„მარიხუანის მოხმარების შედეგებია: იმუნიტეტის დაქვეითება, სიმაღლეში ზრდის შეჩერება, მამაკაცის სასქესო ჰორმონების შემცველობის შემცირება, ფილტვის ქსოვილის დაზიანება, ღვიძლია დაზიანება, გარემოს აღქმის დაქვეითება, ახალი ინფორმაციის ათვისების უნარის, დაქვეითება ან დაკარგვა, პიროვნული თვისებების შეცვლა, თავის ტვინის შეუქცევადი ზიანი - ჭკუასუსტობა“, - ამის შესახებ მე-8 კლასის ბიოლოგიის გრიფირებულ წიგნში წერია, რომლის ავტორებიც ნანა ზაალიშვილი და ნანა იოსებაშვილი არიან.
სახელმძღვანელოში ასევე აღნიშნულია, რომ მარიხუანა ნიშნავს „მომწამვლელს“ და პირდაპირ მიუთითებს მოსალოდნელ შედეგებზე.
„მარიხუანის რეგულარული მიღების შემდეგ ვითარდება ბოდვითი აზროვნებისკენ მიდრეკილება. დიდი დოზებით სისტემატურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ფსიქოზი - ბოდვა, ილუზიები, პალუცინაციები, პანიკა, აგრესიულობა. მარიხუანის მოწევა თამბაქოზე ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას. ბევრად უფრო მაღალია ფილტვის კიბოს განვითარების რისკიც. თავისი დამაზიანებელი ეფექტებით, ერთი ულუფა მარიხუანა 5 ღერი სიგარეტის ტოლფასია“, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
რამდენად კომპეტენტურია და სამედიცინო საფუძვლებით გამყარებული სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია, ამის შესახებ „ლიბერალი“ დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევარ ირმა კირთაძეს ესაუბრა.
„არასდროს წამიკითხავს, რომ მარიხუანა მომწამვლელს ნიშნავს“, - ამბობს კირთაძე. მისი თქმით, სახელმძღვანელოში მოცემული გარკვეული ინფორმაცია გადაჭარბებულია და სამედიცინო მტკიცებულებებს არ ეფუძნება. ის ამბობს, რომ სწორი ინფორმაციის მიწოდება და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მოზარდები ჩვენ გარეშეც იღებენ ინფორმაციას, რომელიც დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია.
„ამიტომ, თუ ჩვენ მათ სიმართლეს დავუმალავთ, მერე უბრალოდ აღარ დაგვიჯერებენ, მათ ნდობას დავკარგავთ“, - ამბობს ირმა კირთაძე.
მისი თქმით, უშუალოდ სახელმძღვანელოში მოტანილ ფაქტებთან დაკავშირებით მეცნიერებას დღემდე არ აქვს ცალსახა პასუხი. მაგალითად, გადაჭრით ვერანაირი კვლევა ვერ ასაბუთებს, რომ მარიხუანას აქვს პოტენციალი, გამოიწვიოს ისეთი ფსიქიკური აშლილობა, როგორიც არის შიზოფრენია. მისივე თქმით, ეს რომ მედიცინის მიერ იყოს დასაბუთებული, პირველი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყოდა ამის შესახებ. თუმცა ასეთი პირდაპირი კავშირი ვერ დგინდება. ერთადერთი, რაც ნამდვილად დგინდება არის ის, რომ, ვისაც აქვს გარკვეული წინასწარგანწყობა, ანუ პრედისპოზიცია, რომ მას შესაძლოა მომავალში მენტალური პრობლემა განუვითარდეს, მარიხუანის რეგულარული მოხმარება შესაძლოა მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინოს.
