Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვერ მივიღებთ შეღავათებს ბრიტანეთისთვის" - დომინოს ეფექტის შიში ევროპელ ლიდერებში

24 ივნისი, 2016 16:07

ევროკავშირის ლიდერები სტაბილურობისა და სოლიდარობისკენ და, ამავდროულად, სწრაფი ცვლილებებისა და რეფორმებისკენ მოუწოდებენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დოლანდ ტუსკი აცხადებს, რომ დანარჩენი 27 ქვეყანა მოტივირებულია, ერთად დარჩეს.

ამასობაში კი იტალიის პრემიერი მატეო რენცი ევროკავშირის ცვლილებების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ორგანიზაცია „უფრო ჰუმანური და სამართლიანი უნდა გახდეს“.

ბრიტანეთმა რეფერენდუმის გზით 52%-იანი უმრავლესობით 43 წლის შემდეგ ევროკავშირის დატოვება აირჩია. ამას მოჰყვა პრემიერის განცხადება გადადგომის შესახებ.

მსოფლიო საფონდო ბირჟებზე მალევე აისახა ახალი ამბავი და ფუნტი სტერლინგის ფასი დრამატულად დაეცა.

ევროპარლამენტმა ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების შესაფასებლად მომდევნო სამშაბათისთვის საგანგებო სესია მოიწვია, ხოლო ევროკავშირის 6 დამფუძნებელი ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, იტალიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ ბერლინში შეხვდებიან.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთმა ლიდერმა (მათ შორის, ფრანსუა ოლანდმა) უკვე გამოთქვა თავისი მოსაზრებები.

რეფერენდუმის შედეგები შეაფასეს, აგრეთვე: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟან-კლოდ იუნკერმა და დანიის პრემიერმა, მარკ რუტტემ.

თავიანთ განცხადებებში ისინი სინანულს გამოხატავენ ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, თუმცა, ამავდროულად, პატივს სცემენ მათ არჩევანს და ხაზს უსვამენ, რომ 27 წევრი ქვეყნის კავშირი გაგრძელდება.

ამასობაში ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსები ევროკავშირის წინააღმდეგ უკვე ხმამაღლა იწყებენ ლაპარაკს და ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს იშველიებენ.

ბრიუსელში განწყობა დამძიმებულია. Brexit-ის შედეგებმა განგაშის ზარებს ჩამოკრა, რაც იმის გამაფრთხილებად ჟღერს, რომ ევროკავშირის ეს ფორმა აღარ მუშაობს.

ევროკავშირის ლიდერები მოითხოვენ, ბრიტანეთმა „რაც შეიძლება მალე დატოვოს მათი შემადგენლობა, მიუხედავად იმისა, როგორი მტკივნეული იქნება ეს პროცესი. ნებისმიერი სახის გაჭიანურება უბრალოდ გაახანგრძლივებს გაურკვევლობის განცდას“.

ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი შიშობს, Brexit-მა დომინოს ეფექტი არ გამოიწვიოს, რაც უკვე ორგანიზაციის არსებობას შეუქმნის საფრთხეს. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ამბობს, რომ ყველა შესაძლო ღონეს უნდა მიმართონ დანარჩენი ქვეყნების წასვლის თავიდან ასაცილებლად. ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პარტიების ლიდერებმა საფრანგეთში, ჰოლანდიასა და იტალიაში უკვე მოითხოვეს რეფერენდუმის გამართვა თავიანთ ქვეყნებში.

„ახლა ისტერიული რეაქციების დრო არ არის. მე მონდომებული ვარ, ჩვენი კავშირი 27 წევრიანად შევინარჩუნო“, - აცხადებს დონალდ ტუსკი.

ევროსკეპტიკოსების კვალდაკვალ კეთდება ევროკავშირის მიმართ სოლიდარული განცხადებებიც.

ესტონეთის პრემიერი ტაავი როივასი ამბობს, რომ „უნდა ვიმუშაოთ მეტი, რათა არ დავკარგოთ ევროკავშირის ერთობა“.

პორტუგალიის პრეზიდენტ, მარჩელო რებელო დე სოუზას თქმით, „ევროპული პროექტი ინარჩუნებს მნიშვნელობას იმ ღირებულებების დასაცავად, რაც ჩვენს საერთო იდენტობას განსაზღვრავს“.

დანიის პრემიერმა ლარს ლოეკე რასმუსენმა ხაზი გაუსვა, რომ მისი „ქვეყანა ეკუთვნის ევროკავშირს“.

ჩეხეთის პრემიერის, ბოჰუსლავ სობოტკას განცხადებით კი, „მიუხედავად იმ დიდი იმედგაცრუებისა, რასაც ჩვენ ყველა განვიცდით, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არ არის სამყაროს დასასრული და ეს აბსოლუტურად არ არის ევროკავშირის დასასრული“.

გერმანია კი ამასობაში ბრიტანეთის მიმართ მკაცრ ზომებს მოითხოვს.

„ვერ მივიღებთ რაიმე შეღავათებს ბრიტანეთისთვის. წასვლა ნიშნავს წასვლას. დრო ამოეწურათ“, -  აცხადებს ანგელა მერკელის პარტიის წევრი ევროპარლამენტარი მანფრედ ვებერი.

ბრიტანეთი ევროკავშირს, კემერონი კი პრემიერის პოსტს ტოვებს - რა მოიტანა რეფერენდუმმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^