სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურაია თანამდებობიდან გაათავისუფლა. უჩა ნანუაშვილმა გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი 8 ივლისს მოაწერა. ბრძანების მიხედვით, ჭანტურაია დისციპლინური გადაცდომის გამო გაათავისუფლეს. „ლიბერალთან“ სახალხო დამცველი ჭანტურაიას გათავისუფლების მიზეზებზე, ასევე სახალხო დამცველის აპარატის მიერ 105 000 ლარად ღირებული Mercedes-Benz GLA-ის შეძენაზე, მის დანიშნულებასა და „ლიბერალის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის საკითხზე საუბრობს.
ბატონო უჩა, რა გახდა ილია ჭანტურაიას გათავისუფლების მიზეზი?
ილია ჭანტურაია იყო საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი, ამავე დროს ის იყო საჯარო ინფორმაციის, პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. მის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება. შეიქმნა კომისია, რომელმაც დაადასტურა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ორი ფაქტი. პირველი ეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას მოქმედი კანონმდებლობით მკაცრად დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ. აღმოჩნდა, რომ მას არ ჰქონდა მკაცრად გააზრებული დამოკიდებულება თავის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე: არასამსახურებრივი მიზნებისთვის არ შეიძლება სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება. რეალურად ის თავის პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს იმ პოზიციაზე, რომელზეც მას უხდებოდა მუშაობა. მას კანონით ევალებოდა კონფიდენციალობის დაცვა, მათ შორის - პატიმართა განცხადებების. მან არა მხოლოდ პრემიების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა (მხოლოდ ამაზე რომ საუბრობს), არამედ - პატიმრის განცხადებები, სამსახურში თანამშრომელთა გამოცხადების შესახებ მონაცემები, ბიულეტენის, შვებულებების მონაცემები, კალენდრიდან სხვა პირთა ანგარიშები და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია.
ილია ჭანტურაიამ პატიმრის განცხადება (ისე, რომ მას ოფიციალურად არ გამოუთხოვია აპარატიდან), ასევე მის ხელთ არსებული და სხვა გზებით მოპოვებული ინფორმაცია - თავისი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. პატიმრის განცხადების დაცვა სწორედ, მისი ვალდებულება იყო.
შესაბამისად, ადამიანს, რომელსაც ასეთი პოზიცია უკავია და ათასობით მოქალაქის, მათ შორის პატიმრების კონფიდენციალურ ინფორმაციაზეა პასუხისმგებელი, არ აქვს გააზრებული პირადი პასუხისმგებლობა. მან სასამართლოში გამოიყენა ინფორმაცია, რომელიც კანონით დადგენილი წესებით არ ჰქონდა მიღებული.
ჩვენ ხელთ გვაქვს მოხსენებითი ბარათი, რომელიც თქვენმა პირველმა მოადგილე პაატა ბელთაძემ თქვენს სახელზე დაწერა. აქ ის აღნიშნავს, რომ ჭანტურაიას „მისი სამსახურებრივი ფუნქციებიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტებზე“. რაც შეეხება პერსონალურ ინფორმაციას, პაატა ბელთაძის წერილის თანახმად, ჭანტურაიამ ეს ინფორმაცია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის შემდეგ გასცა.
ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლოა, მას ჰქონდა გარკვეულ დოკუმენტებზე წვდომა, მაგრამ მას უნდა დაეცვა კონფიდენციალობა. ამგვარი ინფორმაციის გამოყენება პირადი მიზნებისთვის არ შეიძლება. ეს არის კანონის ელემენტარული მოთხოვნები, რომელიც უნდა იყოს დაცული. მან ის სწორედაც რომ არ დაიცვა. დოკუმენტების რაღაც ნაწილი ნამდვილად ჰქონდა, ნაწილი არ ვიცი, რა გზებით [მოიპოვა].
იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტი არ იყო წინააღმდეგი, რომ მის შესახებ ინფორმაცია ჭანტურაიას გაეცა, ეს არის დარღვევა?
თუ, რა თქმა უნდა, იქნებოდა თანხმობა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამ შემთხვევაში იქ თანხმობის გარეშე ათეულობით თანამშრომლის შესახებაა ინფორმაცია.
