Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

C ჰეპატიტის მკურნალობის გვერდითი მოვლენები სახელმწიფოს ყურადღების მიღმა

19 ნოემბერი 2015

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილიდან დაიწყო. პროგრამაში ჩასართავად საჭირო სადიაგნოსტიკო ანალიზების ანაზღაურებაში საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა თანადაფინანსების წილი შეაქვს. რაც შეეხება მკურნალობისას გამოვლენილ გვერდით მოვლენებს, ამ კუთხით სახელმწიფოს ფინანსები გამოყოფილი არ აქვს.

ზვიად აბულაძე C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია. როგორც მან „ლიბერალს" უთხრა, C ჰეპატიტის მკურნალობისას მას გვერდითი მოვლენა აღენიშნა - სისხლში ჰემოგლობინის დონე დაუვარდა (ანემია). მისი თქმით, ამის გამო C ჰეპატიტის მკურნალობის შეწყვეტის საშიშროება დადგა.

აბულაძე ჰყვება, რომ მას მკურნალმა ექიმმა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის დოზა შეუმცირა, თუმცა ამგვარმა ჩარევამ ჰემოგლობინის დონე მაინც ვერ დაასტაბილურა.

როგორც პაციენტი ამბობს, ვინაიდან გვერდითი მოვლენების მკურნალობა C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში არ შედის, მას დახმარება არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ექიმები-საფრანგეთმა“ გაუწია.

„ჰემოგლობინის ამწევი წამლის 10 ამპულა დამჭირდა. თითო დაახლოებით 64 ლარი ღირდა. კიდევ მჭირდებოდა სხვა წამლები, შედარებით იაფი, რომლებიც საკუთარი სახსრებით შევიძინე. საინექციო წამლების  შეძენაში არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ექიმები საფრანგეთი“ დამეხმარა. ესენი რომ არა, ფულს ფიზიკურად ვერ ვიშოვიდი და იულებული გავხდებოდი, შემეწყვიტა მკურნალობა. 600 ლარს მე ვერანაირად ვერ გავწვდებოდი“, - ამბობს აბულაძე.

რაც შეეხება შეკითხვას, სცადა თუ არა მან სხვა სახელმწიფო პროგრამით აღნიშნული მკურნალობის მიღება, აბულაძე ამბობს, რომ მას ამ კუთხით სახელმწიფოს იმედი არ ჰქონია.

„წამლები 3 დღეში უნდა მიმეღო. სახელმწიფო 3 დღეში მხოლოდ განაცხადსაც კი არ მიიღებდა. გადაწყვეტილების მიღებას კიდევ დრო დასჭირდებოდა და ა.შ. წამლები დროულად, რაც შეიძლება მალე უნდა მიმეღო, რომ ჰემოგლობინს აეწია. წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შემეწყვიტა“, - ამბობს აბულაძე.

„მსოფლიო ექიმები საფრანგეთის“ სოცმუშაკი გურამ შაფათავა ამბობს, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის დაწყებისას პაციენტები ძირითადად  ჰემოგლობინის დავარდნას უჩივიან.

მისი თქმით, მათი ორგანიზაცია მსგავსი პრობლემების მქონე 20-მდე პაციენტს დაეხმარა.

ამბობს, რომ ჰემოგლობინილის ამწევი თითო ამპულა დაახლოებით 64 ლარამდე ღირს. ექიმის დანიშნულების მიხედვით, ზოგ პაციენტს 7 ნემსი სჭირდება, ზოგს 10. იყო შემთხვევა, როცა პაციენტს 15  ამპულაც კი დასჭირდა.

„ვიცით შემთხვევები, როდესაც პაციენტი უბრალოდ პროგრამიდან გაეთიშა, რადგან ორგანიზმმა ვერ გაუძლო“, - ამბობს შაფათავა.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, ანემია C ჰეპატიტის მკურნალობის გვერდითი მოვლენა მართლაც არის. ინსტრუქციაშიც წერია, რომ „პაციენტების გარკვეულ პროცენტს შესაძლოა განუვითარდეს ანემია“.

