Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპუტატ დავით სონღულაშვილის პასუხი „ლიბერალში“ გამოქვეყნებულ მასალაზე

29 დეკემბერი, 2016 12:06

"დეპუტატი დავით სონღულაშვილი, რომელმაც გასულ კვირას საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა, ეხმაურება „ლიბერალის“ მიერ მომზადებულ მასალას, სადაც ნათქვამია, რომ „ხეების ჭრაზე კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატის ოჯახი სამშენებლო კომპანიას ფლობს".

გთავაზობთ სრულ, უცვლელ ტექსტს, რომელიც დეპუტატმა „ლიბერალის“ ნიუსის საპასუხოდ მოამზადა.

მსურს, გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ჩემს მიერ დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

მე ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს ის პროცესები, რომელიც მწვანე საფარის განადგურებას იწვევს. ვაცნობიერებ იმასაც, რომ უმეტეს შემთხვევაში პროტესტს რეალური საფუძველი გააჩნია.

პარლამენტარობამდე და შემდეგ უკვე დეპუტატის რანგში არაერთი შეხვედრა მქონია მუნიციპალიტეტის, ასევე ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან. ჩემს კოლეგებთან ერთად არსებული სიტუაციის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა მოვახდინეთ და გამოვკვეთეთ ის პრიორიტეტული საკითხები, რომლის გადაჭრაც კანონმდებლობის ფუნდამეტალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული.

ჩვენ ვფიქრობთ ინიციატივა, რომელიც ახლა კანონპროექტის სახეს იღებს პროცესის მონაწილე ყველა ჯგუფის ინტერესებს და პირველ რიგში გარემოსდაცვით სტანდარტებს, მაქსიმალურად ასახავს. სხვაგვარად ვერც საზოგადოება იქნება კმაყოფილი და ვერც ბიზნესი და მშენებლობის ოპერატორები და ვერც მწვანე საფარის შენარჩუნება-განვითარებას თუ გაფართოებას შევძლებთ.

ინიციატივის მიზანი, როგორც ეს ზოგ პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, არ არის მხოლოდ დაავადებული მცენარეების მოჭრაზე ნებართვის გაცემის რეგულირება. ინიციატივისა და შემდგომში უკვე კანონპროექტის მიზანია, მოწესრიგდეს და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს  დაექვემდებაროს მწვანე საფარის ცვლილების ნებისმიერი პროცედურა. გაიწეროს კონკრეტული პასუხისმგებელი პირები როგორც შეფასების, ასევე აღსრულების ნაწილში, კონკრეტული მექანიზმები და ვადები ჩამოყალიბდეს დეველოპერებისა და მუნიციპალიტეტის ურთიერთქმედებებში, და რაც მთავარია მონიტორინგის აღმასრულებელი რგოლი კანონით გათვალისწინებული ფუნქციებით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით აღიჭურვოს.

დღეს გვაქვს მახინჯი კანონმდებლობა, რომელიც სათავეა გარემოსთან და მწვანე საფართან დრაკონული დამოკიდებულების. დღეს გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც გარემოსდაცვით პროცესს ურთიერთდაპირისპირების პლათფორმად აქცევს, სადაც ბიზნესი და დეველოპერები, მათ შორის ბევრი კანონმორჩილი, საზოგადოების გაკიცხვის ობიექტი ხდება. დღეს გვაქვს კანონმდებლობა, სადაც ჩინოვნიკის, და არა სისტემის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული ათწლოვანი ხეების მოჭრა-არ მოჭრის საკითხი, ხოლო ხეების დაავადებულების საკითხის იდენტიფიკაცია გამოდის, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია, რადგან ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნილებები არ არის განსაზღვრული კანონმდებლობის მიერ.

  • ინიციატივის მიზანია ეს ქაოსი და ბაკქანალია დასრულდეს და პროცესი მოექცეს ცივილიზებულ ჩარჩოებში.
  • ინიციატივის მიზანია შეიქმნას ისეთი კანონპროექტი, რომელიც მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოაქცევს მწვანე საფართან დაკავშირებულ ქმედებებს.
  • ინიციატივის მიზანია ჩამოყალიბდეს პარტნიორობა საზოგადოებას, ბიზნესსა და ადგილობრივ მმართველობას და თვითმართველობას შორის.
  • ინიციატივის მიზანია წახალისდეს დეველოპერების მონაწილეობა მწვანე საფარის გაფართოებასა და განვითარებაში.
  • ინიციატივის მიზანია გამჭვირავლე და საჯარო გახადოს გარემოსდაცვით ღონისძიებათა და მწვანე საფარის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესი და უზრუნველყოფილ იქნას, არამარტო ინტერესთა ჯგუფების, არამედ ფართო საზოგადოების ჩართულობასა და თანამონაწილეობის გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე.

