C ჰეპატიტის ანტისხეულებზე დადებითია ქვეყნის მოსახლეობის 7.7%, ხოლო რნმ-დადებითი, ანუ C ჰეპატიტის აქტიური ფორმით დაავადებული, არის მოსახლეობის 5.4%, - ამის შესახებ ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდში აცხადებენ, რომელიც ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „C ჰეპატიტის საინფორმაციო კამპანია საქართველოში“ ახორციელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 2015 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ ჩატარდა. სეროპრევალენტობის პოპულაციურ კვლევაში გამოკვლეულ იქნა 6011 სისხლის ნიმუში.
ამასთან, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, C ჰეპატიტის მკურნალობა 420-მა პაციენტმა შეწყვიტა. მათგან 284 ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გარდაიცვალა, ხოლო 73-მა მკურნალობაზე გვერდითი მოვლენების გამო თქვა უარი, 41-მა თვითნებურად დაანება თავი, ხოლო 22-მა სხვა მიზეზების გამო.
აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის პროგრამა გვერდითი მოვლენების მკურნალობას არ ანაზღაურებს.
„ლიბერალი" დაინტერესდა, გვერდითი მოვლენების გამო კონკრეტულად რა იყო 73 პაციენტის მიერ მკურნალობაზე უარის თქმის საფუძველი. როგორც ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდში განმარტავენ, გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტა აღინიშნა მხოლოდ მძიმე გართულებების შემთხვევაში, როდესაც C ჰეპატიტის მკურნალობა კლინიკურად აღარ არის დაშვებული. მათი განმარტებით, ვინც პროგრამა დატოვა, ძირითადად. მძიმე პაციენტები იყვნენ.
მათი თქმით, გვერდითი მოვლენები უმეტესად ფიქსირდებოდა პროგრამის პირველ ფაზაში, როდესაც მკურნალობის კომპონენტში ერთვებოდნენ უპირატესად ღვიძლის მაღალი ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტები.
„იქიდან გამომდინარე, რომ ეს პაციენტები ამდენი ხანი ელოდნენ ამ პროგრამის დაწყებას და იმედი ჰქონდათ, მათაც ეშველებოდათ, სახელმწიფომ სთხოვა კომპანიას, ამ ადამიანებისთვისაც მიეცათ შესაძლებლობა, მკურნალობა დაეწყოთ. რადგან, თუ მათი მდგომარეობის შემსუბუქების რაიმე შანსი არსებობდა, ეს შანსი გამოეყენებინათ. შესაბამისად, ეს არ არის წამლის გვერდითი მოვლენა, მათ პროგრამა ზოგადად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დატოვეს. ზოგადად კი, მკურნალობას შესაძლოა მხოლოდ ახლდეს თავის ტკივილი, გუნება-განწყობის ცვლილება, რაც მსუბუქი ხასიათის გვერდითი მოვლენაა და მკურნალობის შეწყვეტის პირობას არ წარმოადგენს.“, - ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია.
C ჰეპატიტის მკურნალობის გვერდითი მოვლენები სახელმწიფოს ყურადღების მიღმა
როგორც ადამია აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა გვერდით მოვლენების მკურნალობას არ ფარავს, სახელმწიფოში არსებობს სხვადასხვა პროგრამა - საყოველთაო ჯანდაცვის, ინფექციური დაავადების მართვის, რომელიც ქრონიკული ჰეპატიტის შემთხვევაში, აფინასებს სხვადასხვა სტაციონარულ მკურნალობას.
„შესაბამისად, სხვადასხვა მხრიდან შეიძლება დაეხმაროს სახელმწიფო ასეთ ადამიანს“, - ამბობს ადამია.
ფონდის ინფორმაციით, 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირებულია 23 600-ზე მეტი პაციენტი, კომისიის დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 21 200-ზე მეტმა პაციენტმა, მკურნალობის კომპონენტში ჩართულია 19 300-ზე მეტი, მათგან მკურნალობა დაასრულა 9688 პაციენტმა.
4 064 პაციენტზე ჩატარდა განმეორებითი ანალიზი.
მათგან 3250 (80%) განიკურნა, ხოლო რეციდივი განვითარდა 814 (20%) შემთხვევაში.
5 624 პაციენტს განმეორებითი ანალიზი ჯერ არ ჩაუტარებია.