მისი თქმით, ყველაზე მეტად ანემია სამკურნალო პრეპარატ „რიბავირინის“ გვერდითი მოვლენაა, რომელსაც პაციენტები კომბინირებული მკურნალობისას იღებენ.

„ყველა მკურნალობას აქვს გვერდითი მოვლენები, მათ შორისაა C ჰეპატიტის მკურნალობაც. პაციენტები ამის შესახებ თავიდანვე გაფრთხილებული არიან. ექიმის როლიც სწორედ ის არის, რომ გვერდითი მოვლენები მართოს და აკონტროლოს. მართვა ხდება დოზის კორექციით, თუმცა არის შემთხვევები, როცა ორგანიზმი დატვირთვას ვერ იტანს და, მიუხედავად კორექციისა, საჭირო ხდება მკურნალობის შეწყვეტა“, - ამბობს ბუწაშვილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას თქმით, სახელმწიფო „C ჰეპატიტის მართვის გვერდითი მოვლენებისთვის“ ცალკე პროგრამას ვერ შექმნის.

„უნიკალური პროექტია ხომ?! 120, 80 ათასდოლარიან მედიკამენტებს პაციენტები სრულიად უფასოდ იღებენ. თქვენ წარმოგიდგენიათ?! მსოფლიოში არსად ასე არაა. ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება. 84 ათასი დოლარი ღირს ერთი კურსი და ამას ჩვენ უფასოდ გავცემთ. ამასთან, გამოკვლევებიც თითქმის უფასოა. პაციენტები კომბინირებული მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებსაც უფასოდ იღებენ. ასე რონ, ბოდიში და ხომ შეიძლება, ადამიანმა სიცხის გასაზომად თავად გადაიხადოს თანხა“,  - აცხადებს კვარაცხელია.

თუმცა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ გვერდითი მოვლენების შემთხვევაში პაციენტებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის საშუალება აქვთ.

„სახელმწიფოს აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელშიც ფაქტობრივად ყველა ის ნოზოლოგია შედის, რომელიც გვერდითი მოვლენების დროს შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ამიტომ ისინი საყოველთაო ჯანდაცვით ფინანსდებიან. განსხვავებული შემთხვევისას, თუ ის საყოველთაო ჯანდაცვით არ ფინანსდება, პაციენტს რეფერალური პროგრამით სარგებლობის საშუალება ეძლევა“, - ამბობს კვარაცხელია.

როგორც „ლიბერალმა“ ჯანდაცვის სამინსიტროს ცხელ ხაზზე (1505) გაარკვია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მედიკამენტებს მხოლოდ ქიმიოთერაპიისა და ჰორმონოთერაპიის შემთხვევაში ანაზღაურებს, დანარჩენი შემთხვევებისთვის კი მედიკამენტებზე დაფინანსება არ გაიცემა.

რეფერალური პროგრამის შესახებ სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფერალური პროგრამის ფარგლებში საკითხის კომისიური წესით განხილვა ხდება. პაციენტს შეუძლია განცხადების შემოტანა. ამის შემდეგ კომისია განიხილავს მას და მიიღებს გადაწყვეტილებას დადებითი, უარყოფითი ან ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას მარინა დარეხველიძე, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსიც განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მედიკამენტები მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტთა შემთხვევაში იფარება.

სამკურნალო საშუალებები უფინანსდებათ მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, ასევე საპენსიო ასაკის მოსახლეობას, მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებს, შშმ ბავშვებსა და ვეტერანებს. ეს საშუალებები კი მხოლოდ 5 ძირითად ჯგუფს მოიცავს. (ბრძანება 53N,2010 წლის  26 თებერვალი გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალო საშუალებები,  ანტიალერგიული სამკურნალო საშუალებები, სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები). მისი თქმით, სოციალურად დაუცველებს ამ საშუალებებისთვის აქვთ წლიური 50 ლარი 50%-იანი თანაგადახდით, პენსიონერებს ბავშვებსა და შშმ პირებს 100 ლარი 50%-იანი თანაგადახდით და ა.შ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^