Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორი იქნება სასტუმრო და გოლფის მოედნები თაბორის მთაზე

26 ოქტომბერი 2016

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გასხვისებულ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა ტერიტორიის მფლობელმა კომპანიებმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს უკვე წარუდგინეს. სამსახურმა დასკვნა 28 ნოემბრამდე უნდა გასცეს. 

საპროექტო დოკუმენტაციაში აღწერილია, რომ პროექტი თბილისში, თაბორის მთაზე ხორციელდება.

ტერიტორიას ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრება ბოტანიკური ბაღი, ხოლო სამხრეთით თბილისი-შინდისის დამაკავშირებელი საპროექტო გზა. ეს გზა საპროექტო ტერიტორიას მთელს სიგრძეზე მიჰყვება და იმავე ნიშნულებზე მდებარეობს. საპროექტო ტერიტორია ბოტანიკურ ბაღს ესაზღვრება და მის ძირითად ნაწილთან შედარებით 70-100 მეტრით მაღლა მდებარეობს.

ტერიტორია შედგება 2 საკადასტრო ერთეულისაგან, რომელთაგან ერთი ეკუთვნის:

შპს “ფინსერვისი XXI-ს” (100 000 კვ/მ), ხოლო მეორე - 

შპს “თაბორი რიზორთსი”-ს (297 576 კვ/მ).

ჯამში საპროექტო ტერიტორიის ფართობი - 397 576 კვ/მ-ია. 

ტერიტორიის სიგრძე -  2 000 მ., საშუალო სიგანე 250 მ.-ია.
ტერიტორია ქანობიანია და მის უკიდურეს დაბალ და მაღალ წერტილებს შორის სიმაღლეში სხვაობა შეადგენს 150 მ-ს. 

ამავე თემაზე:

ცვლილებები, შეთანხმებები, პროტესტი - ბოტანიკური ბაღის ირგვლივ

ამ ტერიტორიის გასხვისება საზოგადოების ნაწილის პროტესტისა და განხილვის საგანი წელს, გაზაფხულზე გახდა. შპს “ფინსერვისი XXI-მ”  არქიტექტურის სამსახურს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა (10 ჰა) და ბოტანიკური ბაღის საზღვრის კორექტირების მოთხოვნით მიმართა. შპს “ფინსერვისი” ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, სარეკრეაციო ზონაში არსებულ 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთს 2007 წლიდან ფლობს. მას შემდეგ, რაც მას ეს მიწა პირდაპირი მიყიდვის წესით (ფასი 1 კვ.მ - 20 $) გადაეცა. სამსახურის პასუხის მიხედვით, ქალაქგეგმარებითი კუთხით ეს პრობლემა არ იქნებოდა და კომპანიას საჯარო რეესტრისთვის უნდა მიემართა.

“ფინსერვისმა” რეესტრს მომიჯნავე ნაკვეთთან - ბოტანიკურ ბაღთან საზღვრების კორექტირების მიზნით მიმართა, თუმცა ამ პროცესში მან აბსოლუტურად სხვა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სხვა საკადასტრო ერთეული დაირეგისტრირა, რომელთანაც მას საერთო საზღვარი არ ჰქონია. სანაცვლოდ კი მის საკუთრებაში არსებული 10  ჰექტრიდან 4 ჰექტარი ასევე ბოტანიკური ბაღის კუთვნილებაში დარეგისტრირდა. ანუ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებად - ბოტანიკური ბაღის ნაწილად, ბოტანიკური ბაღის სხვა ნაწილი კი - კერძოდ, “ფინსერვისის” საკუთრებად დარეგისტრირდა. 

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, “ფინსერვისი 21-ე” ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის ბიზნესცენტრის მფლობელია. ასევე ყოფილი პრემიერისა და “თანაინვესტირების ფონდის” მიერ ინიცირებული პროექტის “პანორამა თბილისისთვის” საჭირო ნებართვებიც სწორედ მის სახელზეა გაცემული. 

19 აპრილს არქიტექტურის სამსახურმა, ე.წ. ზონალურ საბჭოს მიმართა თხოვნით: ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ბოტანიკურის ქ. #1-ში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ოქროყანის დასახლებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებულ ტერიტორიაზე, ოთხ საკადასტრო ერთეულზე სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე დაშვებულიყო სასტუმროს მშენებლობა. საბჭო მიმართვიდან 2 დღეში, 21 აპრილს შეიკრიბა. მისი ექვსივე წევრი ნებართვის გაცემას დათანხმდა.

