„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და 40-მდე ორგანიზაცია, რომელსაც ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა აერთიანებს, ითხოვს, არა მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების, არამედ აბსოლუტურად ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და მცირე ოდენობის ფლობის დეკრიმინალიზებას, - ამის შესახებ გადაცემა „არჩევანში“ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა დათო სუბელიანმა განაცხადა.
„ნებისმიერი ის დისკუსია, რომელიც იქნება იმაზე, რომ არ მოხდეს ყველა ტიპის ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზება და გავაკეთოთ მხოლოდ მსუბუქის - ეს ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმით ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება დახმარება, ეს არიან ინექციური ნარკომომხმარებლები, რომლებიც არ არიან ცოტანი, არიან 50 000, რაც ქვეყნისთვის მაღალი მაჩვენებელია. მხოლოდ მარიხუანას დეკრიმინალიზება მათთვის ვერაფერი ხეირი ვერ იქნება, ამასთან მარიხუანას მოხმარების გამო ფაქტიურად დეფაქტო დეკრიმინალიზება გვაქვს მიღებული [საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე]“, - განაცხადა სუბელიანმა.
მან გადაცემაში პორტუგალიის მაგალითზე ისაუბრა, სადაც ყველა ტიპის ნარკოტიკების დეკრიმინალიზება მოხდა და ასევე, პარალელურად ზიანის შემცირებისა და სამკურნალო სერვისები განვითარდა.
რატომ არის პორტუგალიის მაგალითი კარგი? - სუბელიანის თქმით, იმ პერიოდში როდესაც პორტუგალიამ ეს რეფორმა გააკეთა, ფინანსური მაჩვენებლებით ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მეტწილად მოიხმარდა მძიმე ნარკოტიკს 1% შეადგენდა. მისი თქმით, მოსახლეობის ეს ნაწილი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იყო, ვიდრე საქართველოს პრობლემური მომხმარებლები.
„მათ ჰქონდათ განათლების ძალიან დაბალი დონე, უმუშევრობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, იყო მაღალი დონე კრიმინალის, ქუჩებში ხდებოდა ფაქტობრივად მოხმარება. ასევე შიდსის, ჰეპატიტისა და ინფექციების გავრცელების მაღალი მაჩვენებელიც. მიუხედავად იმისა, რომ რიგი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მოძრაობები ითხოვდნენ ცვლილებებს, პორტუგალია, საქართველოს მსგავსად, ნახულობდა მიზეზს, რომ ეს არ გაეკეთებინა. ამბობდნენ, რომ ჩვენ სერვისები არ გვაქვს, მზად არ ვართ და ა.შ. და დადგა მომენტი, როდესაც მოხდა ტრაგიკული რამ - პრემიერ-მინისტრის შვილი ზედოზირებით გარდაიცვალა. და ეს გახდა შემდეგ ბიძგი მთელი რიგი ცვლილებებისა. როდესაც ამ ადამიანს პირადად შეეხო ეს ამბავი, კარგად გაიაზრა, რომ იმ ქვეყანაში, რომელიც დღეს არის პორტუგალია, მისი შვილი არ დაიღუპებოდა, იმიტომ, რომ მის შვილს ექნებოდა წვდომა სერვისებზე, სერვისის თანამშრომლებს ექნებოდათ წვდომა მის შვილზე, რომელიც აღარ დაიმალებოდა სარდაფში კრიმინალიზების გამო“, - განაცხადა სუბელიანმა.
რა მოიტანა პორტუგალიაში დეკრიმინალიზებამ? სუბელიანის თქმით, პორტუგალიაში დეკრიმინალიზების 15 წლის განმავლობაში ზედოზირებით გარდაცვალების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.
„რომ შეხედოთ გრაფიკას ევროპის სხვა ქვეყნებისა და პორტუგალიის, ნახავთ რომ სრული ვარდნაა ზედოზირებით გარდაცვალების რაოდენობისა. მხოლოდ დეკრიმინალიზების პირობებეშია შესაძლებელი ადამიანები დავიცვათ ზედოზირებისგან, რატომ იმიტომ, რომ ისინი იქნებიან კავშირში პროფესიონალებთან, ექიმთან, რომლებიც აუხსნიან მათ უსაფრთხო მოხმარების პრაქტიკებს“, - აღნიშნა სუბელიანმა.
მისი თქმით, ქვეყანაში ზიანის შემცირების პროგრამების სტრატეგიები მიზნად უნდა ისახავდეს იმას, რომ ის ზიანი, რასაც ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებისგან იღებენ, იყოს მაქსიმალურად შემცირებული.
„ამასთან, პორტუგალიაში, რეფორმის შემდეგ პრობლემური ნარკომომხმარებლების რიცხვი კლებადია, განსაკუთრებით კლებადი რეგიონში არსებული ქვეყნებისა. ასევე ქვეყანამ შეამცირა შიდსისა და ჰეპატიტის ახალი შემთხვევების რაოდენობა... ეს მოდელი მუშაობს - მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს მოდელი მუშაობს ადეკვატურ სერვისებთან ერთად. ბევრი მთავრობა ამბობს რომ არ არიან მზად სერვისების განვითარებისთვის, თუმცა თუ არ მოხდება დეკრიმინალიზება, სერვისები არ განვითარდება. ვისთვის უნდა განვითარდეს სერვისები? 50 000 ადამიანი, რომელიც დღეს დამალულია?! დამალული ადამიანებისთვის სერვისებს ვერ განავითარებ. ადამიანები უნდა ამოვიდნენ ზემოთ, რომ მიიღონ სერვისი“, - აღნიშნა სუბელიანმა.