2017 წლის ზაფხულიდან მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია ბენეფიციარებისთვის უფასო იქნება.
დღეს მოქმედი სისტემა, პაციენტისთვის მკურნალობის მისაღებად თანაგადახდას ითვალისწინებს და ყოველთვიურად 110 ლარს შეადგენს. ზაფხულიდან კი აღნიშნული თანაგადახდის კომპონენტი გაუქმდება და პაციენტებისთვის მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამაში მონაწილეობა უფასო გახდება. მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვისაა განკუთვნილი.
„გლობალური ფონდის დაფინანსებით ბენეფიციარებისთვის აღნიშნული მომსახურება უფასო იყო, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს კი თანაგადახდა უწევდათ, რაც რა თქმა უნდა, დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო, იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩართულიყო ამ პროგრამაში. 2017 წლის მეორე ნახევრიდან „გლობალური ფონდი" ამთავრებს ამ პროგრამის დაფინანსებას. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო წამოვიდა ამ ნაბიჯზე, რომ არამხოლოდ „გლობალური ფონდის“ პაციენტისთვის არამედ ყველა პაციენტისთვის, ვინც არის ბენეფიციარი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრმის (როგორც სახელმწიფო, ისე „გლობალური ფონდის“ პროგრამაში ჯამში 4 000 პაციენტია ჩართული) მომსახურება იქნება უფასო“, - ამბობს ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმოამდგენელი ხათუნა თოდაძე.