თაბორის მთაზე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გოლფის მოედნებისა და სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, ასობით ხეა დანომრილი. ზოგიერთი მათგანი, უმეტესად ხმელი ხეები, უკვე წაქცეულია, თუმცა დანომრილთა შორის, ერთი შეხედვით, ჯანსაღი ხეებიც არის.
პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა ტერიტორიის მფლობელმა კომპანიებმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს უკვე წარუდგინეს. სამსახურმა დასკვნა 28 ნოემბრამდე უნდა გასცეს.
„ლიბერალი" დაინტერესდა, გასცა თუ არა ხეების მოჭრაზე ნებართვა თბილისის მერიამ. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი ამბობს, რომ მოჭრის ნებართვის მისაღებად მერიისთვის არ მიუმართავთ და შესაძლოა, მეპატრონემ თავად გააკეთა ინვენტარიზაცია.
ტერიტორია შედგება 2 საკადასტრო ერთეულისაგან, რომელთაგან ერთი ეკუთვნის:
შპს „ფინსერვისი XXI-ს” (100 000 კვ/მ), ხოლო მეორე -
შპს „თაბორი რიზორთსის” (297 576 კვ/მ).
ჯამში საპროექტო ტერიტორიის ფართობი - 397 576 კვ/მ-ია.
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, „ფინსერვისი 21-ე” ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის ბიზნესცენტრის მფლობელია. ასევე ყოფილი პრემიერისა და „თანაინვესტირების ფონდის” მიერ ინიცირებული პროექტის „პანორამა თბილისისთვის” საჭირო ნებართვებიც სწორედ მის სახელზეა გაცემული.
„ლიბერალი" შეეცადა, „თანაინვესტირების ფონდში" გაერკვია, იგეგმება თუ არა თაბორის მთაზე დანომრილი ხეების მოჭრა. მიუხედავად დაპირებისა, შეკითხვებზე პასუხი „ლიბერალს" ამ დრომდე არ მიუღია.