
ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე უარყოფს დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის ბრალდებებს, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბინაში ნაპოვნი იარაღი ირაკლი მამალაძეს ეკუთვნოდა.
მამალაძე „ლიბერალთან" საუბარში აცხადებს, რომ ამ ბრალდებას უკიდურესად არასერიოზულად უყურებს.
„მახსოვს, რამიშვილი გამოვიდა ერთ-ერთი დაკითხვიდან და თქვა, ძალიან მოცულობით საკითხია და სერიოზული შეკითხვები დაისვაო. ეს არის სერიოზული, რომ მე ახალ წელს დავრბოდი და მამაოს იარაღი მივაბარე თუ, არ ვიცი, რაზე არის ლაპარაკი. მე ნამდვილად გაკვირვებული ვარ იმით, რომ ჯერ ეს თქვა, რომ მე იარაღი მივაბარე მას და ის მინახავდა. მე არ ვიცი, რა მოტივები ამოძრავებს მას, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რატომ ვუყურებ ამ თემას არასერიოზულად. კიდევ ვიმეორებ, საქმე არის უმძიმესი. ძალიან მრავალმხრივი გამოძიება მიმდინარეობს. მე ამ თემაზე არავის დავუკითხივარ, იმედია, დამკითხავენ და თუ მე მეკუთვნოდა ეს იარაღი, მასზე იქნება დეენემის კვალი, ჩამიტარდება ექსპერტიზა და და ა.შ. ეს გამოვლინდება და დაიდება დასკვნა" - ამბობს მამალაძე.
მისი თქმით, ახალ წელს სხვა ადამიანების გარემოცვაში იყო და იმ დღეებში დეკანოზი არ უნახავს.
„თუ იარაღი მე მიმიცია, თუ შორენა თეთრუაშვილს ციანიდი უნდოდა თუ ჰქონია, თუ არ ვიცი, რას ამბობდა, მაშინ ჩვენ რატომ ვართ გარეთ და ის რატომ არის ციხეში?! ვერ გამიგია" - ამბობს მამალაძე „ლიბერალთან" საუბარში.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ განაცხადა, რომ იარაღი, რომელიც ამოიღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის.