Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ერთი ძუნძგლიანი ჩიტი ჩამოვარდა" - არასრულფასოვან რეგულაციებს შეწირული ფრინველები

22 აგვისტო, 2016 22:50

კახეთში, ტარიბანის ველზე ძირს ჩამოვარდნილ მკვდარ ფრინველს თუ გადააწყდებით, უკვე ახლოს ხართ იმ ტერიტორიასთან, სადაც კომპანია „ფრონტერა ისთერნ ჯორჯია“ ნავთობის მოსაპოვებლად მუშაობს.

უნალექო მხარეში ღია ცის ქვეშ თავახდილ ნარჩენების ავზს ნახავთ, რომელშიც ნარჩენი წყალნარევი ნავთობი იღვრება. იგი ჩიტებისთვის მიმზიდველი, თუმცა მომაკვდინებელია, რადგან მასში ჩავარდნისას ფრინველს ბუმბული ეწებება, აფრენას ვეღარ ახერხებს და კვდება.

ნავთობში ამოგანგლული ჩიტები ბუნების კონსერვაციის საზოგადოება SABUKO-ს წარმომადგენლებმა რამდენიმე კვირის წინ აღმოაჩინეს, როდესაც ტარიბანის ველზე წითელ ნუსხაში შეტანილ ბექობის არწივზე დასაკვირვებლად იმყოფებოდნენ.

SABUKO-ს აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე რუხაია „ლიბერალთან“ საუბრისას ჰყვება, რომ ავზის გარშემო 30-მდე მკვდარი ფრინველი აღმოაჩინეს.

„აღმოვაჩინეთ ნავთობის ნარჩენების ღია ავზი, რომელიც ბადით არის შემოღობილი, თუმცა ზემოდან ღიაა. იქ შეიძლება ნებისმიერი ფრინველი ჩავარდეს. განსაკუთრებით, როცა ბნელა - ფრინველი ვერ არჩევს, იქ წყალია თუ ნავთობი. ამ სითხეს სვამენ ან ბანაობენ მასში. უმეტესად დახოცილი ფრინველი დაგვხვდა, ცოცხლებიც, მაგრამ ნავთობში ამოვლებულები“, - ამბობს რუხაია.

მისი თქმით, დაახლოებით 800 მეტრში ენდემური სახეობის ბექობის არწივი ბუდობს. „არწივისთვის 800 მეტრის გადაფრენა არაფერია, მით უმეტეს, როცა წყლის პრობლემაა. და თუ აქედან დალევს, აუცილებლად მოკვდება“, - ამბობს რუხაია.

ესპანელი მკვლევარი გუილე მაიორი ჰყვება, რომ 10-მდე ფრინველი ნახა, რომლებიც ნავთობით დასვრილი ბუმბულის გამო ვერ დაფრინავდნენ.

„ეს ავზი ფრინველებისთვის ღიაა და თითოეული, რომელიც შიგ ჩავარდება, ფრენისა და საკვების მოპოვების უნარმოკლებული მზის გულზე სიკვდილისთვისაა განწირული. კიდევ უფრო მეტი ფრინველი დაიხოცება, თუ ზომებს დაუყოვნებლივ არ მიიღებენ. მეტიც, ეს ტერიტორია მდებარეობს ფასკუნჯის ბინადრობის არეალში, რომელიც ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაშია შესული“, - ამბობს გუილე მაიორი.

ნავთობმოპოვებისა და ნარჩენების მართვის გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგი გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ენერგეტიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოს ევალებათ.

მას შემდეგ, რაც SABUKO-მ ფრინველების დახოცვის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შეატყობინა, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გაზისა და ნავთობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილის შესამოწმებლად მივიდნენ.

ნავთობისა და გაზის სააგენტოს ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინერი თემურ გაფრინდაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ ადგილზე „ჩვეულებრივი, ნორმალური, შემოფარგლული ტერიტორია“ დახვდათ, სადაც არანაირი დარღვევა არ არსებობს. მისი თქმით, ტარიბანის ველზე „საცოდავი ჩიტის“ გამო ჩავიდნენ, რაც „უამრავი ბენზინი“ დაუჯდათ.

