ნარკოტიკებ
„2016 წლის 14 ნოემბერს საღამოს სამსახურიდან მივდიოდი სახლში, მეზობლად შევჩერდი კორპუსთან, სადაც მაღაზიაში ხილი უნდა მეყიდა და მეგობარი მენახა. მანქანა როგორც კი გავაჩერე, მომადგნენ პოლიციელები (აქტიურობდა თ. ო. და მისი თანმხლები პირები, როგორც მითხრეს უფროსები იყვნენ) და მითხრეს რომ მანქანაში მექნებოდა მარიხუანა. მე ვუთხარი, რომ არავითარი მარიხუანა არ მქონია. არ დამიჯერეს, გამჩხრიკეს, ვერაფერი ვერ იპოვნეს, ჩამსვეს საკუთარ მანქანაში, მეორე მანქანით გამოგვყვნენ და წამიყვანეს თბილისის ზღვისკენ, სადღაც სიბნელეში, სავარაუდოდ სასაფლაოსთან გააჩერეს, გადმომიყვანეს, გაჩხრიკეს მანქანა, როცა იქაც ვერაფერი ვერ იპოვეს ჯიბეში ჩამიდეს უცნაურად შეკრული ნივთი და მითხრეს, რომ ამას ჩამიდებნენ და დამიჭერდნენ თუ არ მივაწვდიდი გარკვეულ ინფორმაციას. მე უარი განვაცხადე, რის შემდეგაც წამიყვანეს ვაზისუბნის პოლიციაში.
პიროვნებამ, რომელიც გამეცნო პოლიციის უფროსად იყო თ. ო. და მისმა მოადგილემ პოლიციაში მითხრა, რომ ორი არჩევანი მქონდა - მომიტანა ორი გადახვეული ნივთიერება და მითხრა, რომ ერთი იყო ბიო მოსაწევი, მეორე პლანი. თუ ვაღიარებდი, რომ ჩემი იყო, დამიჭერდნენ პლანით, დამეხმარებოდნენ, რომ მანქანის ტარების უფლება არ ჩამოერთვა სასამართლოს, რადგანაც მანქანით ვინახავ ოჯახს თუ არა და ჩამიდებდნენ ბიოს და ციხეში ჩამსვავდნენ. მოვითხოვე ადვოკატი, რაზედაც კატეგორიული უარი მივიღე. მივხდი, რომ განწირული ვიყავი, რადგანაც მანამდე დაჯარიმებული ვიყავი მარიხუანის მოხმარებაზე და არავინ გაითვალისწინებდა ჩემ სიმართლეს და დავეთანხმე პლანის ჩადებაზე.
მომაწერინეს ხელი დაკავების და გაჩხრეკვის ოქმზე და პატარა მარკაზე, რომელიც კონვერტს მიაკრეს, რომელშიც პლანი ჩადეს. ჩემი მანქანა დააყენეს იქ, საიდანაც წამიყვანეს და გადამიყვანეს ნარკოლოგიურში, საიდანაც მოვხდი წინასწარი დაკავების იზოლატორში. თ. ო. მახსოვს თელავიდან, როდესაც რამდენიმე წლის წინ სახლში შემომივარდა. მარტოს მყავდა ჩემი 7 წლის შვილი დასასვენებლად ჩაბარებული. ატირებული ბავშვი მარტო დამიგდო და ნარკოლოგიურში წამიყვანა", - აცხადებს გიორგი ადეიშვილი.
როგორც „ლიბერალთან" საუბრისას ადეიშვილის ადვოკატი, როლანდ ასაკაშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელებმა კონკრეტულად ერთ-ერთი მეგობრის სახელი უხსენეს და უთხრეს, რომ თუ „ბიოს აიტანდა ამა და ამ პირთან სახლში, პრობლემა არ გექნება და გაგიშვებთო, თუ არადა, აქედან ერთ-ერთი შენ უნდა აიღოო".
„მე ვერაფერს ვერ ვწყვეტ, დავალება არისო - ასე უთხრეს ადეიშვილს", - ამბობს ასაკაშვილი.
როგორც ადვოკატი აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ის დღეს გენინსპექციისა და პროკურატურისადმი მიმართვას აპირებს.
როგორც „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია სამართალდამცველთა მხრიდან რაიმე გადაცდომაზე, მიმართოს გენერალურ ინსპექციას, რომელიც ჩაატარებს სამსახურებივ შემოწმებას".