სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურაია თანამდებობიდან გაათავისუფლა. უჩა ნანუაშვილმა გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი 8 ივლისს მოაწერა. ბრძანების მიხედვით, ჭანტურაია დისციპლინური გადაცდომის გამო გაათავისუფლეს. მანამდე მის მიმართ დისციპლინური დევნა სხვა საკითხზეც იყო დაწყებული, რისთვისაც გაფრთხილება გამოუცხადეს. ილია ჭანტურაიამ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. მან სასამართლოს აპარატის თანამშრომლების პრემიების, გაცდენებისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. ასევე - ერთ-ერთი პატიმრის განცხადება სახალხო დამცველისადმი.
სახალხო დამცველმა „ლიბერალთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ჭანტურაიას მიმართ სასამართლოში წარდგენილ ინფორმაციაზე დაიწყო დისციპლინური წარმოება. შეიქმნა კომისია, რომელმაც დაადასტურა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ორი ფაქტი.
ომბუდსმენის თქმით, პირველი ეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას, მოქმედი კანონმდებლობით მკაცრად დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ.
„აღმოჩნდა, რომ მას არ ჰქონდა მკაცრად გააზრებული დამოკიდებულება თავის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე: არასამსახურებრივი მიზნებისთვის არ შეიძლება სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება. რეალურად ის თავის პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს იმ პოზიციაზე, რომელზეც მას უხდებოდა მუშაობა. მას კანონით ევალებოდა კონფიდენციალობის დაცვა, მათ შორის - პატიმართა განცხადებების. მან არა მხოლოდ პრემიების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა (მხოლოდ ამაზე რომ საუბრობს), არამედ - პატიმრის განცხადებები, სამსახურში თანამშრომელთა გამოცხადების შესახებ მონაცემები, ბიულეტენის, შვებულებების მონაცემები, კალენდრიდან სხვა პირთა ანგარიშები და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია.
ილია ჭანტურაიამ პატიმრის განცხადება (ისე, რომ მას ოფიციალურად არ გამოუთხოვია აპარატიდან), ასევე მის ხელთ არსებული და სხვა გზებით მოპოვებული ინფორმაცია - თავისი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. პატიმრის განცხადების დაცვა სწორედ მისი ვალდებულება იყო.
შესაბამისად, ადამიანს, რომელსაც ასეთი პოზიცია უკავია და ათასობით მოქალაქის, მათ შორის პატიმრების კონფიდენციალურ ინფორმაციაზეა პასუხისმგებელი, არ აქვს გააზრებული პირადი პასუხისმგებლობა. მან სასამართლოში გამოიყენა ინფორმაცია, რომელიც კანონით დადგენილი წესებით არ ჰქონდა მიღებული“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
ჭანტურაია კი ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოში თავისი უფლების დაცვის მიზნით წარადგინა. ასევე იმის დასამტკიცებლად, რომ სახალხო დამცველი არათანაბრად უდგებოდა ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფ პირებს, „რაც დისკრიმინაციის პირდაპირი ნიშანია“.
„პრემიების ინფორმაციაში ჩანდა, რომ ის ყველა თანამშრომელს, გარდა ჩემი და კიდევ ერთი პირისა, რომლის მიმართაც ასევე იყო დისციპლინური პასუხისმგებლობა გამოცხადებული, პრემია არ ჩაერიცხათ. კალენდრიდან აღებული ინფორმაციით კი დასტურდება ის, რომ აპარატში არის გადაცდომები, თანამშრომლები თავის დროზე არ მოდიოდნენ სამსახურში, მათ შორის დეპარტამენტის უფროსები, რომლებიც ძალიან ხშირად საპატიო მიზეზის გარეშე აგვიანებენ ხოლმე. ამ დოკუმენტებით ჩანს, რომ ისინი ხშირად იგვიანებდნენ, ისე, რომ მათ მიმართ არანაირი სანქციები არ გამოიყენებოდა ხოლმე. სხვა თამაშრომელზე კი ყოფილა შემთხვევები, რომ დაგვიანების გამო დისციპლინური ჰქონდათ გამოცხადებული. ამ დოკუმენტების წარდგენა მე მჭირდებოდა იმის დასადასტურებლად, რომ სხვადასხვა პირს, ვინც ომბუდსმენსა და მის მოადგილესთან დაახლოებულნი არიან, თანამშრომლებს უდგებოდნენ სხვადასხვაგვარად“, - ამბობს ჭანტურაია.
რაც შეეხება ამ დოკუმენტების მოპოვებას, ჭანტურაია ამბობს, რომ მას ხელი მიუწვდებოდა ყველა იმ ინფორმაციაზე, რაც სასამართლოში წარადგინა. ასევე აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის მიღებისთვის აპარატიდან მათი დამატებითი გამოთხოვა არ სჭირდებოდა.
„ეს ინფორმაცია, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის თანახმად დავამუშავე. სახალხო დამცველი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივად ხელი მიმიწვდებოდა გარკვეულ ინფორმაციაზე, მე ის ჩემი ინტერესებისთვის გამოვიყენე, რაც არასწორია და საკითხი ასე არ უნდა შეფასდეს, ვინაიდან მე ვიყავი პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი. სახალხო დამცველი ამბობს, რომ მე სასამართლოში წასაღები ინფორმაცია უნდა გამომეთხოვა, თუმცა თუ გამოვითხოვდი, ამ ინფორმაციის დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი ისევ მე ვიყავი, ანუ მე უნდა მიმემართა სახალხო დამცველისადმი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, რომელზეც ისევ მე უნდა მემუშავა“, - ამბობს ჭანტურაია.
მისი თქმით, თუ მის მიერ წაღებული დოკუმენტი კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ იყო მოპოვებული, ამაზე ნებისმიერ შემთხვევაში იმსჯელებს სასამართლო და „სასამართლო იტყვის, იყო თუ არა ეს კანონსაწინააღმდეგო გზებით მოპოვებული“.
რაც შეეხება პატიმრის განცხადებას, ჭანტურაია ამბობს, რომ მას ხელი ამაზეც მიუწვდებოდა. „ეს დოკუმენტები მე დამჭირდა იმის სამტკიცებლად, რომ აპარატში თანამშრომლების მიმართ განსხვავებული მიდგომები არსებობს“, - ამბობს ის.
ჭანტურაიას გათავისუფლებას ასევე საფუძვლად დაედო სტუდია „მონიტორის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ჩანაცველების პროცედურები. უჩა ნანუაშვილის თქმით, კომისიამ დაადგინა, რომ მან, ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამიდან წაშალა დოკუმენტი და ის სხვა დოკუმენტით ჩაანაცვლა. „ესეც იყო, რა თქმა უნდა, მოქმედი რეგულაციების დარღვევა“.
ჭანტურაია ამბობს, რომ მან თავად განმცხადებლის მოთხოვნით ჩაანაცვლა წერილი.
„ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევა იქნებოდა, ეს უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონკრეტულ რეგულაციას და დებულებას, ვერც ერთ რეგულაციას ვერ მაჩვენებს სახალხო დამცველი, სადაც ჩანაცვლებით ეს წესი დავარღვიეთ. საქმისწარმოების წესებიც გვაქვს, რომელსაც ასევე არ ეწინააღმდეგებოდა ამგვარად ჩანაცვლება. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და არაერთხელ მომხდარა ასე“, - ამბობს ჭანტურაია.