იყო თუ არა აქამდე თქვენთვის ცნობილი, რომ ამ საკითხზე თანამშრომლების თანხმობა იყო?
იქ არის წარდგენილი დოკუმენტები, სადაც ყველა თანამშრომლის სახელი და გვარია. და ჩემთვის უცნობია, ყოველ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მას არ გამოუთხოვია. რეალურად, როდესაც ასეთი ინფორმაციის გამოთხოვა ხდება, ამაზე მოთხოვნა უნდა არსებობდეს. ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა ილიას მხრიდან. ამას ადასტურებს პირველი მოადგილის მოხსენებითი ბარათი. ის, რომ მას რაღაც ინფორმაცია ჰქონდა, ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია ამ ინფორმაციის გამოყენება პირადი მიზნებისთვის, თუნდაც სასამართლოში წარსადგენად. თანხმობა, როგორც ვიცი, ნამდვილად არ არის, იმიტომ, რომ იქ საუბარია პატიმრის განცხადებაზე, თანამშრომლების სამსახურში გამოცხადებაზე, შვებულებებზე, ბიულეტენზე წასვლასა და მოსვლასთან დაკავშირებით. სააღდგომო პრემიასთან დაკავშირებითაც არის საუბარი. ამაზე ნამდვილად არ არის [თანხმობა].
გარდა ამისა, მეორე კონკრეტული დარღვევაც იყო. კომისიამ დაადგინა, რომ მან, ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამიდან წაშალა დოკუმენტი და ის სხვა დოკუმენტით ჩაანაცვლა. ესეც იყო, რა თქმა უნდა, მოქმედი რეგულაციების დარღვევა.
ამის გარდა, ჩვენ მანამდე გამოტანილი გვქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება ილია ჭანტურაიას მიმართ, მანამდე - ზეპირი საყვედური. მოგეხსენებათ, რომ აქედან 1-წლიანი ვადა არ გასულა. მაგრამ საკითხი, რომელიც სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის კანონის საწინააღმდეგოდ გამოყენებას ეხება, რეალურად საფრთხეს უქმნიდა მთელი აპარატის ეფექტიან ფუნქციონირებას, აპარატში დაცულ ათასობით განცხადებას, ათასობით პატიმრის, ათასობით მოქალაქის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას. ამ ადამიანს ევალება ამ ინფორმაციის დაცვა და ამ დროს როგორც გაუხარდება ისე იყენებს მას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე გავიზიარე კომისიის დასკვნა. ეს სამწუხარო იყო, მაგრამ იძულებული ვიყავით, რომ სწორედ, ასეთი უხეში დარღვევებისთვის ის გაგვეთავისუფლებინა. ვფიქრობ, რომ მიუხედავად მცდელობისა, ამ ადამიანმა არაფერი შეცვალა თავის მუშაობაში. საჯარო სამსახურში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის.
რადგან ამბობთ, რომ მისი მოქმედება კანონსაწინააღმდეგო იყო, აპირებთ თუ არა, მიმართოთ სხვა ზომებს?
როგორც ვიცი, ის აპირებს გასაჩივრებას, ამიტომ დაველოდებით სასამართლოს. დანარჩენ საკითხებს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსწავლობთ, მათ შორის მის იმ სიმძიმესა და იმ ხარისხს, რაზეც საუბარია. განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, რომ აქ არის, როგორც თანამშრომლების, ასევე პატიმრის კონფიდენციალური ინფორმაცია. ამაზე ჩვენი მხრიდან ადეკვატური რეაგირება უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ.
რაც შეეხება 105 000 ლარად ღირებული ავტომანქანა Mercedes-Benz GLA-ს, 28 მარტის ბრძანებით ის სარგებლობაში თქვენი მოადგილის, ნათია კაციტაძის მძღოლს ნიკოლოზ ბალიაშვილს გადაეცა. „ლიბერალისთვის" მიწოდებულ საჯარო ინფორმაციაში კი სახალხო დამცველის აპარატმა მიუთითა, რომ „ავტომანქანა განთავსებულია ავტოსადგომზე. სამსახურებრივი მიზნებისთვის მისი მიმაგრება სახალხო დამცველის კონკრეტულ თანამშრომელზე განხორციელდება საჭიროების შესაბამისად". როდესაც ჩვენ ამ საკითხზე მასალა მოვამზადეთ, თქვენმა პრესსამსახურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრძანება, რომლის თანახმად, ავტომანქანა ნათია კაციტაძის მძღოლს, ნიკოლოზ ბალიაშვილს გადაეცა, შეცვლილია და აპარატს მედიისთვის ინფორმაცია არ დაუმალავს. ჩვენ ამის დასადასტურებლადაც საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, რომელიც არ მოგავწოდეთ. შეიცვალა თუ არა ეს ბრძანება?
