Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახალხო დამცველმა ილია ჭანტურაია თანამდებობიდან გაათავისუფლა

08 ივლისი, 2016 20:18

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურაია თანამდებობიდან გაათავისუფლა.

უჩა ნანუაშვილმა გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა. ბრძანების მიხედვით, ჭანტურაიას გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომის გამო მოხდა. „ლიბერალთან" საუბრისას ჭანტურაია ამბობს, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებას საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ჭანტურაია: სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ჭორაობის გამო დამსჯიდა

ილია ჭანტურაიას მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძველი გახდა მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია აპარატის ცალკეულ თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შესახებ. ასევე სტუდია „მონიტორის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანაცვლების პროცედურები.

მანამდე ილია ჭანტურაიას მიმართ დისციპლინური დევნა სხვა საკითხზეც იყო დაწყებული. მაშინ „ლიბერალთან" საუბრისას ილია ჭანტურაია ამბობდა, რომ მის მიმართ დისციპლინური წარმოება დისკრიმინაციული საფუძვლით მიმდინარეობდა.

სახალხო დამცველის 8 აპრილის ბრძანების მიხედვით, ჭანტურაიას გაფრთხილება გამოუცხადეს და მის პირად საქმეში შეიტანეს.

ჭანტურაიასთვის დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი ომბუდსმენის მოადგილის ნათია კაციტაძის 2016 წლის 9 მარტის მოხსენებითი ბარათი გახდა.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ჭანტურაიამ სახალხო დამცველის დებულებისა და საჯარო სამსახურის რამდენიმე მუხლი დაარღვია, რაც აპარატის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების შექმნისა და ანალიზის პროცესში მონაწილეობას, დეპარტამენტის საქმიანობის წარმართვას და ხელმძღვანელობას, ქცევის ზოგადი წესებს ითვალისწინებს.

ჭანტურაია „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ მის მიმართ გაფრთხილების მიცემას რეალურად სხვა მიზეზები აქვს და ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლები საბაბად არის გამოყენებული.

ჭანტურაიას თქმით, საქმე ეხება 2015 წელს მომხდარ ფაქტს, როდესაც ნათია კაციტაძემ თანამშრომლებს დეპარტამენტის ახალი უფროსი გააცნო და გაცნობით შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „თანამშრომლები ჭორაობენ, საქმეს არ აკეთებენ, რომ მათ უნდა მიხედონ საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებული იქნებოდა შესაბამისი ზომები“.

„ამ თათბირის შემდეგ შევხვდი თანამშრომლებს, რადგან თავად ისინი გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ამ დამოკიდებულების გამო, რომ ახალი უფროსის წინაშე სპეციალისტები და მოადგილეები წარმოჩინდნენ ჭორიკნებები. მე ისინი გამოვკითხე, როგორც კადრების ხელმძღვანებლმა, ერთ-ერთი თანამშრომელი ჩემთან პირადად იყო მოსული, აღშფოთებული ამ თემით. ეს ფაქტი კი 2016 წელს გამიხსენეს და ამბობენ, რომ აღნიშნული ჩემი მხრიდან ნათია კაციტაძის დისკრედიტაციას ემსახურებოდა“, - ამბობს ჭანტურაია.

ჭანტურაია „ლიბერალთან“ საუბრისას იხსენებს იმასაც, რომ აღნიშნულს რამდენიმე ხნით ადრე წინ უსწრებდა ნათია კაციტაძესთან უსიამოვნო მიმოწერა. მისი თქმით, კაციტაძე უშუალოდ ერეოდა მის საქმიანობაში, რაზეც მან ომბუდსმენის მოადგილეს მიუთითა, რომ ის არ იყო მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი და არ უნდა ჩარეულიყო მის საქმიანობაში.

„ნათია კაციტაძე პირდაპირ მიუთითებდა, თუ როგორ უნდა მემოქმედა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიეწერა ჩემს დეპარტამენტს კონკრეტულ საკითხზე მოქალაქისთვის. მე მას მივუთითე, რომ მისი მხრიდან ეს იყო ჩარევა მის დაქვემდებარეაში არმყოფი პირის საქმეში. ამაზე მაშინ გაბრაზდა სახალხო დამცველი, დაბარებულიც ვყავდი. იმის გამო, რომ კაციტაძეს მივუთითე, არ ჩარეულიყო ჩემს საქმიანობაში, გაბრაზებულმა სახალხო დამცველმა მომთხოვა ბოდიშის მოხდა. მე ბოდიში არ მოვუხადე, ამის შემდეგ ომბუდსმენმა სიტყვიერი საყვედური გამომიცხადა. რეალურად აქედან იყო განაწყენებული სახალხო დამცველი. შემდეგ გამოძებნეს მიზეზი და დააწერინეს მოხსენებითი ბარათი კაციტაძეს“, - ამბობს ჭანტურაია.

ილია ჭანტურაიას თქმით, დისციპლინური გაფრთხილებით მისი დევნა და დისკრიმინაცია ხდება.

ნათია კაციტაძე მოხსენებით ბარათში მიუთითებდა, რომ ილია ჭანტურაია არ არის უფლებამოსილი პირი, გამოკითხოს თანამშრომლები მოადგილის მიერ მიცემულ მითითებებსა თუ სხვა სამსახურებრივ დავალებებთან დაკავშირებით. როგორც კაციტაძე აღნიშნავს, გამოკითხვის შესახებ არც ერთ ეტაპზე ინფორმირებული არ ყოფილა. „ამასთან, ჩემთვის უცნობია, რა კომუნიკაცია აწარმოა მან ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან და გამოთქვა თუ არა პირადი მოსაზრებები ჩემს მიერ ჩემი თანამშრომლებისთვის მიცემული დავალებებისა თუ მითითებების შინაარსთან დაკავშირებით“,  - ამბობს კაციტაძე.

„ი.ჭანტურაიას ქმედებები, არ ქმნის საჯარო სამსახურისთვის შესაფერის სამუშაო გარემოს, სადაც მუშაობისთვის განსაზღვრული პრინციპებია პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და გამჭვირვალობა. მართვის კულუარული სტილი არ არის მისაღები დემოკრატიული საზოგადოებისთვის, მით უფრო, როცა ქვეყანა და საზოგადოება ორიენტირებულია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების, მათი ღირსების დაცვაზე. ამასთან, მისი მსგავსი ქმედებები, ლახავს ჩემი, როგორც საჯარო მოხელის იმიჯს და ახდენს ჩემი, როგორც საჯარო დაწესებულებაში მყოფი ხელმძღვანელის, თანამდებობის პირის დისკრედიტაციას ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების თვალში“, - წერს კაციტაძე მოხსენებით ბარათში.

როგორც ჭანტურაია ამბობს, თანამშრომლების გამოკითხვის შესახებ კაციტაძისთვის შეტყობინების ვალდებულება არ აქვს. „ასეთი ვალდებულება არ მაქვს არავის წინაშე, მათ შორის სახალხო დამცველის წინაშეც. მეტიც, ამის თაობაზე მე საქმის კურსში ჩავაყენე ჩემი ხელმძღვანელი, პაატა ბელთაზე".

რაც შეეხება კითხვას, რატომ აღარ მიეცა მსვლელობა მის მიერ თანამშრომლების გამოკითხვას, ჭანტურაია ამბობს, რომ ამ საკითხზე ესაუბრა მის უშუალო ხელმძღვანელს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს პაატა ბელთაძეს და მისგან ვერ დაინახე იმის მზაობა, რომ მსვლელობა მიეცა.

„ამასთან, მივხვდი, რომ ეს დავალება უშუალოდ სახალხო დამცველისგან მოდიოდა, რაც დაადასტურა კიდეც ჩემი საქმის განხილვის დროს თვითონ სახალხო დამცველს და კაციტაძესაც აქვს ნათქვამი, რომ მას ამგვარი მითითება მიეცა თანამშრომლებისთვის", - ამბობს ჭანტურაია.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი ჭანტურაია აცხადებს, რომ საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებები სახალხო დამცველის დებულებით არის განსაზღვრული, როგორიცაა კომუნიკაცია, ადამიანის რესურსების მართვა, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის უფლებამოსილება და ა.შ.

„როგორ გამოვიყენებ ამ უფლებამოსილებას თუ თანამშრომლებთან შეხვედრა შემეზღუდება? ისინი მედავებიან, რომ როდესაც მითითებები მისცეს თანამშრომლებს, ამის შესახებ მათთან არ უნდა მესაუბრა, მაგრამ რეალურად მითითებები კი არ იყო, ეს იყო ბრალდებები ჭორაობის თაობაზე, რამაც იქონია თანამშრომლებზე უარყოფითი გავლენა და აღაშფოთა ისინი. ამას გამოკითხვის ოქმებიც ადასტურებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჭორაობა ზოგადად აკრძალულია და ამის გამო შეიძლება დისციპლიმური წარმოება დაიწყოს. მას პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ჭორაობის გამო მე ის დამსჯიდა, დამემუქრა და ამას არც მალავს“,  - ამბობს ჭანტურაია.

ჭანტურაიას საკითხს გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. „მას კონკრეტული გადაცდომები ჰქონდა. კომისიამ გადაწყვიტა, რომ იყო დასაბუთებული და, შესაბამისად, საჯარო სამსახურში არსებობს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, რომელიც არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ასეთი არა ერთი ყოფილა და არ გამოვრიცხავ, რომ სხვა დროსაც მოხდეს. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც თანამშრომელი გაფრთხილებას იღებს რაღაც კონკრეტულ გადაცდომაზე", - აცხადებს სახალხო დამცველი.

უცნობია, მიმდინარე წელს უჩა ნანუაშვილისთვის რატომ გახდა ჭორაობის თემა აქტუალური. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მარტში სახალხო დამცველის აპარატმა ავტომობილ Hynday-ს სანაცვლოდ 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz GLA-ს იყიდა  (გადახდილი თანხა 98 500 ლარი). ავტომანქანის დანიშნულებაში აპარატის სხვადასხვა საჭიროება და მიზნებია აღნიშნული. „ლიბერალის" მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში სახალხო დამცველის აპარატმა არ მიუთითა, ავტომანქანა კონკრეტულად ვის დაქვემდებარებაშია. 

„სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის 28 მარტის ბრძანებით, 105 000 ლარად ღირებული მერსედესი მართვაში ნიკოლოზ ბალიაშვილს გადაეცა, რომელიც ომბუდსმენის მოადგილის, ნათია კაციტაძის მძღოლია.

რაც შეეხება ილია ჭანტურაიას საქმეს, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ გამოცემული ბრძანება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესი 21 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ჭანტურაიას გათავისუფლება, Mercedes და გაუცემელი ინფორმაცია ►ინტერვიუ უჩა ნანუაშვილთან

„105 000-ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის" - დამალა თუ არა ნანუაშვილმა ინფორმაცია

ჭანტურაია: სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ჭორაობის გამო დამსჯიდა

სახალხო დამცველის აპარატი 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz GLA-ს ყიდულობს

სახალხო დამცველის აპარატმა „ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ გასცა

ომბუდსმენის აპარატმა 2014-2016 წლებში ავტომანქანების შესაძენად 416 250 ლარი დახარჯა

ომბუდსმენი მედიასაშუალებების მიერ Mercedes-benz-ზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^