დარწმუნებული ვარ, პარლამენტის სამსახურები ინიციატივის, შემდგომში უკვე კანონპროექტის განხილვისა და შესაბამის კომიტეტებში მიმდინარე დებატების მოსმენის, საზოგადოებისთვის მიწოდების ოპტიმალურ და ეფექტიან ფორმას შეარჩევენ.

მზად ვარ განხილვების თითოეულ საფეხურზე მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან მწიდრო თანამშრომლობისთვის.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე მინდა განვაცხადო რომ ჩემი ძმის კომპანიის დაგეგმილ მშენებლობას, არანაირი კავშირი აქვს არც ინიციატივასთან და არც მზიურის ტყეპარკთან. კომპანია „სონნეტ ქონსთრაქშენი“ პროექტირებას აწარმოებს უკვე არსებული განაშენიანების ფარგლებში, სადაც გასული საუკუნის 30-იან წლებიდან არის დასახლებული და 1 სმ-თაც არ კვეთს „მზიურის“ არამარტო დღევანდელ, არამედ თავდაპირველ საზღვრებს. საჭიროებიდან გამომდინარე, ამ ტერიტორიაზე მოხდება მხოლოდ ხილ-კენკროვანი ხეების მოჭრა, რომელთა მოჭრაზეც ნებართვაც კი არაა საჭირო. რაც იმას ნიშნავს რომ ეს პროექტი არ საჭიროებს აღნიშნული კანონპროექტით მინიჭებული შეღავათით სარგებლობას.

სამწუხარო უზუსტობა და დაუდევრობა, რომელიც მედიასაშუალებამ დაუშვა, გამოსწორებადია, საკითხის უკეთესი შესწავლისა და ანალიზის შედეგად.

ჩემი მხრიდან მზად ვარ ნებისმიერ, მედიისთვის საინტერესო საკითხზე გავცე პასუხი და დოკუმენტურად და ფაქტებით დადასტურებული ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას". 

* * *

საჭიროა აღინიშნოს, რომ დეპუტატის საპასუხო წერილში აღნიშნულ „უზუსტობებს“ „ლიბერალის" მიერ მომზადებულ ნიუსში ვერ ამოიკითხავთ.

„ინიციატივის მიზანი, როგორც ეს ზოგ პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, არ არის მხოლოდ დაავადებული მცენარეების მოჭრაზე ნებართვის გაცემის რეგულირება". - წერს დეპუტატი, თუმცა „ლიბერალის" ნიუსში არ აწერია, რომ „მხოლოდ ესაა მიზანი“, უბრალოდ, „ლიბერალს“ კანონპროექტოდან ამოღებული აქვს ის მიზანი, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოდ მიიჩნია. მიზანი, რომელიც კანონპროექტს ნამდვილად აქვს.

ასევე „ლიბერალს" არსად უთქვამს, რომ მისი ოჯახის სამშენებლო პროექტი „მზიურში" მიმდინარეობს, არამედ საუბარია, რომ  საპროექტო არეალის ნაწილი - 2539. კვ.მ. „მზიურის“ პარკის მიმდებარე სარეკრეაციო ზონაში მდებარეობს.

რაც შეეხება, იმ ფაქტს, რომ ამ პროექტის ფარგლებში მხოლოდ ხილკენკროვანი ხეების მოჭრაა საჭირო და ამიტომ ეს პროექტი არ საჭიროებს აღნიშნული  შეღავათით სარგებლობას, ასევე საჭიროა აღინიშნოს, რომ „ლიბერალს" არსად უწერია, თითქოს კონკრეტულად ამ პროექტისთვის მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა.  „ლიბერალმა" ნიუსი მოამზადა კანონპროექტის იდეის ავტორზე, რომლის ინიციატივაც სამშენებლო კომპანიებს ოპერირებას უადვილებს, ამავე დროს მისი ოჯახი ფლობს სამშენებლო კომპანიას და ჟურნალისტი სწორედ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტით და ლობირების საკითხთან დაკავშირებით დაინტერესდა, სადაც თავად დავით სონღულაშვილია ერთ-ერთი მხარე და ამ ნიუსშივე აფიქსირებს თავის პოზიციას.

ასე რომ, "ლიბერალი" ვერ გაიზიარებს დეპუტატის მოსაზრებას, მასალის "არაზუსტობის, დაუდევრობის, არასწორობის" თაობაზე და კანონმდებელს ურჩევს, თუ კვლავ დარწმუნებულია იმაში, რასაც საპასუხო წერილში წერს, მიმართოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^