ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2014 წელს სოფელ მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის ფაქტებზე EMC-ის განაცხადი წარმოებაში მიიღო.
EMC დავობს მშვიდობიანი შეკრების მონაწილე ოთხი მუსლიმი პირის მიმართ პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ორგანიზაცია განმცხადებლების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლების დარღვევას ამტკიცებს.
ევროსასამართლომ სახელმწიფოს შემდეგი კითხვებით მიმართა:
განხორციელდა თუ არა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, კერძოდ:
- განხორციელდა თუ არა განმცხადებლების მიმართ არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა?
- არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისგან პროცედურული დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, (იხ. Labita v. Italy [GC], no. 26772/95, ECHR 2000 IV, § 131), ადგილობრივი ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიება იყო თუ არა განხორციელებული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით?
- ამოწურეთ თუ არა განმცხადებლებმა ყველა შესაბამისი შიდასამართლებრივი მექანიზმი კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლების ნაწილში (ეს მუხლები განმცხადებლებს არ ჰქონდათ მითითებული საქმეში და ex officio, სასამართლომ წამოწია წინ.)
- დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაირღვა თუ არა განმცხადებლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება, კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლების საწინააღმდეგოდ.
- ჰქონდათ თუ არა განმცხადებლებს შესაძლებლობა, კონვენციის მე-13 მუხლის სტანდარტის შესაბამსად, ეფექტური შიდასამართლებრივი მექანიზმებით დაეცვათ საკუთარი უფლებები განცხადებაში მითითებული მე-3, მე-8, მე-11 დამე-14 მუხლების დარღვევებთან დაკავშირებით.
- არიან თუ არა განმცხადებლები რელიგიის ნიშნით დისკირმინაციის მსხვერპლი, კონვენციის მე-14 მუხლის საწინააღმდეგოდ (აღნიშნული უნდა შეფასდეს კონვენციის მე-3 მე-8 და მე-11 მუხლებთან ერთად)
„2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში მდებარე ისტორიული მეჩეთის დემონტაჟის დროს, საკულტო ნაგებობასთან მობილიზებულმა პოლიციამ ადგილზე სპონტანურად შეკრებილი მუსლიმები კოლექტიურად (მთლიანობაში 14 ადამიანი) დააკავა და ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა. საქმეში განმცხადებლებს წარმოადგენს ის ოთხი პირი, რომელთა მიმართ პოლიციამ განსაკუთრებით სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა. შეკრების ადგილზე დაკავებისას ცემის გარდა, აღნიშნული პირები პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ, ერთ-ერთი მათგანის მიმართ კი სასტიკი ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. აგრეთვე, საპოლიციო ღონისძიების ყველა ეტაპზე დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები.'
განმცხადებლების მიერ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებები გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის, 14 დაკავებული პირის გარდა, 13 ნეიტრალური პირის ახსნა-განმარტებით; განმცხადებლების ფიზიკური დაზიანებების დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაციით; წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მიერ სპეციალურად ჩატარებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოკვლევის ექსპერტული დასკვნებით.
მე-3 მუხლის არსებითი მოთხოვნის დარღვევის კონტექსტში განმცხადებლები სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე დავობენ. პოლიციის მიერ ქართველი მუსლიმების მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა, რომელიც რელიგიური ნიშნით განპირობებულ დამამცირებელ მიმართვებში გამოიხატა, მათ მიერ არასათანადო მოპყრობის სიმძიმეს აძლიერებს და განმცხადებლების განსაკუთრებულ მოწყვლადობაზე მიუთითებს.
განაცხადში მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევის ნაწილში განმცხადებლები დეტალურად განიხილავენ გამოძიების მიმდინარეობის ხარვეზებს და მის არაეფექტურობაზე საუბრობენ.
პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, თუმცა EMC-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე განმცხადებლებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული. ეს გარემოება განმცხადებლებს სრულად ართმევთ გამოძიების პროცესის კონტროლისა და ზედამხედველობის შესაძლებლობას. საქმეში პრობლემურია სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან პროკურატურა სრულიად უგულებელყოფს პოლიციის ქმედებებში სიძულვილის მოტივის არსებობის შესახებ შექმნილ გონივრულ ვარაუდს. მოწმეების მხრიდან კანონის დარღვევით მოქმედი კონკრეტული პოლიციელების იდენტიფიცირების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომლის მიმართ არ ჩატარებულა ამოცნობის საგამოძიებო ღონისძიება და არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა. მნიშვნელოვანია, რომ მოწმეთა მიერ დასახელებული პირების რაიმე ფორმით დასჯის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი გელა კოხოძე დაწინაურდა და აღნიშნული ინციდენტის შემდგომ მოხეში საგანგებოდ გახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად დაინიშნა.
საქმეზე გამოკვეთილი სიძულვილის მოტივი და შემდგომი არაეფექტური გამოძიება მე-3 მუხლის გარდა, კონვენციის მე-14 მუხლის, კერძოდ სახელმწიფოს მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების დარღვევაზეც მიანიშნებს.
განაცხადში, მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის გარდა, EMC უთითებს, მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური ნიშნით ძალადობისა და შეუწყნარებლობის სისტემურ ფაქტებზე (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, მოხე, ქობულეთი, ადიგენი) და ამ მიმართულებით სახელმწიფოს არაეფექტურ და არასეკულარულ პოლიტიკაზე. ამ კუთხით ორგანიზაცია უთითებს ბოლო დროს საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის) კრიტიკულ შეფასებებზე. აღსანიშნავია, რომ მუსლიმი თემის უფლების შეზღუდვის ფაქტზე ზემოთ მითითებულ საქმეებზე არც ერთ პირს ამ დრომდე პასუხისმგებლობა არ დაკისრებია და მიმდინარე კონფლიქტები, მუსლიმების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე, ფაქტობრივად კონსერვირდა.
EMC სასამართლოს საქმის გარშემო არსებულ ვრცელ პოლიტიკურ კონტექსტში შეფასებას სთხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ დარღვევის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს არადომინანტი რელიგიური ჯგუფების რელიგიური და სხვა უფლებების დაცვისთვის" - ნათვამია EMC-ის განცხადებაში.
მოხელი მუსლიმების შეუცვლელი მოთხოვნა
ვაშაყმაძე: მოხეში მუსლიმ თემს ლოცვის პრობლემა არ ჰქონია
პოლიციამ მოხეში სადავო ნაგებობის კარი ჩახერგა - შსს: კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