„რაღაც ერთი ძუნძგლიანი ჩიტი ჩამოვარდა. სად გაუსკდა  იმ ჩიტს გული, ჰაერში თუ იქ რომ ჩავარდა, ეგეც არ ვიცი. ერთ ჩიტზეა ლაპარაკი. მანამდე, არც შორეულ წარსულში  არ გვქონია შემთხვევა, რომ მანდ რამე ჩავარდნილიყო. ფრინველი ჩავარდა. ბეღურას უფრო ჰგავდა, ვიდრე რაღაც სხვას, სურათები რომ გამოგზავნეს. ამაზე შეიძლება ლაპარაკი?! თითიდან გამოწოვილ რაღაცებზე?!“ - ამბობს გაფრინდაშვილი.

მისი თქმით, დათვალიერების შედეგად სააგენტომ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად აქტი შეადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ გადაცდომა არ ყოფილა.

„გარემოს დაცვის სამინისტრომ გვითხრა, ხომ არ შეიძლება, აქ სულ ამბარი (ნარჩენების ავზი) იყოსო. ამბარს ვერ იღებენ, რადგან ის ტექნოლოგიურ პროცესებშია ჩართული და მასზე რეზერვუარის სანიაღვრე სისტემაა მიერთებული. წვიმის წყალი რომ გროვდება, ამ ამბარში ჩადის. მისი მოსპობა არ შეიძლება. გადახურვის ვალდებულებას არც ერთი კანონი არ აწესებს. გადახურვა არ შეიძლება“, - ამბობს გაფრინდაშვილი.

შეკითხვაზე, თუ როგორ  არის შესაძლებელი პრობლემის ისე მოგვარება, რომ მან ბიომრავალფეროვნებას  საფრთხე არ შეუქმნას, გაფრინდაშვილი პასუხობს, რომ მართალია, ჩიტი ბუნების ნაწილია, მაგრამ სტანდარტით ასეა დაშვებული.

„როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა სტანდარტი არ არსებობს? ასეა დაშვებული. ბუნების ნაწილი რომ არის გასაგებია, მაგრამ, რა ვქნათ ამ ჩიტზე, ბატონო?“ - ამბობენ ნავთობისა და გაზის სააგენტოში.

„ფრონტერა ისთერნ ჯორჯია“ ნავთობისა და გაზის ამერიკული კომპანიაა, რომელმაც ნავთობმოპოვების ლიცენზია 1997 წელს მიიღო, გარემოზე ზემოქმედების შეფასება კი 1999 წელს წარმოადგინა.

ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების შესაბამისად, ნავთობმომპოვებელი კომპანია ვალდებულია, ნავთობისა და გაზის სააგენტოს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შემთხვევებისა და წლიური ანგარიში გაუგზავნოს. სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ უწყება წელიწადში ერთხელ  ყველა ნავთობმომპოვებელი კომპანიის მონიტორინგს ატარებდა.

„ლიბერალმა“ სააგენტოდან კომპანიის მიერ წარდგენილი ეკოლოგიური შემთხვევების ანგარიში გამოითხოვა, რის შედეგადაც გაურკვეველი შინაარსის დოკუმენტი მივიღეთ. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ეს წლიური ანგარიშია, რომელიც აჩვენებს, კომპანიამ ეკოლოგიას ზიანი მიაყენა თუ არა. რაც შეეხება მნიშვნელოვანი შემთხვევების ანგარიშს, სააგენტოს ცნობით, იგი მაშინ იგზავნება, თუკი გარემოსთვის ზიანის შემცველი შემთხვევა გამოვლინდება. სააგენტოში განმარტავენ, რომ მათ ასეთი დოკუმენტი არ მიუღიათ.

„ბოლო მონიტორინგი 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მოეწყო. გარდა ამისა, ტექნიკური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიზნით, 2015 წლის იანვარში დათვალიერებული და აღრიცხულია კომპანიის ლიკვიდირებული და კონსერვაციაში არსებული ჭაბურღილები, მათი ტექნიკური და გარემოსდაცვითი მდგომარეობა. მონიტორინგის შედეგად რამე დარღვევა არ გამოვლენილა“, - აცხადებენ სააგენტოში.

