძლიერი და თავდადებული წინამძღოლი. მე კი ამაყი ვარ რომ 6 წლის განმავლობაში ვიყავი ამ ქვეყნის ლიდერი. ვიმედოვნებ, ამ დროის განმავლობაში დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ“, - მიმართა ბრიტანეთს გადადგომის შესახებ განცხადებაში დევიდ კემერონმა.
ინგლისმა და უელსმა მტკიცედ მიიღეს ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც შოტლანდიამ და ჩრდილო ირლანდიამ დარჩენას მისცეს ხმა.
ბრიტანეთში ნაწილი დღევანდელ დღეს დამოუკიდებლობის დღეს უწოდებს, ნაწილი კი - კატასტროფას.
გირვანქა სტერლინგი უკვე დაეცა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დოლართან მიმართებაში, 1985 წლის შემდეგ.
„ინგლისის ბანკი მზად არის ბაზრის არასტაბილურობისთვის“, - აცხადებს ინგლისის ბანკის მმართველი მარკ კერნი. მისივე თქმით, რყევა მოსალოდნელია, თუმცა ყოველგვარი ძვრებისთვის მომზადებულები არიან.
მისი შეფასებით, განსაზღვრული დრო იქნება საჭირო იმისათვის, რომ ბრიტანეთმა ახალი ურთიერთობები დაამყაროს ევროკავშირსა და დანარჩენ მსოფლიოსთან.
„ინგლისის ბანკს მერყევი პოზიცია არ ექნება, მიიღოს დამატებითი ზომები ბაზრის დასარეგულირებლად“, - დაამატა მან.