Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროტესტის მეცხრე დღე - ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ

03 თებერვალი, 2017 19:20

ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები დევნილები უკვე მეცხრე დღეა შიმშილობენ. ამ დროისთვის შენობის წინ გაშლილ კარავში ხუთი მოშიმშილე რჩება.

დევნილები მათთვის მინიჭებულ დაბალ ქულებს აპროტესტებენ, რომელთა მიხედვით ბინები არ ეკუთვნით. ისინი მოითხოვენ გამოიყოს კომისია, რომელიც მათ საცხოვრებელ პირობებს თავიდან შეისწავლის

ტატო ქობალია ერთ-ერთი მოშიმშილეა. ამბობს, რომ უკვე უმძიმეს მდგომარეობაში არიან. თავდაპირველად 11 დევნილი შიმშილობდა, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობა ვეღარ გააგრძელეს. თვითონ არ აპირებს პროტესტის შეწყვეტას, სანამ კომისია არ მოვა და არ გადაამოწმებს მათ მდგომარეობას.

„ჩვენ არ ვითხოვთ ხვალვე ბინების მოცემას. ვითხოვთ, მოვიდეს კომისია, შეამოწმოს, სად და როგორ ვცხოვრობთ. ის მაინც გვითხრან, რატომ, რა მიზეზით გვიწერენ დაბალ ქულებს“, - ამბობს ტატო ქობალია.

როგორც დევნილები ამბობენ, ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობაში 54-ამდე ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის დაახლოებით 27 ოჯახი ოც წელზე მეტია ამ შენობაშია. დანარჩენებმა სხვადასხვა დროს დაიკავეს შენობა. იმ ოჯახების სიაში, რომლებმაც მაღალი ქულა მიიღეს და ბინას გადასცემენ, მხოლოდ 6 ოჯახი მოხვდა.

ქეთევან ჯობავა დევნილია. ის არ შიმშილობს, თუმცა დევნილების მოთხოვნას უერთდება და  მხარდაჭერის მიზნით რამდენიმე დღეა მათთან ერთადაა.

ამბობს, რომ აფხაზეთის მთავრობის, ოპოზიციის და ადგილობრივი მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი მათთან მივიდა: „მოშიმშილეებს შიმშილობის შეწყვეტას და პროტესტის სხვა ფორმის გამოყენებას სთხოვენ, იქნებ სხვაგვარად მოვაგვაროთო“.

მოშიმშილე დევნილები დევნილის სტატუსისა და  45-ლარიანი შემწეობის შესაძლო მოხსნის შესახებ მსჯელობის დაწყებასაც აპროტესტებენ.

მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, დევნილთა დახმარების სისტემის რეფორმაზე საუბარი  დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა კონკრეტულ მოდელზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. მისი თქმით, დევნილთა სტატუსს არავინ ეხება. ლაპარაკი მხოლოდ იმაზეა, რომ დევნილთა დახმარების სისტემა გახდეს უფრო მეტად ეფექტური და უფრო მეტად ორიენტირებული გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებზე და არა იმ ადამიანებზე,  ვისაც ეს დახმარება არ სჭირდება.

ანა წითლიძემ, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მოშიმშილე დევნილები არაერთხელ მოინახულა. დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მოუწოდა საკრებულოს წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ დევნილების საკითხით და მათ მინისტრთან შუამდგომლობა გაუწიონ.

ანა წითლიძე ამბობს, რომ დევნილების ბედით არავინ დაინტერესებულა არც ცენტრალური მთავრობიდან, არც პარლამენტიდან. ის პასუხისმგებლობას ადგილობრივ მთავრობას აკისრებს და ამბობს, რომ ისინი ვალდებულნი არიან შუამდგომლობა გაუწიონ ამ ადამიანებს  და აიძულონ მინისტრი, გამოუშვას კომისია დევნილებისთვის მინიჭებული დაბალი ქულების გადასამოწმებლად.

 „ეს ხალხი ფაქტობრივად გაწირეს, მეცხრე დღეა შიმშილობენ.  უმძიმეს მდგომარეობაში არიან. მათთან სალაპარაკოდ არავინ  მისულა. შენობა,  რომელშიც ცხოვრობენ, არის ავარიული. იქ ცხოვრება საშიშია. მოშიმშილეებს ჰყავთ პატარა ბავშვები. კომისია მოვიდეს და დაათვალიეროს, რის საფუძველზე მიენიჭათ მათ ეს ქულები.  მაგრამ კომისია აქ შეგნებულად არ მოდის, რადგან, თუ კომისია მათ მდგომარეობას ნახავს, უპირობოდ უნდა დააყენოს დევნილების გადაყვანის საკითხი“, -ამბობს ანა წითლიძე.

დევნილთა სამინისტროში ამბობენ, რომ პროცესი პოლიტიზებულია. ისინი ამ დევნილებისთვის გამონაკლისს ვერ დაუშვებენ,  რადგან მონიტორინგის ჯგუფი უკვე მუშაობს სამეგრელოში და ეტაპობრივად სწავლობს  დევნილების მდგომარეობას.  მათი მუშაობის პრინციპია, მოულოდნელად მივიდნენ დევნილთა შესამოწმებლად.  რაც შეეხება ავარიულ შენობას, სამინისტროში ამბობენ, რომ ეს არ არის სიმართლე და ექსპერტიზის დასკვნამდე, არავის შეუძლია თქვას, რომ შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ავარიულია. გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ სამეგრელოში არსებობს დევნილთა სამმართველო, რომელიც მუდმივ კომუნიკაციაშია დევნილებთან.

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ სოლიდარობას უცხადებენ დევნილები სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის მათ პროტესტს ფოთში მცხოვრები დევნილებიც უერთდებიან.

დევნილთა შემწეობის როგორ მოდელს დაუჭერს მხარს სოზარ სუბარი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^