არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, განახორციელონ საპარლამენტო კონტროლი საქართველოს მთავრობის საქმიანობაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით და უახლოეს დღეებში დანიშნონ გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა, სადაც მოწვეული იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები, სათემო ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე კაკი ზოიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის საპასუხოდ ამბობს, რომ ის გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის მოწვევის წინააღმდეგი არაა, თუმცა მიაჩნია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემები ღია სხდომებზე ვერ მოგვარდება და ასეთი პრობლემების გადაჭრას დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობა და ტექნიკური ექსპერტიზა სჭირდება.
„მივიღე წერილი, რომლის საპასუხოდ შევხვდი ფსიქიკური საბჭოს წევრებს, გავიარეთ ძირითადი თემები. ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამისთვის საკმარისი თანხა არ არსებობს. წესით, შემოთავაზებული ცვლილებები სწორია, მაგრამ პრობლემა არასაკმარისი თანხაა. შეხვედრის მონაწილეებს შევთავაზე, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაგვევლო ყველა საკითხი და ტექნიკურად ჩამოვყალიბებულიყავით დაფინანსების იმ მოდელზე, რომელიც არსებულ ვითარებაში სწორი იქნებოდა. მე, როგორც ექსპერტს, შემიძლია ჩავერთო და ფინანსირების კუთხით გავაანალიზო, რომელია სწორი მოდელი. შევთავაზე ეს და ამის სანაცვლოდ გაიმართა აქცია. ეს ღია კარის მტვრევა მგონია. შემდეგ ისევ მომმართეს ღია წერილით. ერთობლივი სხდომის მოწვევა, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება - ერთი თემაა და მეორეა - საქმის გაკეთება“, - ამბობს კაკი ზოიძე.
არსებული პრობლემები და ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მომავალი - ინტერვიუ მარინა დარახველიძესთან
კაკი ზოიძის თქმით, მან ჯანდაცვის სამინისტროსგან ის ინფორმაცია გამოითხოვა, რასაც დაეფუძნა დაფინანსების მოდელის ცვლილებები. მას მიაჩნია, რომ ანალიზის შედეგებში ჩანს ტენდენცია, რომელიც კლინიკების მხრიდან მანიპულაციაზე მეტყველებს. თუმცა ის მიიჩნევს, რომ ცვლილებებამდე სერვისის მიმწოდებლებთან ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მეტი კონსულტაცია უნდა გამართულიყო. თუმცა ადანაშაულებს მეორე მხარესაც, რომელიც კომიტეტის თავჯდომარის შეფასებით ულტიმატუმის ენით საუბრობს.
„ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა. შეიძლება მეტი კონსულტაცია და შეთანხმება იყო საჭირო, მაგრამ ეს არასოდეს დაგვიანებული არაა. საკმარისი კონსულტაცია რომ ყოფილიყო, ასე უცებ პროგრამების განხორციელება არ უნდა შეეწყვიტათ სერვისის მიმწოდებლებს. აქ მე მეორე მხარესაც ვადანაშაულებ, რადგან ულტიმატუმის გზით საუბარი მიუღებლად მიმაჩნია, თითქოს 1 იანვრიდან ვწყვეტ პროგრამას და კარგად იყავით“, - ამბობს კაკი ზოიძე.
ის ამბობს, რომ ფსიქიატრიული განყოფილებების მრავალპროფილურ დაწესებულებების დახურვა ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან ფსიქიატრიული საწოლების მრავალპროფილურ დაწესებულებებში გაჩენა ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„ფაქტია, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა, რომ დაიხურა მწვავე ფსიქიატრიულ განყოფილებები, რადგან ეს რეფორმის სტრატეგიული მიმართულებაა. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციის რევერსი, რომ სტიგმის შესამცირებლად კვლავაც შევძლოთ მრავაპროფილურ საავადმყოფოებში ფსიქიატრიული სერვისების განვითარება“, - ამბობს კაკი ზოიძე. მისივე თქმით, თანამშრომლობის შემთხვევაში წელსვე, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში შესაძლებელია დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით დაფინანსების ისეთი შუალედური მოდელის მიღება, რომელიც კლინიკებს პროგრამაში დააბრუნებს.
მისივე თქმით, დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის მთავარი გამოწვევა დაფინანსებაა, ხოლო გაზრდილი დაფინანსების პირობებში - პრიორიტეტი ამბულატორიული სერვისებისა და თემზე დაფუნძნებული მომსახურებების განვითარება უნდა იყოს.
კაკი ზოიძის თქმით, 2018 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი აუცილებლად მოიმატებს.
„პირდაპირ გეუბნებით, რომ ეგ პირობა იყო. ამ წლის ბიუჯეტს ვერ ვცვლით, მაგრამ მომავალი წლიდან ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის, ბავშვთა რეაბილიტაციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების ბიუჯეტი გაიზრდება და მინიმუმ ის მოემატება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო წელს ითხოვდა. მაგალითად, ფსიქიატრიაში 6 მილიონით მეტს ითხოვდა. კომიტეტი მხარს არ დაუჭერს 2018 წლის ბიუჯეტს, თუ მასში გათვალისწინებული არ იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტის ზრდა“, - ამბობს კაკი ზოიძე.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიატრიული პროგრამის დაფინანსების მოდელი შეცვალა. დაფინანსების ცვლილების შემდეგ მრავალპროფილურ ორ საავადმყოფოში ფსიქიატრიული განყოფილებები დაიხურა. კერძოდ, ეს კლინიკები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებს მომსახურებას აღარ გაუწევენ. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ცვლილებებამდე არსებული დაფინანსების მოდელი კლინიკებს მანიპულაციის საშუალებას აძლევდა, მაღალი იყო რეჰოსპიტალიზაცია და პაციენტებს დროზე ადრე წერდნენ ჰოსპიტლიდან. ცვლილებები ხმაურიანი აღმოჩნდა იმიტომაც, რომ მრავალპროფილურ საავადმყოფოებში მწვავე განყოფილებების არსებობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება იყო. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პოლიტიკა დაფინანსების პოლიტიკასთან მიმართებით არასამთავრობო სექტორის მხრიდან კრიტიკულად შეფასდა. მათ გუშინ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს და სამინისტროს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდეს.