ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ომარ ნიშნიანიძე შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში რეგიონულ საკითხებში მრჩეველად დაინიშნა.
კომპანიაში, რომლის 100%-ს სახელმწიფო ფლობს, „ლიბერალთან“ საუბრისას აცხადებენ , რომ მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, კონკრეტულად, ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხებზე იქნება მიმაგრებული.
კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი აცხადებს, რომ ომარ ნიშნიანიძის გამოცდილება მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაციისას აუცილებლად გამოადგებათ.
„ჩვენ იმერეთის რეგიონში ვახორციელებთ ახალ პროექტს - ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების მოწყობას, ძველების დახურვას; გრძელვადიანი პროექტები გვაქვს... ის ამ რაიონის მკვიდრია და აქტიურადაა ჩართული მოსახლეობასა და თვითმმართველობასთან მოლაპარაკებაში. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მეტად მნიშვნელოვანი პროექტია, გადავწყვიტეთ, რომ მისი გამოცდილება ადგილზე როგორც მოსახლეობასთან, ასევე რეგიონულ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის ზოგადი გამოცდილებით, აუცილებლად დაგვჭირდებოდა და გამოგვადგებოდა... სანამ დეპუტატის სტატუსი ჰქონდა, ამ საკითხებით აქტიურად იყო დაინტერესებული. გვერდში გვედგა და გვიდგას. გამოცდილი ადამიანია“, - ამბობს შუხოშვილი.