საინტერესოა, რომ ზონალური შეთანხმება 4 საკადასტრო ერთეულზე გაფორმდა, ანუ  ოფიციალურად ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე - ერთი, რომელიც ბოტანიკურს “დაუთმეს”; მეორე, რომელიც “ფინსერვისის” საკუთრებაში დარჩა (6 ჰა); მესამე, რომელიც ბოტანიკურის იყო და “ფინსერვისმა” დაირეგისტრირა (4 ჰა) და კიდევ ბოტანიკური ბაღისა და ამ მიწების მიმდებარედ არსებული 29 ჰა, რომელიც მერიის ქონების მართვის სააგენტომ მეორე დღესვე გასაყიდად გამოიტანა. 

22 აპრილს გამოცხადებული აუქციონი 3 მაისს დასრულდა (6 სამუშაო დღე). ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ოქროყანის დასახლებაში 297 576 კვ.მ ფართობის მიწა  6 326 495 ლარად (საწყისი ფასი 6 233 000) “თანაინვესტირების ფონდის” ინფორმაციით, მათმა შვილობილმა კომპანიამ იყიდა. სწორედ ეს კომპანიაა შპს "თაბორი რიზორთსი", რომელიც სწორედ ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობისას, 2016 წლის 27 აპრილს დარეგისტრირდა. მის დირექტორად თანაინვესტირების ფონდის დირექტორი ირაკლი ქარსელაძეა მითითებული, მესაკუთრედ კი შპს "ოლდ სითი დიველოპმენტი" - "პანორამა თბილისის" პროექტთან დაკავშირებული კომპანია. 

საპროექტო ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე ჯერჯერობით არანაირი ნებართვა გაცემული არ არის. თუმცა თაბორის მთაზე ხეები დანომრილი და მონიშნულია. 

გეგმარებითი პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ტერიტორიაზე იგეგმება სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და სარეკრეაციო ტერიტორიის გაშენება, რომლის შემადგენლობაშიც შევა:

  • გოლფის სათამაშო მოედნები;
  • ხელოვნური ტბა;
  • ღია სპორტული მოედნები;
  • საფეხმავლო ბილიკები;
  • გოლფ კლუბის შენობა;
  • სასტუმროს შენობა.

“დღესდღეობით ტერიტორია მთლიანად გამწვანებულია და ადგილზე მრავლად არის ხელოვნურად დარგული წიწვოვანი ხეები. სამწუხაროდ, მათი გარკვეული რაოდენობა დაავადებულია და ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფება”, - ვკითხულობთ განაშენიანების რეგულირების გეგმაში. 

სულ ორი ნაგებობა უნდა აშენდეს - სასტუმროსა და გოლფ-კლუბის შენობები.

1. სასტუმროს შენობა 3-4-სართულიანი იქნება, 2 მიწისზედა და 1-2 მიწისქვეშა სართულით. საერთო ფართობი - 18 000 კვ/მ (მიწისზედა, მიწისქვეშა და საზაფხულო სათავსების ჩათვლით), მათ შორის:

12 000 კვ/მ-მდე სასარგებლო ფართობი;
6 000 კვ/მ-მდე ტექნიკური დანიშნულების სათავსების ფართობი.

2. გოლფ კლუბის შენობა 2-4 სართულიანი იქნება.  (მათ შორის 2 მიწისზედა და 2 მიწისქვეშა სართული).
საერთო ფართობი: 12 000 კვ/მ (მიწისზედა, მიწისქვეშა და საზაფხულო სათავსების ჩათვლით)
, მათ შორის:

8 000 კვ/მ-მდე სასარგებლო ფართობი
4 000 კვ/მ-მდე ტექნიკური დანიშნულების სათავსების ფართობი

საშუალო ქალაქგეგმარებითი კოეფიციენტები (მთელ ტერიტორიაზე) : კ1 – 0.02 ;  კ2 – 0.05 ;  კ3 – 0.70-0.80.

პროექტის თანახმად, შენობა-ნაგებობებით დატვირთული ტერიტორია განვითარდება “რეკრეაციული ზონა 3-ის” პარამეტრებით, ხოლო დანარჩენი ტერიტორია - “რეკრეაციული ზონა 2-ის” პარამეტრებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^