Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არსებული პრობლემები და ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მომავალი - ინტერვიუ მარინა დარახველიძესთან

23 იანვარი 2017
ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსების მოდელი შეცვალა. ცვლილების შემდეგ თბილისში ორმა კლინიკამ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ორ პოლიპროფილურ დაწესებულებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მკურნალობას ვეღარ ჩაიტარებენ. სამინისტრო ამბობს, რომ ცვლილებების მიზეზი საავადმყოფოების მხრიდან მანიპულაციები იყო. ანუ იყო შემთხვევები, როცა კლინიკები პაციენტებს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ, არასათანდოდ მკურნალობდნენ და ამიტომ ხშირი იყო პაციენტების რეჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. „ლიბერალი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა ციფრებს დაეყრდნო ჯანდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება; რამხელა იყო რეჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და რამდენი ისეთი შემთხვევა შეისწავლა სამინისტრომ, როცა პაციენტის მდგომარეობა არასათანადო მკურნალობის გამო გამწვავდა; რამდენად გამჭირვალე და მტკიცებულებებზე დაფუძნებულია სამინისტროს გადაწყვეტილება დაფინანსების მოდელის შეცვლასთან დაკავშირებით. ამ და სხვა შეკითხვებით, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამას ეხება, „ლიბერალმა“ ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მარინა დარახველიძეს მიმართა.

თქვენ დღეს შეხვდით აქციის მონაწილეებს. უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსების იმ მოდელში, რომლის შედეგადაც ორმა საავადმყოფომ უარი თქვა სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობასა და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებმკურნალობაზე?

შედეგი, სამწუხაროდ, ის იყო, რომ ტელევიზიით მოვისმინე შეხვედრის მონაწილეების კომენტარები, სადაც აბსოლუტურად სხვანაირად გადათარგმნეს ის, რაც შეხვედრაზე ითქვა. სხვათა შორის დაგვპირდნენ კიდეც, რომ იტყოდნენ, რომ თითქოს ჩვენ არ ვაპირებდით დეინსტიტუციონალიზაციას. კატეგორიულად არ ვადასტურებ ამას, სახელწიფოს ამ პოზიციიდან არ გადაუხვევია.

მეორე საკითხი ისაა, რომ ჩვენ თურმე ვერ ვხვდებით, რომ უკეთესია ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მკურნალობა, ვიდრე ინსტიტუციებში. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მსგავსი არაფერი მითქვამს. არ შეიძლება ეს ვინმემ დამაბრალოს. მრავლპროფილურ დაწესებულებაში დარჩა ფსიქიატრიული სერვისი, რომელიც საწოლების დამატებასაც გეგმავს, რეფერალურ საავადმყოფოს ვგულისხმობ. ბავშვთა სერვისები დარჩა პოლიპროფილურ საავადმყოფოშიც. ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ პაციენტები სერვისის გარეშე არ რჩებიან, ისინი გადანაწილებული არიან სხვა საავადმყოფოებში. მესმის, რომ პოლიპროფილურ კლინიკაში სერვისის მიღება უკეთესია, მაგრამ ის, რომ პაციენტები თითქოს სერვისის გარეშე დარჩნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი სერვისს სხვა ინსტიტუციაში იღებენ. დეტალურად ავუხსენით, რა, რატომ და როგორ გავაკეთეთ. დეინსტიტუციონალიზაცია, როგორც სახელმწიფოს კურსი, უცვლელია. მე უბრალოდ ვუთხარი, რომ შეიძლება დროში გადანაწილდეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანების ახალი მოდელი გადახედვა არ განიხილება? 

როცა ასეთ შეკითხვას სვამენ, არაფრით არ შემიძლია იმის თქმა, რომ არავითარ შემთხვევაში არაფერი არ განიხილება. იცვლება კონსტიტუციები, იცვლება კანონები და როგორ შემიძლია იმის თქმა, რომ არ შეიძლება პროგრამაში არაფერი შეიცვალოს.

ამ სტრატეგიაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, პრობლემად არის დანახული ის, რომ ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ინტეგრირებული საწოლების რიცხვი საქართველოში მცირეა და მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს. 

იმ ფონზე, როცა დაფინანსების მოდელის შეცვლის შემდეგ პროგრამიდან გავიდა ორი კერძო კლინიკა და ისინი აღარ უწევენ მომსახურებას ფსიქიკური ჯანმრთელობის პროლემის მქონე პირებს,  როგორ გეგმავთ  სხვა  საავადმყოფოების დაინტერესებს, ანუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი სახელწიფომ ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ფსიქიატრიული საწოლების გაჩენას, მაშინ, როცა ზრდის ნაცვლად მნიშვნელოვანი კლება მივიღეთ. ეს გარემოება საკმაოდ მძიმე ვითარებაში აყენებს სამინისტროს, რომელიც თავისივე დაწერილ სტრატეგიაში გამოწვევად ხედავს ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ინტეგრირებული საწოლების სიმირეს.