როდესაც ხდება შეძენა, ნებისმიერი ავტომობილის, არის გარკვეული პროცედურები, მათ შორის ის, რომ ვიღაცამ უნდა მოიყვანოს კონკრეტული ავტომანქანა ოფისში და გაიაროს პროცედურები, მათ შორის გადაფორმებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
ის, რომ მას შემდეგ მანქანა იყო არაერთხელ გამოყენებული და აპრილიდან განთავსებული იყო სადგომზე, ამაზეც გვისაუბრია. მას შემდეგ მანქანა იყო გამოყენებული, მათ შორის ჩემ მიერაც. როდესაც კონკრეტული თანამშრომლისთვის არსებობს ამის საჭიროება,მას შეუძლია მისი გამოყენება შესაბამისი პროცედურების დაცვით. ასეთი ცვლილებები, რა თქმა უნდა, ხორციელდება, მომხდარა კიდეც და, ალბათ, კვლავ მოხდება. გამომდინარე იქიდან, რა კონკრეტულ საქმეზე იქნება საჭირო მანქანა. ეს მანქანა ანაცვლებს იმ მანქანას, რომელიც ადრე ანალოგიური მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
დღემდე ეს მანქანა ნიკოლოზ ბალიაშვილზეა გაფორმებული?
არა, არ არის. მას შემდეგ კიდევ ერთ-ერთ თანამშრომელს ჰყავდა, როდესაც მანქანით გადაადგილების საჭიროება აღმოჩნდა. ამ წუთასაც იმის გამო, რომ ჩემი მანქანა, რომელიც ჩემი წინამორბედის დროსაა შეძენილი, დაზიანებულია, მას რაღაც ნაწილი გაუფუჭდა. იმისთვის, რომ ეს ნაწილი ჩამოვიდეს და გაკეთდეს, კომპანიას სჭირდება რამდენიმე კვირა. და ამ პერიოდის განმავლობაში ეს მანქანა [Mercedes-Benz GLA] მე მემსახურება და ჩემს მძღოლზეა გაფორმებული. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, როდესაც ხდება რომელიმე მანქანის მწყობრიდან გამოსვლა, მას ანაცვლებს [სხვა]. ამ შემთხვევაშიც ამაზეა საუბარი, რადგან ეს [ავტომანქანა] ამ დღეების განმავლობაში თავისუფალი იყო.
ჩვენ სწორედ ამ ინფორმაციის დასადასტურებლად ვითხოვდით დოკუმენტაციას, შეიცვალა თუ არა ეს ბრძანება? და ზოგადად ნებისმიერ დოკუმენტაციას, რომელიც ამ მანქანასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ეს ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა არ მოგვაწოდა. თუ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ აგვიხსნათ, რატომ არ გაიცა ეს ინფორმაცია. ჩვენ ის, საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხზე კანონით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, ამ დრომდე არ მიგვიღია.
ამაზე, როგორც ვიცი, ჩვენი პრესსამსახური გესაუბრათ და აპირებდა გამოგზავნას. მაგრამ, როგორც ვიცი, არ დაელოდეთ, და, როგორც მითხრეს, გამოაქვეყნეთ მასალა. რაღაცის გამო მოხდა, რომ დაგვიანდა მოწოდება. რაც მე სიტყვიერად გითხარით, ამის [დოკუმენტების] მოწოდება შეიძლება. ამას აუცილებლად გავარკვევ.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ილია ჭანტურაია ამბობს - რომელიც იმ დროისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იყო - თქვენ ინფორმირებული იყავით იმის შესახებ, რომ „ლიბერალმა" სახალხო დამცველის აპარატიდან ამ ბრძანების ასლი გამოითხოვა. თქვენც გაგაფრთხილათ და აპარატის შესაბამის თანამშრომელსაც შეატყობინა, რომ ვადა იწურებოდა.
