Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან - რას მოუტანს ეკონომიკას მთავრობის გეგმა

01 დეკემბერი, 2016 17:09

29 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა. ის ეროვნულ ბანკთან ერთად, ე.წ. ლარიზაციის გეგმაში შეტანილ სიახლეებსაც შეეხო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აქვთ აღებული, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლებათ.

რეგულაციები შეეხება ონლაინსესხებსაც. გაიზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი,  თამბაქოს ნაწარმსა  და ნავთობროდუქტებზე გაიზრდება აქციზის გადასახადი, აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზეც. აქციზის ფასების ზრდის პარალელურად ბიზნესისთვის მთავრობამ მოგების გადასახადის რეფორმა დააანონსა, რომელიც ძალაში 2017 წლის იანვარში შევა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ტონა ბენზინზე აქციზური მარკა 250 ლარით გაიზრდება და 500 ლარი გახდება. შესაბამისად, ტონა (1000 კილოგრამი) ბენზინი დაახლოებით 1330 ლიტრია, ეს კი ლიტრზე 19-თეთრიან გაძვირებას ნიშნავს.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა მაია გრიგოლიამ „ლიბერალთან“ მთავრობის მიერ დაანონსებული სიახლეები შეაფასა. მისი თქმით, ზოგადად სესხის გაცემა ნებისმიერ პირს თავისუფლად უნდა შეეძლოს. ეს არის უფლება, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას, განახორციელოს თავისი ფინანსური რესურსის ინვესტირება.

„ეს არის აუცილებელი პირობა, რომ გავზარდოთ მომხმარებლის ფინანსებთან ხელმისაწვდომობა. ონლაინსესხების აკრძალვის მთავარი არგუმენტია, რომ ადამიანებმა კარგად არ იციან, რაში იღებენ სესხს, შემდეგ ვეღარ აბრუნებენ, კოტრდებიან და ამიტომ, სჯობს ხელი შევუშალოთ ასეთ კომპანიებს, დავაწესოთ რეგულაციები და შევზღუდოთ ასეთი საქმიანობა. ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანია, რადგან ფინანსურ რესურსებზე არსებული მოთხოვნა არ გაქრება და სხვა ფორმად გარდაიქმნება. გაჩნდება ჩრდილოვანი კრედიტების ბაზარი, სადაც გადამხდელების მდგომარეობა კიდევ უფრო რისკიანი და დაუცველი გახდება. დიდი ალბათობით, უფრო მაღალ პროცენტიანიც. სწორედ ეს შეზღუდვა იწვევს ამ პროცესის არალეგალურ სივრცეში გადატანას და მევახშეობის ყველაზე მტკივნეული ფორმით გავრცელებას“, - ამბობს მაია გრიგოლია.  

რაც შეეხება სესხის ლარში კონვერტაციას, მისი თქმით, გაცვლითი კურსი საქართველოში მუდმივად ცვალებადი იქნება ჩვენ მიერ არჩეული რეჟიმიდან გამომდინარე და ეს ზოგადად არ ამართლებს ბიუჯეტიდან სესხების კონვერტაციის სუბსიდირებას.

„რა მოხდება, თუ კურსი გამყარდება? დავუშვათ, სესხის აღების მომენტში კურსი იყო 1, 9 და ახლა გადააკონვერტირებენ 2,3- ად. რა მოხდება, თუ მომავალ წელს კურსი იქნება 2, 1? ესეც რომ არ იყოს, მაინც ვერ გავამართლებ ბიუჯეტიდან სესხების კონვერტაციის სუბსიდირებას. მაშინ, როდესაც ვდგამთ ერთ ნაბიჯს წინ და ორს უკან, საბოლოოდ უკან ჩამოვრჩებით. ჩვენ ხომ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასა და აქედან გამომდინარე, ხარჯების შემცირებაზე ვზრუნავთ. როგორ შეიძლება ამას დავუპირისპიროთ სუბსიდირება? ამასთან ახლა, როცა გაცვლითი კურსი პიკშია, სესხების კონვერტაციის შეთავაზება აჩენს განცდას, რომ კიდევ მეტ გაუფასურებას უნდა ველოდოთ და ეს მოლოდინი ნამდვილად შეიძლება დასრულდეს შემდგომი გაუფასურებით.   

ამ გადაწყვეტილებებს, გარდა პირდაპირი შესაძლო უკუეფექტებისა, კიდევ ერთი უარყოფითი გარემოება ახლავს თან. კერძოდ, რეგულაციების რეფორმების დაანონსება და მოკლე ვადებში განხორციელება ინვესტორებისთვის დაუცველ გარემოს ქმნის და გაურკვევლობის შეგძნებას აჩენს“, - ამბობს მაია გრიგოლია.  

მაია გრიგოლია დადებითად აფასებს მთავრობის ინიციატივას ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.

„2017 წელს მოგების გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების კლების ფონზე, მნიშვნელოვანი იქნება ხარჯების ადეკვატურად შემცირება და დეფიციტის 3%-იან ნიშნულამდე შემცირება. როდესაც ესტონეთმა 2000 წელს გაუნაწილებელ მოგებაზე გადასახადი გააუქმა, ბიუჯეტში წარმოქმნილი დანაკლისი აქციზის გადასახადის ზრდის ხარჯზე შეავსო. ასე რომ, თამბაქოზე, ალკოჰოლზე და ავტომობილებზე აქციზის ზრდა საქართველოშიც ნაწილობრივ დააბალანსებს შემოსავლების დანაკლისს.

რაც შეეხება ნავთოპროდუქტებზე აქციზის ზრდას, ის მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება იყოს გამართლებული - ის იძლევა სტიმულს, რომ მაღალ ტექნოლოგიებზე გადაერთოს როგორც მოსახლეობა, ასევე საწარმო სექტორი. თუმცა თუ მრეწველობამ ვერ შეძლო ახალ ტექნოლოგიებზე გადართვა, ნავთობის გაძვირება გააძვირებს წარმოებას და შემდეგ ფასებს“, - განუცხადა „ლიბერალს“ მაია გრიგოლიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^