მათი თქმით, 2014-2015 წლების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მცირე საწარმოო გადაცდომები, რომლებიც მყისიერად აღმოიფხვრა, ამასთან, გარემოს დაცვის მხრივ მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შემთხვევები არ ყოფილა და, შესაბამისად, შპს „ფრონტერა ისთერნ ჯორჯია“ არ დაჯარიმებულა.

ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვას ყველა იმ საქმიანობაზე, რომელიც გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ კანონის მეოთხე მუხლშია ჩამოთვლილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გასცემს. 

ნავთობის მოპოვების ნაწილში კომპანია ნავთობის და გაზის სააგენტოს წინაშეა ანგარიშვალდებული. ნავთობის გადამუშავების შედეგად ნარჩენების წარმოქმნის ნაწილში კი ეკოლოგიურ ექსპერტიზას გადის და შესაბამის ნებართვას გარემოს დაცვის სამინისტროსგან იღებს.

„ფრონტერა ისთერნ ჯორჯიამ“ ტარიბანისა და მირზაანის მოედნებზე, მე-12 ბლოკზე ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზა 2006 წელს გაიარა. აღსანიშნავია, რომ არც დასკვნაში, ასევე არც სამინისტროსთვის წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში, ფრინველების დახოცვისგან დაცვის მექანიზმი გათვალისწინებული არ არის. 

სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე „ლიბერალს“ განუმარტავს, რომ 27 ივლისს ფრინველების დახოცვის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული შემოწმებისას, ტარიბანის ველზე ჩასულ ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ადგილზე დახოცილი ფრინველები აღარ დახვედრიათ.

„დახოცილი ფრინველები იქ აღარ იყო. სავარაუდოდ, კომპანიამ ამოიღო რეზერვუარებიდან. ამასთან დაკავშირებით შესწავლა უკვე დაწყებული გვაქვს, რადგან ფოტომასალა ჩვენც გვაქვს, რომ იქ ფრინველები იყო. დავიწყეთ შესწავლა, ამ კომპანიას რა ვალდებულებები აქვს ეკოლოგიური ექსპერტიზის ნაწილში და რამდენად სრულდება ეს პირობები“ - ამბობს კორკოტაძე.

აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტს კომპანია დღემდე არ შეუმოწმებია, რადგან, როგორც თავად განმარტავენ, სხვა ბევრი კომპანიაც არის შესამოწმებელი.

„[ფრონტერა ისთერნ ჯორჯია] დღემდე არ შემოწმებულა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, შესწავლა დაწყებულია. თუ საჭიროდ მივიჩნევთ (გააჩნია, რა გამოიკვეთება) შეიძლება, ფუნდამენტური შემოწმება დავიწყოთ და კომპლექსურად შევამოწმოთ ეს კომპანია. ვნახოთ, ეს წარმოება რას მოიტანს, კომპანიიდან უამრავი დოკუმენტია გამოსათხოვი“, - ამბობს კორკოტაძე.

მისი თქმით, ტერიტორიის დათვალიერების შედეგად გარკვეული პრობლემები იდენტიფიცირებულია.

„ნარჩენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის გარკვეული შეკითხვები. გნებავთ, ნავთობის შემცველ ნარჩენებთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად არის განთავსებული ეს ნარჩენები; რამდენად შეესაბამება კანონმდებლობას იქ არსებული რეზერვუარები; როგორ ხდება ნარჩენების მართვა; როგორ იმართება ნაკადები; ვის გადასცეემენ ან ნარჩენებს;. არის თუ არა ის კომპანია უფლებამოსილი, რომ გაანადგუროს ან გააუვნებელყოს ნარჩენი; რამდენად სწორად იყო ავზი  მოწყობილი და ა.შ. ბევრი კითხვა გვაქვს“, - ამბობს კორკოტაძე.

მისი განმარტებით, კომპანია ვალდებულია, სამინისტროს ანგარიშები წარუდგინოს და თვითმონიტორინგის გეგმა შეიმუშაოს.

„კომპანიას აქვს ანგარიშების წარდგენის ვალდებულება, მაგრამ არ მახსენდება, რომ ამ  კომპანიას რამე ანგარიში წარმოედგინოს. ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა. მას უნდა შეემუშავებინა თვითმონიტორინგის გეგმა. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ უნდა ატაროს გარკვეული მონიტორინგი“, - ამბობს კორკოტაძე.

იმის გასარკვევად, თუ როგორ ატარებს კომპანია თვითმონიტორინგს და აღიქვამს თუ არა ფრინველების დახოცვას პრობლემად, „ლიბერალმა“„ფრონტერა ისთერნ ჯორჯიას“ შეკითხვებით მიმართა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მიმართვიდან ერთი კვირა გავიდა, პასუხი დღემდე არ მიგვიღია.  

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვით პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი „ლიბერალს“ განუმარტავს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და შესაბამისი ნებართვის გაცემისას შესაძლოა, ეს საკითხი შესაბამის შემარბილებელ ღონისძიებებში არ იყო გაწერილი ასეთი რისკის არარსებობის გამო, თუმცა, რაკი ეს პრობლემა ახლა არსებობს, სახელმწიფო ვალდებულია, კომპანიას შესაბამისი ზომების მიღება მოსთხოვოს და ისინი გზშ-ში გაწეროს.

„შესაძლოა, ეს პირობებში არ არის გაწერილი, მაგრამ ფაქტია, რომ ზიანი ადგება გარემოს და ფაქტია, რომ იქ ფრინველები იხოცებიან. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ ეს საკითხი კომპანიის წინაშე უნდა დასვას, მოითხოვოს, რომ გადახედოს ამ დოკუმენტაციას და დამატებითი შემარბილებელი ღონისძიებების სახით მოსთხოვოს გადახურვა. სახელმწიფო მისცემს გონივრულ ვადას და კომპანია აღმოფხვრის ამ პრობლემას“ - ამბობს გეთიაშვილი.

მისივე განმარტებით, გარდა იმისა, რომ ასოცირების შეთანხმებით გარემოს მოვლის ნაწილში საქართველოს უამრავი ვალდებულება აქვს ნაკისრი, თუკი ცოცხალი ორგანიზმები ნადგურდებიან, სახელმწიფომ ჰუმანურობა უნდა გამოიჩინოს და ფრინველები დახოცვას გადაარჩინოს. 

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ მიერ 2015 წელს მომზადებულ დოკუმენტში - „საქართველო და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება - ევროინტეგრაციის გამოწვევები“ - ნათქვამია, რომ საქართველოში მთელი რიგი ენერგეტიკული პროექტების დაგეგმვისას გარეულ ფრინველთა დაცვას არ ექცევა საკმარისი ყურადღება.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, საქართველომ გარეულ ფრინველთა კონსერვაციის დირექტივა 79/409/EEC-ის შესრულების ვალდებულებაც აიღო, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისგან საემიგრაციო გზებზე ფრინველთა დაცვის მიზნით გადამფრენ ფრინველთა საკონსერვაციო ღონისძიებებს მოითხოვს.

„მწვანე ალტერნატივის“ ანგარიშის თანახმად, მართალია, საქართველოში არ არსებობს ცალკე კანონმდებლობა გარეულ ფრინველთა დაცვის შესახებ, მაგრამ არსებობს მთელი რიგი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც სრულად შეესაბამება დირექტივას, მათ შორის ცხოველთა დაცვის კანონი, კანონი საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ; ამასთან, საქართველო ახორციელებს დირექტივას წყალჭარბი ტერიტორიების დაცვისა და გადაშენების პირას მყოფი გარეული ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის კონვენციების ფარგლებში.

2009 წლის 30 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ 2009/147/EC დირექტივის თანახმად, ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3 წლის ვადაში უნდა შეფასდეს ფრინველთა ის სახეობები, რომლებიც საჭიროებენ კონსერვაციის განსაკუთრებულ ზომებს, ასევე შესაფასებელია ფრინველთა რეგულარულად მიგრირებადი სახეობები; 5 წლის ვადაში კი ფრინველთა სახეობებისათვის დაცვის სპეციალური არეალები უნდა განისაზღვროს.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ძალაში სრულად 2016 წლის 1 ივლისს შევიდა, თუმცა ზემოაღნიშნული დირექტივის ვადების ათვლა 2014 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტირებისთვის სახელმწიფოს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება.

ფოტო: SABUKO - Society for Nature Conservation

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^