ზვარეში ხვალიდან „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში" მუშაობა აღდგება. მუშების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და კომპანიამ მენეჯმენტის 16-მდე თანამშრომელი გაუშვა, - ამის შესახებ „ლიბერალს" გიორგი თაბუკაშვილმა უთხრა, რომელიც კომპანიაშია დასაქმებული. მისი თქმით, კომპანიაში ადგილობრივებისთვის მისაღები პირები იმუშავებენ.
მოლაპარაკებებში ჩართულები იყვნენ საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები, პროფესიული კავშირები და ადგილობრივი თვითთმმართველობა.
ამასთან, რომ „აუდიტორია 115"-ის წევრი ირაკლი კუპრაძე წერს, ადგილობრივმა მუშებმა პროფკავშირების დახმარებით ჩინეთის რკინიგზასთან შეთანხმებას მიაღწიეს:
„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მენეჯმენტი, ვის მიმართაც პრეტენზიები არსებობდა, შეიცვლება.
მუშებს აუნაზღაურდებათ გაფიცვის პერიოდში გაცდენილი სამუშაო დღეები.
მენეჯმენტში მოადგილეებად დაინიშნებიან ადგილობრივი-ქართველი წარმომადგენლები, რათა კომუნიკაცია ხელმძღვანელობასა და დასაქმებულებს შორის არსებობდეს.
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში რკინიგზის ობიექტზე რემონიტორინგისთვის დაშვებული იქნება შრომის ინსპექცია და პროფკავშირები.
ჩინური რკინიგზის წარმომადგენელმა მომხდარის ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა: ,ჩინელებს ერთი გამოთქმა გვაქვს: ჩხუბის შემდეგ მეგობრობით დიდი ძმობა იწყება და იმედი გვაქვს ასეც იქნებაო".
დასაქმებულების სიცოცხლის და კეთილდღეობის დასაცავად, ქმედით შრომის ინსპექციას ალტერნატივა არ გააჩნია!", - წერს კუპრაძე.
2 ნოემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, ორ ადგილობრივ მოსახლეს, რომლებიც სოფელში შეშას ეზიდებოდნენ, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშომლებმა გზა გადაუკეტეს და უთხრეს, რომ ადგილობრივებმა შეშა კომპანიის ტერიტორიიდან მოიპარეს. ზვარეში მცხოვრებლებმა მათ უპასუხეს, რომ შეშა არ მოუპარავთ, ტყიდან მოჰქონდათ. შელაპარაკების დროს, კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იყენებდნენ ცივ იარაღს. ინციდენტს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში" დასაქმებული ორი მუშა შეესწრო. კომპანიის წარმომადგენლებმა მუშებსაც სცემეს. ოთხივე მათგანი იმ საღამოსვე საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს - ამის შესახებ ზვარეში მცხოვრები ადამიანები და კომპანიაში დასაქმებულები ყვებიან.
მომხდარიდან მეორე დღეს კომპანიაში დასაქმებულმა მუშებმა პროტესტის ნიშნად სამუშაო ადგილზე შესვლაზე უარი თქვეს.
პოლიციამ მუშებზე ძალადობის გამო, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა: 33 წლის ჭ. ლ., 33 წლის ჩ.ჟ. და 32 წლის ჰ.ჩ.