დიახ, მე არ ვიმყოფებოდი აქ. დიახ, მახსოვს, იყო ამაზე საუბარი.
წერილი ელ.ფოსტაზე მოგწერათ. მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე თანხმობა შეგეძლოთ, ელექტრონულად დაგედასტურებინათ.
მე არ ვიმყოფებოდი. იყო ნამდვილად ამაზე საუბარი. კი ბატონო. მეორე [საკითხი] არის ის, რომ რატომ ასაჯაროებს ის კიდევ ერთი თანამშრომლის შესახებ ინფორმაციას, მისი თანხმობის გარეშე. აქ, მე ვფიქრობ, არის სერიოზული ხარვეზები ილიას მუშაობაში, მათ შორის საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, როდესაც მან გარკვეული ინფორმაცია შეცვალა და ჩაანაცვლა. ამას კი [„ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას] მე მოვიკითხავ და გავარკვევ.
ჩვენ ინფორმაციის გამოთხოვიდან მე-13 დღეს გამოვაქვეყნეთ მასალა. 10 სამუშაო დღე 1 ივლისს ამოიწურა და მასალა 6 ივლისს გამოქვეყნდა.
არ ვიცი, ამას მე ზუსტად ვერ მოგახსენებთ, უნდა ჩავხედო, ვნახო აუცილებლად.
დავუბრუნდეთ ავტომანქანების თემას, რამდენიმე თვის წინათ „ლიბერალის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა 2014-2016 წლებში ავტომანქანებისთვის ჯამში 416 250 ათას ლარზე მეტი დახარჯა. რატომ მიიღო აპარატმა ასეთი ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენის გადაწყვეტილება?
აპარატს აქვს თავისი ბიუჯეტი, ასევე გარკვეული პროექტების ბიუჯეტიდანაც ხდება ამ მანქანების შეძენა. მაგალითად, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტიდანაც მოხდა ასევე რამდენიმე ავტომობილის შეძენა. რაც შეეხება იმას, რომ ძვირადღირებულია, მე ამაზეც გავეცი არაერთხელ პასუხი, რომ იყო ჩვენთან შემთხვევა, როდესაც შედარებით იაფი მანქანა შევიძინეთ, თუმცა რამდენიმე თვეში ეს ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა, და მის რემონტზე გარკვეული თანხის გამოყოფა გახდა საჭირო. იყო ორი მანქანა, რომლის ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო. არსებობს მოხსენებითი ბარათი, ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის, რომელიც ადასტურებდა, რომ ხარჯი ამ მანქანაზე გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლის შეძენის შემთხვევაში.
საჭიროებები ნამდვილად არის. მხოლოდ აპარატის ბიუჯეტი კი არ გაიზარდა, არამედ თანამშრომელთა რაოდებობაც. დღეს 145 ადამიანი მუშაობს აპარატში, მათ შორის პროექტებში. მე რომ სახალხო დამცველად ამირჩიეს, 52 ადამიანი დამხვდა აქ.
აპარატის თანამშრომელთა რაოდენობა კი გაიზარდა, მაგრამ შეძენილი ავტომანქანების რაოდენობა სულ 7-ია. თითოეული მათგანი ძვირადღირებულია. 7 ავტომობილი ამდენ თანამშრომელზე ნაწილდება?
თქვენ შეგიძლიათ, ასევე ნახოთ სხვა უწყებებთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა? ან თუნდაც სახალხო დამცველის აპარატში, გაცილებით მეტი ავტომობილია შეძენილი წინა წლებში, როდესაც თანამშრომელთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო.
რატომ ვუსვამ იმას ხაზს, რომ, რა თქმა უნდა, გადაადგილების საჭიროება ნამდვილად არსებობს, ამას მეტყველებს ის, რომ გასულ წელს, პირველად ისტორიაში, 18 სპეციალური ანგარიში მომზადდა სახალხო დამცველის აპარატის მხირდან, მთელი რიგი მიმართულებებით, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება... თუნდაც ის, რომ რეგიონებში არიან ჩვენი წარმომადგენლები, გაზრდილია ოფისების რაოდენობა, რამდენი ასეთი ოფისი გაიხსნა, საკონტაქტო პირების რაოდენობა, ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოითხოვს შესაბამისს ხარჯს. მათ შორის გადაადგილებისთვისაც გარკვეულ ტექნიკურ საშუალებებს. ჩვენ ეს თანხა არ გამოგვიყვია და არ მოგვიკლია სახალხო დამცველის აპარატის სხვა ოპერაციებისთვის, თუნდაც იმავე მონიტორინგისთვის. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში თანხა, მათ შორის ტექნიკური საშუალებების შესაძენად. რაც ბიუჯეტის შესაბამისად გვაქვს დამტკიცებული, სწორედ, მას განვკარგავთ. ეს თანხა არ მოკლებია აპარატის მუშაობას, ან ვიღაცისთვის ხელფასის დაკლებას. ეს ყველაფერი რჩება აპარატის საკუთრებაში. ეფექტიანობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, კვლევებიც არსებობს ამაზე, და ჩვენც მოვიძიეთ [ასეთი კვლევა] გაცილებით ხარჯეფექტურია. არავის ინტერესში არ არის, რომ ასეთი არასასიამოვნო განხილვის საგანი გავმხდარიყავით.
დოლარში რომ დავითვალოთ, იმ პერიოდში კურსი იყო ყველაზე მაღალი. დღეს მაგალითად, იმავე კურსით, გაცილებით ნაკლები თანხა შეიძლებოდა გამოსულიყო.
როცა სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც ფინანსდება ბიუჯეტიდან, ყიდულობს 105-ათასიან მანქანას (გადახდილი თანხა 98 500 ლარი; პლუს აპარატმა სანაცვლოდ Hynday Tucson გადასცა), თქვენი აზრით, უსაფუძვლოა მედიის შეკითხვა, თუ ვისთვის იქნება განკუთვნილი ის?
არა, მედიამ, რა თქმა უნდა, უნდა დასვას კითხვები, ამისთვის არსებობს მედია. უბრალოდ აქ არის საუბარი სხვა საკითხებზე, მათ შორის რამდენად არის დაცული სტანდარტები მთელი რიგი საკითხების გაშუქებისას. ამაზე ჩვენ კითხვები გვაქვს და, ალბათ, მოგვიწევს საუბარი.
უშუალოდ „ლიბერალთან" დაკავშირებით რა პრეტენზიები გაქვთ? რა იყო არასწორი?
იქ არის ბევრი რამ - თუნდაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია, გარკვეული ინფორმაციის სათაური, მასალის გამოყენება, მათ შორის ფოტოების, ამ ყველაფერზე გვაქვს კითხვები, და, ალბათ, მოგვიწევს ამ საკითხზე რამდენიმე მედიასაშუალებასთან დაკავშირებით გარკვევა ეთიკის საბჭოში.
ჩვენ საჯარო ინფორმაციას მოვითხოვდით, სწორედ ამ ინფორმაციების გადასამოწმებლად. და ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
ამაზე არ ყოფილა ნამდვილად [პრეტენზია/საუბარი], აქ საუბარი სხვა ინფორმაციებზეა, რომელზეც არ ყოფილა ჩვენი კომენტარი.
შეგიძლიათ, გვითხრათ, რომელ კომენტარზეა საუბარი?
ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, თუნდაც იმავე ილიასთან დაკავშირებით. მასზე ინფორმაცია გავრცელდა და არ ყოფილა ჩვენი პოზიცია.
ჭანტურაია მის მოხსნაზე: სასამართლო იტყვის, იყო თუ არა ინფორმაცია უკანონოდ მოპოვებული
„105 000-ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის" - დამალა თუ არა ნანუაშვილმა ინფორმაცია
ჭანტურაია: სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ჭორაობის გამო დამსჯიდა
სახალხო დამცველის აპარატი 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz GLA-ს ყიდულობს
სახალხო დამცველის აპარატმა „ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ გასცა
ომბუდსმენის აპარატმა 2014-2016 წლებში ავტომანქანების შესაძენად 416 250 ლარი დახარჯა
ომბუდსმენი მედიასაშუალებების მიერ Mercedes-benz-ზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება