„ჩემი რჩევა იქნება, სახალხო დამცველი მოეგოს გონს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და აღიაროს შეცდომა. შეცდომის აღიარება არ არის სისუსტე, არამედ არის სწორი გადაწყვეტილება შექმნილ ვითარებაში“, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველის ყოფილი პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე ომბუდსმენის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც მან თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართულ დისკრედიტაციად შეაფასა.
საუბარია სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ილია ჭანტურაიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
ბელთაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველი უნდა მოეშვას „ასეთი როყიო ფრაზებით საუბარს საზოგადოების წინაშე, სასამართლოს თაობაზე".
„ამდენი ხნის განმავლობაში არ მქონია მცდელობა, რაიმე მეთქვა, რადგან არ მინდოდა, ამას რამე ზიანი მიეყენებინა სახალხო დამცველის ინსტიტუტისთვის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს სახელისთვის და მისი რეპუტაცია დამდგარიყო ეჭვქვეშ, მაგრამ ის, რაც დღეს მოვისმინე, ჩემთვის, როგორც სამართლის სპეციალისტის, იურისტისა და სახალხო დამცველის პირველი მოადგილისთვის წლების განმავლობაში... არის ყოვლად წარმოუდგენელი და გამაოგნებელი “, - ამბობს ბელთაძე.
მისი შეფასებით, ფაქტობრივად სახალხო დამცველი ცდილობს სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზიას, რაც არ არის მისი მანდატის შემადგენელი ნაწილი და არც ფუნქცია.
„მეორე საკითხია კიდევ, რატომ განიხილა სასამართლომ დაჩქარებულ ვადებში [ილია ჭანტურაიას სარჩელი]. მისმა მრჩევლებმა მას უნდა ურჩიონ და კანონმდებლობაში კარგად ჩაიხედონ, რომ შრომითი დავის განსახილველად იმპერატიული ვადა არის 1 თვე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჭანტურაიამ მაისში მიმართა სასამართლოს, ამიტომ დაჩქარებული ტემპის გამო, სასამართლოსადმი დავა მიმაჩნია, რომ ყოვლად გაუმართლებელია. ნანუაშვილი ცდილობს, სახალხო დამცველის მანდატი გამოიყენოს უშუალოდ მის წინააღმდეგ მიმართულ დავაში“,- ამბობს ბელთაძე.
მისი თქმით, ზოგადად შეიძლება, რომ სასამართლო სისტემაში არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, საქმეთა აღურაცხელი რაოდენობისა და სხვა საკითხების გამო, მაგრამ ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის მხრიდან აპელირება იმაზე, რომ სასამართლომ დაჩქარებულ ვადებში განიხილა - არ ყოფილა ეს დაჩქარებული, არამედ კანონშესაბამისად იმოქმედა, არის ყოვლად გამაოგნებელი.
„ვფიქრობ, ეს არის უპატივცემულობა სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. ზოგადად, სამართლის თეორიაში და სამართლის ფილოსოფიაში სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი პატივისცემის განცდა უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს. შეიძლება, არ მოგწონდეს შედეგი, მაგრამ როდესაც ხარ ამგვარი მაღალი საჯარო ინტერესის ფიგურა და ღია ეთერით მოწოდების დონეზე ამბობ, რომ სასამართლომ უფლებამოსილება, უფლებები და ფუნქციები დაარღვია, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და მიუღებელი ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, როგორც სახალხო დამცველის აპარატში მომუშავე ადამიანისა და როგორც ამჟამად უფლებადამცველისა და შრომის სამართლის ექსპერტისთვის. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და გამაოგნებელი“, - ამბობს ბელთაძე.
ბელთაძეს მიაჩნია, რომ უჩა ნანუაშვილის განცხადება არის თავის რეაბილიტაციის მცდელობა და „გარკვეულწილად, მის მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯების სასამართლოსთვის გადაბრალების მცდელობა“.
„კარგი იქნება, თუ ნახავთ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რომელიც არის პრეცედენტული გადაწყვეტილება იმისა, როგორ არ უნდა მოექცეს დამსაქმებელი დასაქმებულს და. მით უმეტეს. სახალხო დამცველმა თავისი თავი წმინდა მენეჯერული და დამსაქმებლური გადმოსახედიდან არ უნდა აღიქვას, რადგან ის არის მაგალითი ქვეყანაში სხვა საჯარო უწყებებისთვის, რომ ჰქონდეს აბსოლუტურად სწორი მიდგომა, დისრიმინაციისგან თავისუფალი და ობიექტურ მოცემულობებეზე დაფუძნებული. თავად კი ამ შემთხვევაში გამოდის და... დამარცხება და გამარჯვება ეს არის ადამიანური, პოლიტიკური და თანამდებობრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ბუნებრივია, მას უნდა ეყოს გამბედაობა, აღიაროს, თქვას, რომ სასამართლო პროცესი წააგო“, - ამბობს ბელთაძე.