მესმის, გასაგებია. გამოწვევები ფსიქიკურ ჯანმრთელობაში სხვადასხვა მიმართულებითაც (თუნდაც ამბულატორიულ სერვისში, სათემო სერვისების სხვადასხვა ნაწილებშიც) გვაქვს. რა თქმა უნდა, უმჯობესია ასეთი სერვისების უფრო ფართოდ გავრცელება. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ სერვისპროვაიდერების ინტერესებზე ზრუნვა სწორი არ მგონია. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ პაციენტზე, თანაბარ პირობებს ვთავაზობთ ყველა პროვაიდერს. მეთოდოლოგია უნიფიცირებული და ყველა პროვაიდერისთვის ერთი და იგივეა. ჩვენ ვცდილობთ, რომ პაციენტზე ვიყოთ ორიენტირებული და თუ რომელიმე სერვისპროვაიდერი საკუთარ პრიორიტეტებს სხვანაირად გაანაწილებს და მე არ ვიცი, რაზე გააკეთებს არჩევანს, პაციენტზე თუ ფინანსურ მოგებაზე, ეს უკვე მათი საქმეა. ჩვენ დაფინანსების გარკვეული პირობები შევცვალეთ იმისთვის, რომ ნებისმიერი სერვისპროვაიდერისთვის მანიპულირების საშუალება არ მიგვეცა. როცა მონიტორინგის შედეგებს ვაანალიზებთ, ზედამხედველობას ვუწევთ პროგრამას. რადგან ვხედავდით, რომ სისტემური პრობლემის წინაშე ვიდექით და საჭირო იყო სისტემური გადაწყვეტილება.  

როცა კერძო კლინიკები სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობენ, მათ, რა თქმა უნდა, მოგების მიღებაც სურთ..

ყველა ჩვენი მიმწოდებელი არის მეწარმე და ვერცერთი მათგანი ვერ იარსებებს, თუ მოგება არ ექნება. არცერთის არსებობას არ დაუშვებს სამინისტრო, როცა მეწარმე წაგებაზე მიდის. ჩვენ ახლა მოგების მარჟაზე ვსაუბრობთ...

რატომ არ განიხილეთ ჯეროვნად ეს ცვლილებები მიმწოდებლებთან გადაწყვეტილების მიღებამდე? იქნებ იყო რესურსი შეთანხმებულიყავით ისეთი დაფინანსების მოდელზე, რომლის პირობებში თუნდაც ეს ორი კლინიკა პროგრამიდან გასვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა?

ვერ ვიტყვი, რომ არ ველაპარაკეთ მიმწოდებლებს. დაფინანსების მეთოდოლოგია  განხილვის საგანი იყო. ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელ საბჭოზე სხვადასხვა დაფინანსების მოდელები წარვადგინეთ და სერვისპროვაიდერებს შევთავაზეთ.  ავუხსენით, რა სირთულეებთანაც იყო დაკავშირებული. სხვათა შორის, ორივე მოდელის, მწვავესიც და ქრონიკულისაც, მთლიანად საწოლდღეების დაფინანსებაზე გადაყვანა გვინდოდა, მაგრამ კონსესუსს ვერ მივაღწიეთ, პრობლემებიც დავინახეთ და  შუალედური ვარიანტი მივიღეთ.

მთავარი მიზეზი დაფინანსების მოდელი ცვლის არის მანიპულაციის რისკის შემცირება. თქვენ ამბობთ, რომ ანალიზისა და მონიტორინგის შედეგად დაინახეთ, რომ რეჰოსპიტალიზაცია იყო მაღალი, რისი მიზეზიც შესაძლოა არასათანადო მკურნალობა იყო. თუ შეიძლება გვითხარით კონკრეტული ციფრები, რამდენი იყო რეჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მწვავე ფსიქიატრიულ განყოფილებებში, რამდენი შემთხვევა შეისწავლეთ ადგილზე გასვლით და რამდენ შემთხვევაში დადგინდა, რომ რეჰოსპიტალიზაციის მიზეზი სწორედ არასათანადო მკურნალობ იყო? თქვენ ერთხელ უკვე ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, რომ რეჰოსპიტალიზაცია შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ პაციენტს გარე სერვისები არ ხვდება და სუსტია მხარდაჭერა, რაც შესაძლოა ასევე გამწვვების მიზეზად იქცეს.

მონიტორინგის შედეგები კონტროლის სამსახურს აქვს და ახლა მაჩვენებელს ზეპირად ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია ეს მონაცემი მოგაწოდოთ. რეგულირებას არაერთი შემთხვევა აქვს შესწავლილი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ამბულატორიული სერვისების გაძლიერება და სწორედ ამიტომ გასულ წელს სათემო სერვისების დამატება დავიწყეთ, როგორიც არის მობილური ჯგუფები, რომელიც აქამდე არ არსებობდა. სამი გუნდი დავამატეთ და გვაქვს სურვილი, რომ მომდევნო ეტაპზეც დავამატოთ. მომდევნო ეტაპზე, როგორც კი პროგრამა საშუალებას მოგვცემს, ამ მიმართულებით მუშაობს გავზრდით.  

ანუ თქვენ ამბობთ, რომ გამოავლინეთ შემთხვევები, როცა გამწვავება არასათანდო მკურნალობამ გამოწვია. არის თუ არა ეს შემთხვევები შესწავლილი და დათვლილი? ანუ გაქვთ თუ არა მტკიცებულები, რომელსაც ეს ცვლილებები დაეფუძნა?

ზოგადად რა არის რეჰოსპიტალიზაცია თავისი არსით? როცა პაციენტი გიბრუნდება, ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობა არ ყოფილა იმდენად სტაბილური, რომ რეჰოსპიტალიზაციის ხელმეორე საჭიროება არ დამდგარიყო.

თქვენ დასაწყისში სტრატეგია ახსენეთ და თქვით, რომ შესაძლოა სტრატეგიის განსაზღვრული გეგმა გადაიხედოს, მაგალითად, სტრატეგით განსაზღვული იყო, რომ 2017 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების საერთო დაფინანსებიდან ჰოსპიტალური და თემზე დაფუძნებული სერვისების დაფინანსების თანაფარდობა  25%/75% უნდა ყოფილიყო, ანუ ბიუჯეტის 25% სათემო სერვისებზე უნდა წასულიყო, მაგრამ ეს ასე არაა.

კი, ამ ეტაპზე ეს ვერ მივიღეთ.

ფაქტია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის მწირი დაფინანსება სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მიღწევას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვგულისხმობ იმ მიმართულებების გაძლირებას, რომელიც თქვენც ჩამოთვალეთ: გარე სერვისები, ამბულატორია და ახლა ჰოსპიტალურ სექტორშიც სერიოზული პრობლემები გაჩნდა.

კი, ნამდვილად... ჩვენ ასევე ვმუშაობთ მედიკამენტების თემაზეც, კონსოლიდირებულ შესყიდვაზე, ამ ხარჯის გამოტანაზე და წამლების მიწოდებაზე. მოვიძიეთ ამაზე ინფორმაცია. გავაკეთეთ ბაზრის კვლევა. ვმუშაობთ, მართლა ვმუშაობთ. არა ისე, რომ მიძინებული ვიყოთ და წლის ბოლოს გვახსენდებოდეს ფსიქიატრია. ბევრი გამოწვევა აქვს ამ დარგს ყველა მიმართულებით: ინფრასტრუქტურა, პროგრამული უზრუნველყოფა. ის, რომ  ფსიქიკური ჯანმრთელობის დაავადებების ტვირთი მთელ მსოფლიოში იზრდება და ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი - ეს დიდი გამოწვევაა.

მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ის გამოწვევებს ადეკვატურად ვერ პასუხობს. ბიუჯეტი არ იზრდება, სათემო სერვისების გაძლირება ძალიან ნელი ტემპით მიდის, ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში დაიხურა მწვავე განყოფილებები...

ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ, შეიძლება ყველა ნაბიჯი მხარდამხარ ვერ მიდიოდეს ამ ეტაპზე, მაგრამ მცდელობები არის, თუმცა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც შეგვიძლია ვაკეთოთ, ერთ ადგილზე არ ვდგავართ და წინ მივიწევთ. სათემო სერვისების დამატების ფაქტიც ამის მაჩვენებელია.

სათემო სერვისების გაძლირების კუთხით უნდა ველოდოთ თუ არა პროგრესს 2017 წელს?

ვნახოთ ...

ძალიან უმნიშვნელოდ გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი, შეიძლება ითქვას, რომ არც გაზრდილა, რადგან 2016 წლის ფაქტობრივი ხარჯი ისედაც 16 მილიონი იყო. ამ ბიუჯეტის ფარგლებში როგორ ხედავთ გამოწვევებთან გამკლავების პერსპექტივას?

ადვოკატირებას ამ დარგის ყველა მიმართულებით ვცდილობთ. ჯერჯერობით პრობლემა უფრო მეტია, ვიდრე გაკეთებული. ვფიქრობ, ამიტომაც ვერ იხრება დადებით მხარისკენ, თორემ გაჩერებული არ ვართ და არც მოტივაცია გვაკლია და ვიცით, რომ  ფსიქიკურ ჯანმრთელობას მეტი და მეტი ყურადღება სჭირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^