ის, რომ „მარიხუანის მოწევა სასუნთქ სისტემას თამბაქოზე მეტად აზიანებს“, კირთაძე ამბობს, რომ უმრავლეს შემთხვევაში მარიხუანის მწეველები პირველად თამბაქოს მოიხმარენ, ასევე მარიხუანის მწეველთაგან ბევრი თამბაქოსაც ეწევა, ასევე მარიხუანას მოიხმარენ თამბაქოსთან ნარევში. თუ აქ დამატებით ფაქტორად სიგარეტს და მასში შემავალ ნიკოტინს, კუპრს და კანცეროგენულ ნივთიერებებს გავითვალისწინებთ, მეტი ზიანის მომტანად თამბაქო გვევლინება, ვიდრე მხოლოდ მარიხუანა. შესაბამისად, მეცნიერებას აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა და გადაჭრით თქმა, რომ სასუნთქ სისტემას თამბაქოზე მეტად მარიხუანა აზიანებს, დღეს გაუჭირდება. მარიხუანას სულ უფრო მეტად იკვლევენ და მომავალში მეტი დაზუსტებული მტკიცებულება გვექნება მის შესახებ.
„სიმაღლეში ზრდის შეჩერება. მამაკაცის სასქესო ჰორმონების შემცველობის შემცირება.
ფილტვის ქსოვილის დაზიანება. ღვიძლის დაზიანება. გარემოს აღქმის დაქვეითება - ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც საკმაოდ სერიოზული დარღვევების დროს ვითარდება, რის განვითარებასაც ძალიან ხშირი, ინტენსიური და ხანგრძლივი მარიხუანის მოწევა და კიდევ სხვა რისკფაქტორების თანაარსებობა სჭირდება. მარიხუანის მოწევას ნამდვილად სდევს ტესტოსტერონისა და მალუთეინიზირებელი ჰორმონების მატება, თუმცა ასევე ახასიათებს ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის ჰორმონის შემცირება. ამიტომაც ეს მნიშვნელოვანია, თუ მარიხუანას მოხმარება მოზარდობის, ე.წ. თინეიჯერობის ასაკში იწყება, რადგან ყველა ეს ჰორმონული ცვლილება მოზარდის ზრდა-განვითარებაზე აისახება“, - ამბობს კირთაძე.
მისი თქმით, ვინაიდან მოზარდობის ასაკში თავის ტვინის განვითარების, ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისა და კოგნიტური ფუნქციების უფრო მეტად დახვეწის პერიოდია, ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ტვინის პასუხი ამა თუ იმ ნივთიერებაზე, მათ შორის კანაბინოიდებზეც.
როგორც კირთაძე ამბობს, ის, რომ მოზარდობის ასაკში მარიხუანის მოწევის დაწყება და მისი მოხმარების სიხშირე გავლენას ახდენს მოზარდის სწავლის, მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარებზე, რაც პირდაპირი წესით აისახება მათ IQ-ზე, ეს სიმართლეა.
მისი თქმით, როდესაც ამბობენ, რომ მარიხუანა მოზარდებში აქვეითებს სწავლის უნარს, კოგნიტურ ფუნქციებს, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მარიხუანა არ არის. ასეთი სიტუაციები ჩვენ შეიძლება დაგვიდგეს სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგადაც, რასაც კვლევისას თავიდან ვერ აიცილებ.
„მაგალითად, ყველაზე წამყვანი ეს სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს მოზარდის დასწავლის უნარზე, მის IQ-ზე. ამიტომ კვლევის ჩატარებისას ამ ფაქტორებს გვერდს ვერ აუვლი. ეს ისეთი ფაქტორებია, რომელიც გინდა, არგინდა გავლენას ახდენს ძირითად შედეგზე. მახსენდება ცნობილი დუნედინის პროსპექტული კოჰორტა, რომელმაც 1972/73 წლებში დაბადებული 1037 პირი მოიცვა და 40 წელიწადს გრძელდებოდა. მთელი ამ ლონგიტუდური კვლევის მანძილზე ხდებოდა პერიოდული შეფასებები და ტარდებოდა კვლევები. ამ კვლევის თანახმად, მარიხუანის მწეველებში IQ-ს დონე დაბლა იწევს, რაც უფრო აქტიურია მწეველი, მით მეტად დაბალია ის. თუმცა კორელაციები არის კიდევ სხვა დამაბნეველ ქვეფაქტორებთანაც, როგორიცაა, მაგალითად, ალკოჰოლის მოხმარება. ვინაიდან მოზარდობის ასაკში ალკოჰოლის მოხმარებაც ხშირია. ამიტომ ამ კვლევის მიზეზ-შედეგობრივი ინტერპრეტაცია ეფუძნება დაშვებას, რომ მარიხუანის ყველა მომხმარებელს თანაბარი IQ ექნებოდა, რომ არ მოეწიათ მარიხუანა", - ამბობს კირთაძე.
რაც შეეხება „ჭკუასუსტობას“, მისი თქმით, მარიხუანასთან მიმართებით „ჭკუასუსტობას“ არ იყენებენ, რადგან ეს ტვინის ძალიან მძიმე დაზიანების შედეგია, რომელსაც უფრო ხშირად ალცჰეიმერის, პარკინსონის დაავადებასთან მიმართებაში იყენებენ ხოლმე, ანსენილურ დემენციასთან. სისხლძარღვოვანი ჭკუასუსტობა ძალიან ღრმა მოხუცებულობის ასაკში ვითარდება. ამ დროს ტვინში ძალიან სერიოზული ტვინის სისხლძარღვების დარღვევა მიმდინარეობს. ეს ფაქტობრივად ტვინის ქსოვილის ანთებითი პროცესია და ჭკუასუსტობა ამ დაზიანების გამოვლინებაა, რასაც მარიხუანის შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვიტყვით. პირიქით, მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც ამ მიმართულებით მარიხუანის ფოთლებში შემავალი კანაბინოიდების პრევენციული შესაძლებლობების შესწავლას ცდილობენ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში ყურადღება განსაკუთრებით იყოს გამახვილებული ალკოჰოლის გავლენაზე, რაც მარიხუანაზე გაცილებით საზიანოა ორგანიზმისთვის.
„ალკოჰოლის მოხმარება არ არის ისეთივე დემონიზებული, როგორც მარიხუანის მოწევა. რატომღაც მშობლებს ჰგონიათ, რომ მათი შვილები მოზარდობისას მარიხუანისგან მეტ ზიანს მიიღებენ, ვიდრე ალკოჰოლისგან. ძალიან ტოლერანტული ვართ ალკოჰოლის მიმართ. ამ დროს კი მე ალკოჰოლს დავაყენებდი მწვავე საკითხად. მოზარდს უნდა ვასწავლოთ, რომ ალკოჰოლი მარიხუანაზე მეტად საზიანოა. ამით არ ვამბობთ იმას, რომ ალკოჰოლის მიღებას მარიხუანის მოწევა სჯობს. უბრალოდ მარიხუანასთან ერთად წამოვწევდი ალკოჰოლის თემასაც, რომელიც ჩვენს კულტურაში ერთგვარად ნორმალიზებულია. და საერთოდაც სწორი ინფორმაციის მიწოდება და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ძალიან კრიტიკული, ამოსავალი წერტილია. მოზარდები ჩვენ გარეშეც კითხულობენ ინფორმაციას, დღეს ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის, ამიტომ თუ ჩვენ მათ სიმართლეს დავუმალავთ, მერე უბრალოდ აღარ დაგვიჯერებენ, მათ ნდობას დავკარგავთ“, - ამბობს კირთაძე.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ეროვნული სასწავლო გეგმების ბიოლოგიის ექსპერტი მზია ვარაზაშვილი ამბობს, როდესაც ეროვნული სასწავლო გეგმა დაიწერა, მათი პოტენციური ავტორები ნარკოლოგებს შეახვედრეს, რომლებმაც ავტორებს ვორკშოპის მსგავსი რამ ჩაუტარეს და ასევე გადასცეს რიდერები.
„ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ: თემაში გასარკვევად ავტორები სპეციალისტებს დავაკავშირეთ“, - ამბობს ვარაზაშვილი.
სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, ნანა ზაალიშვილი ამბობს, რომ როდესაც სახელმძღვანელოზე მუშაობდა, სარგებლობდა მონაცემებით, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში იყო გავრცელებული. მისი თქმით, ის არ სარგებლობდა მხოლოდ სპეციალისტების მიერ მიწოდებული მონაცემებით, არამედ სხვა მონაცემებსაც ეყრდნობოდა.
„ეს ჩემგან არ მოდის, ამისთვის დაელაპარაკეთ იმათ, ვინც ამას აქვეყნებს. ესენი არიან ამ დარგის სპეციალისტები. მათ დაეკითხეთ, დგება თუ არა გრძელვადიან პერიოდში ასეთი შედეგები“, - ამბობს ავტორი.