სოციალურ ქსელში გავრცელდა „ბიბლუსი გალერიში“ დასაქმებულთა ვიდეო-მიმართვა, სადაც ისინი საუბრობენ თავიანთ ყოველდღიურ შრომით პირობებზე.
„ჩვენ, „ბიბლუსი გალერიში“, დასაქმებულ კონსულტანტებს გვინდა, იმ მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე ვისაუბროთ, რაშიც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა.
1. გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი. კვირაში 6 დღე და დაახლოებით 60 საათი ვმუშაობთ. დღის მანძილზე საშუალოდ 10 საათი გვიწევს მუშაობა, არ გვაქვს ოფიციალური შესვენება და ერთმანეთის შეცვლის ხარჯზე დაახლოებით 15 წუთის მანძილზე ვახერხებთ სამუშაო ადგილის დატოვებას. არ გვაქვს გამოყოფილი დრო და სივრცე კვებისთვის.
2. არანორმირებული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ჩვენი თვიური ანაზღაურება 300 ლარია. იმავე დატვირთვის მიუხედავად, რეზერვში მყოფი კონსულტანტების 250 ლარი.
3. მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ზეგანაკვეთური შრომა და ღამე მუშაობა, ადმინისტრაცია ამ შრომას არ ანაზღაურებს.
4. კონსულტანტებს გვიწევს ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება. ერთდროულად ვასრულბეთ კონსულტანტის, მოლარის, დამლაგებლის, საწყობის მიმთვლელის და მტვირთავების ფუნქციებს;
5. ადმინისტრაცია გაყიდვების წარმოუდგენლად დიდი გეგმის შესრულებას გვთხოვს ყოველთვიურად, რაც იძულებულს გვხდის არანორმირებულად და მძიმე დატვირთვით ვიმუშავოთ, რადგან გეგმის შესრულებას ებმის ჩვენთვის ბონუსების დარიცხვა. ბონუსი ჩვენთვის გაუმჭვირვალე და გაურკვეველი კოეფიციენტით ანგარიშდება და შესაძლოა იყოს თვეში 27 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთან, თანაბარი და მძიმე შრომის მიუხედავად, ბუნუსებს არ იღებენ რეზერვში მყოფი თანამშრომლები;
6. მაღაზიაში არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და ამის შედეგებზე პასუხისგებლობა გვეკისრება ჩვენ. ნებისმიერი სახის დანაკლისსა და ზიანზე, რაც ათეულობით ათას ლარს შეიძლება ადგენდეს, ჩვენი პირდაპირი ბრალეულობის არქონის მიუხედავად, გვიწევს მისი ანაზღაურება ჩვენივე შემოსავლიდან. კომპანია პერიოდულად აკეთებს დანაკლისების აღრიცხვას, რომელსაც ანაწილებს ჩვენზე თანაბრად და გვიქვითავს ბონუსიდან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მექანიზმი ავიცილოთ დანაკლისები ან წინასწარ განვსაზღვროთ რამდენი შეიძლება დაგვექვითოს ბონუსებიდან, რაც კიდევ ამცირებს ჩვენს ყოველთვიურ ანაზღაურებას.
მძიმე და უსამართლო შრომითი პირობები განსაკუთრებულად აუტანელი გახდა დეკემბრის თვეში, როცა დიდი გაყიდვების გამო კვირების მანძილზე დასვენების გარეშე, არაადამიანურ პირობებში ვიმუშავეთ. ჩვენი მძიმე შრომის მიუხედავად, კომპანიამ გაცილებით დაბალი ბონუსები დაგვირიცხა, რასაც ჩვენგან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. საპასუხოდ, კომპანიამ ორი კონსულტანტი სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლა და 6 ჩვენგანის მიმართ მიიღო ქსელის სხვა მაღაზიებში გადაყვანის გადაწყვეტილება, რასაც პროტესტის ჩახშობის მიზანი აქვს.
ჩვენ ვითხოვთ:
1. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების დაუყოვნებლივ აღდგენას;
2. მენეჯმენტის მხრიდან ჩვენი პროტესტის შეჩერების მიზნით, როტაციის პროცესის და სამუშაო ადგილიდან გადაყვანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას;
3. ჩვენთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების პირობების გადახედვას და მის შესაბამისობას მოქმედ შრომით კანონმდებლობასთან. მოვითხოვთ რომ ხელშეკრულებების გადახედვის პროცესი გაიმართოს დასაქმებულებისა და ჩვენი წარმომადგენლების მონაწილეობით;
4. შეიცვალოს მძიმე და უსამართლო შრომის პირობები, მათ შორის, მოხდეს სამუშაო დროის ნორმირება და შესრულებული ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით;
5. ბონუსების დარიცხვის სისტემა გახდეს გამჭვირვალე და დათვლის კოეფიციენტი იყოს ადეკვატური და სათანადო. ასევე ვითხოვთ, ბონუსების სისტემა გავრცელდეს რეზერვში მყოფ თანამშრომლებზე;
6. გაუქმდეს დანაკლისების შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვის უსამართლო და თვითნებური სისტემა, ამ მექანიზმის გამოყენება ჩვენს მიმართ მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანაკლისი ჩვენს მიერ სამუშაოს არასათანადო შესრულებას და უშუალო ბრალს უკავშირდება.
კარგად ვიცით, თუ როგორი მძიმე მდგომარეობაა მომსახურებისა და სერვისის სფეროში. ჩვენ გავბედეთ ხმის ამოღება და ამ არაადამიანური პირობების წინააღმდეგ წასვლა. ვიაზრებთ, რომ პრობლემები არის საერთო. ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა და გაერთიანება არსებული უსამართლობის წინააღმდეგ. მოგიწოდებთ ყველა დასაქმებულს შემოგვიერთდეთ. ბრძოლა საერთოა, გიცხადებთ სოლიდარობას.
გაბედე შენც და შემოგვიერთდი!"