„ბიბლუსი გალერის” კონსულტანტი გიორგი კაპანაძე, რომელიც 9 თებერვალს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ტექსტს კითხულობს, დღეს “ბიბლუსი გალერიდან” გაათავისუფლეს. მისი თქმით, გათავისუფლების შესახებ ცნობა დღეს ჩაბარდა, თუმცა ხელი არ მოუწერია.
“შინაგანი წესის დავარღვევის გამო, ვითომ დავაგვიანე და პირდაპირ გამათავისუფლეს, გაფრთხილების გარეშე. მეორე მიზეზი ჩამიწერეს კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვა, გულისხმობენ ვიდეოს, რომელიც გავავრცელეთ და მიმართვის ტექსტს ვკითხულობ მე. ამ ვიდეოში ვსაუბრობთ იმ უსამართლობაზე, რომელიც კომპანიაშია. გათავისუფლების შესახებ ცნობა ჩამბარდა დღეს და ხელი არ მომიწერია. ასევე გაათავისუფლეს სოფო ივანიშვილი, რომელიც გუდვილის ფილიალში მუშაობდა, მან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტი” - განუცხადა “ლიბერალს” გიორგი კაპანაძემ.
ბიბლუსის ერთ-ერთ ფილიალში იმყოფებიან აუდიტორია 115-ის წევრები. გიორგი სოფრამაძის თქმით, ისინი იქ გიორგი კაპანაძის და სოფო ივანიშვილის გათავისუფლებას აპროტესტებენ.
რამდენიმე დღის წინ „ბიბლუსის“ თანამშრომლებმა ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც ზეგანაკვეთურ შრომასა და დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობენ.
"ჩვენ, ბიბლუსი გალერიში, დასაქმებულ კონსულტანტებს გვინდა იმ მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე ვისაუბროთ, რაშიც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა.
1. გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი. კვირაში 6 დღე და დაახლოებით 60 საათი ვმუშაობთ. დღის მანძილზე საშუალოდ 10 საათი გვიწევს მუშაობა, არ გვაქვს ოფიციალური შესვენება და ერთმანეთის შეცვლის ხარჯზე დაახლოებით 15 წუთის მანძილზე ვახერხებთ სამუშაო ადგილის დატოვებას. არ გვაქვს გამოყოფილი დრო და სივრცე კვებისთვის.
2. არანორმირებული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ჩვენი თვიური ანაზღაურება 300 ლარია. იგივე დატვირთვის მიუხედავად, რეზერვში მყოფი კონსულტანტების 250 ლარი.
3. მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ზეგანაკვეთური შრომა და ღამე მუშაობა, ადმინისტრაცია ამ შრომას არ ანაზღაურებს.
4. კონსულტანტებს გვიწევს ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება. ერთდროულად ვასრულბეთ კონსულტანტის, მოლარის, დამლაგებლის, საწყობის მიმთვლელის და მტვირთავების ფუნქციებს;
5. ადმინისტრაცია გაყიდვების წარმოუდგენლად დიდი გეგმის შესრულებას გვთხოვს ყოველთვიურად, რაც იძულებულს გვხდის არანორმირებულად და მძიმე დატვირთვით ვიმუშავოთ, რადგან გეგმის შესრულებას ებმის ჩვენთვის ბონუსების დარიცხვა. ბონუსი ჩვენთვის გაუმჭვირვალე და გაურკვეველი კოეფიციენტით ანგარიშდება და შესაძლოა იყოს თვეში 27 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთან, თანაბარი და მძიმე შრომის მიუხედავად, ბუნუსებს არ იღებენ რეზერვში მყოფი თანამშრომლები;
6. მაღაზიაში არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და ამის შედეგებზე პასუხისგებლობა გვეკისრება ჩვენ. ნებისმიერი სახის დანაკლისსა და ზიანზე, რაც ათეულობით ათას ლარს შეიძლება ადგენდეს, ჩვენი პირდაპირი ბრალეულობის არქონის მიუხედავად, გვიწევს მისი ანაზღაურება ჩვენივე შემოსავლიდან. კომპანია პერიოდულად აკეთებს დანაკლისების აღრიცხვას, რომელსაც ანაწილებს ჩვენზე თანაბრად და გვიქვითავს ბონუსიდან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მექანიზმი ავიცილოთ დანაკლისები ან წინასწარ განვსაზღვროთ რამდენი შეიძლება დაგვექვითოს ბონუსებიდან, რაც კიდევ ამცირებს ჩვენს ყოველთვიურ ანაზღაურებას.
მძიმე და უსამართლო შრომითი პირობები განსაკუთრებულად აუტანელი გახდა დეკემბრის თვეში, როცა დიდი გაყიდვების გამო კვირების მანძილზე დასვენების გარეშე, არაადამიანურ პირობებში ვიმუშავეთ. ჩვენი მძიმე შრომის მიუხედავად, კომპანიამ გაცილებით დაბალი ბონუსები დაგვირიცხა, რასაც ჩვენგან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. საპასუხოდ, კომპანიამ ორი კონსულტანტი სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლა და 6 ჩვენგანის მიმართ მიიღო ქსელის სხვა მაღაზიებში გადაყვანის გადაწყვეტილება, რასაც პროტესტის ჩახშობის მიზანი აქვს“.