176 150-ლარიანი Toyota Land Cruiser საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს გადაეცა სარგებლობაში. ამის შესახებ „ლიბერალის" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული.
2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლომ „ტოიოტას“ მარკის 3 ახალი ავტომობილი ჩანაცვლების წესით იყიდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული 3 ახალი ავტომანქანის შესაძენად სასამართლომ ჯამში 300 268 ლარი გადაიხადა - ფულადი სახით 221 768 ლარი, ხოლო დანარჩენი 78 500 ლარი ჩასანაცვლებელი ავტომობილებით დაიფარა.
საკონსტიტუციო სასამართლოს Toyota Land Cruiser-ის შეძენა 176 150 ლარი დაუჯდა. Toyota Camry-ის ღირებულება 62 059 ლარია. საკონსტიტუციო სასამართლომ ორი camry - მოდელი იყიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, 2016 წლის დეკემბრიდან დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტოპარკის განახლების პროცესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა მის სარგებკლობაში არსებული 2 ავტომობილის გამოყენებაზე.
„შესაბამისად სასამართლოს განახორციელა ამორტიზირებული ავტომობილების (რომელთა ექსპლუატაცია უკვე მოითხოვდა დიდ დანახარჯებს) Mercedes-Benz S500-ისა და Toyota land Cruiser-ის ჩანაცვლება. მათ ნაცვლად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სარგებლობაში გადაეცა ერთი ერთეული ToYota Land Cruiser LC200. ხოლო სასამართლოს ბალანსზე რიცხული Hundai და Toyota RAV4 ჩაანაცვლა ორი Toyota camry-ით, რომლებიც სარგებლობაში გადაეცათ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს“, - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.