გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ხეების ჭრასთან დაკავშირებულ m2-ის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივისა“ და მოძრაობა „პარტიზანული მებაღეების“ აქტივისტების საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობას სამუშაო ჯგუფში გააგრძელებს.
„უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ჩვენს გარემოს (განსაკუთრებით, როდესაც საქმე ჩვენს დედაქალაქს ეხება) და ბიზნესის ინტერესებიც იქნება დაცული“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა.
კომიტეტის სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით თვალსაზრისი გამოხატა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“. მისი წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, თბილისში ეკოლოგიასა და მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული საკითხები პრობლემურია და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. მან აღნიშნულთან დაკავშირებით 4 საყურადღებო საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
„პირველი, ეს არის [ხეების ჭრაზე] გადაწყვეტილების მიღების პროცესი. გადაწყვეტილება ამჯერად მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წესით, რაც ხელს უშლის პროცესში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას და აადვილებს მიკერძოებულ და არაობიექტურ გადაწყვეტილებას. ხშირად ვყოფილვართ მომსწრე, არასწორი გადაწყვეტილების. არასწორი გადაწყვეტილება მიიღება არამხოლოდ იმის გამო, რომ არაპროფესიონალები წერენ ამას, ხშირ შემთხვევაში პროფესიონალები წერენ, უბრალოდ, ხელიდან ხელში გადასცემენ თავიანთ დასკვნას შემკვეთებს, ისე, რომ დაინტერესებული საზოგადოება ამას ვერ იგებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ასევე პრობლემურია ის, რომ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური, ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პროცესში საკმაოდ გვიან ეტაპზე ერთვება და არა მშენებლობის ნებართვის საწის ეტაპზე. რაც მისი თქმით, ასევე არასწორია.
„კიდევ ერთი პრობლემური საკითხია ხეების ჭრა მშენებლობისას. მიწაზე საკუთრების უფლების ან მშენებლობის ნებართვის მიღების შემდგომ დეველოპერები სპეციალურად ახმობენ ხოლმე ხეებს, რადგან ნებართვას ხმელის მოჭრაზე შემდეგ ადვილად იღებენ. ასევე არის შემთხვევა, რომ ხშირად ჭრით დაინტერესებულ პირს უღირს დაარღვიოს კანონი შეგნებულად, არ გაირთულოს ცხოვრება ნებართვის აღებით და გადაიხადოს ჯარიმა. ჩვენი აზრით, ეს ორი სიტუაცია შესაძლოა მოგვარდეს იმით, რომ გამკაცრდეს რეგულაციები, თუნდაც ჯარიმის გაზრდით, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებით“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, კომიტეტის წინა შეხვედრაზე, გააცნეს პარლამენტის კვლევითი სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ, მაგალითად, ესპანეთში ერთი ხის უკანონო მოჭრაზე ჯარიმა 500 000 ევრომდეა.
„კიდევ ერთი პრობლემა - დეველოპერები ხშირად არ ირთულებენ ცხოვრებას ნებართვის აღებით და როდესაც მშენებლობას დაიწყებენ, მერე ამბობენ, რომ შენობასთან ძალიან ახლოს არის ხე, ან ტექნიკის მოძრაობას უშლის ხელს. ფაქტის წინაშე აყენებენ, რომ ხე, რომელსაც მან მიუშენა სახლი, შეიძლება სახლს ზედ დაეცეს, რადგან მშენებლობის დროს ფესვები ჩაუჭრეს და ნებართვის აღება გაიმარტივეს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს ხარვეზი, რომელიც არის მოქმედ კანონმდებლობასა და შემოთავაზებულ ორივე ვერსიაში [m2-ის საკანონმდებო წინადადება და დეპუტატ დავით სონღულაშვილის ინიციატივა], ჯერჯერობით, რჩება და იმედი მაქვს, ვიმუშავებთ და ამ ლაქას გამოვასწორებთ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ასევე გადასახედია კომპენსაციების გამოყენების პრაქტიკაც და გარემოზე ზემოქმედების შემთხვევაში საჭირო იერარქიული ეტაპების მკაცრად დაცვა.
„გარემოზე ზემოქმედების იერარქია გულისხმობს პირველ რიგში საფრთხის თავიდან აცილებას, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ის უნდა შერბილდეს. თუ შერბილებაც შეუძლებელია, შემდეგ - აღდგენა და ბოლოს კომპენსაცია. ჩვენთან არის პირიქით, თავდაყირაა დაყენებული ეს სისტემა და, შესაბამისად, არ მუშაობს. ჩვენთან ეს სამი საფეხური გამოტოვებულია და არის კომპენსაცია, ანუ ფულს თუ გადაიხდი, შეგიძლია, ზიანი მიაყენო გარემოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კონკრეტული ზიანის მიყენება არ იყო საჭირო ან გარდაუვალი. მაგალითად, გზის ან მშენებლობის ისეთი დიზაინი რომ შეგემუშავებინა, ხის მოჭრა არ ყოფილიყო აუცილებელი ან 10-ის ნაცვლად, ერთი ხის მოჭრა გამხდარიყო აუცილებელი“, - ამბობს მაჭარაშვილი.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი დირექტივით, საქართველო 2017 წლის განმავლობაში ვალდებულია, გაითვალისწინოს გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირეული დირექტივა. „იმედი მაქვს, საბოლოოდ მიღებული კანონი შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის დირექტივასთან“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
სს „m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ის დედაქალაქის ტერიტორიაზე დაავადებული ხეების მოჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული რიგი საკითხების დარგულირებას მოითხოვს.
„მოგეხსენებათ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძო მესაკუთრეს დაავადებულ ხეების მოჭრის უფლების მოპოვება თბილისის მუნიციპალიტეტისათვის მიმართვის გზით უწევს. ამასთან, საკომპენსაციოდ მან სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოს, რაც მნიშვნელოვანად ართულებს ბიზესაქტორების მდგომარეობას. მიგვაჩნია, რომ დაავადებული მწვანე ნარგავების მოჭრა მესაკუთრეს თავისი ტერიტორიის საზღვრებში თანხის გადახდის გარეშე უნდა შეეძლოს, რადგან დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა საფრთხეს წარმოადგენს სხვა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ნარგავების დაზიანების თვალსაზრისით და, შესაბამისად, მათი დროული გაუვნებელყოფა ქალაქის ინტერესებში შედის“, - წერს m2 საკანონმდებლო წინადადებაში.