მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა - პროგრამაში ჩართული პაციენტები ფინანსურ, გეოგრაფიულ და სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ. ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, მეთადონის ჩანაცვლების პროგრამაში ჩართული ქალების საჭიროებები და ბენეციფიარების დასაქმების პრობლემები ჩანაცვლებით თერაპიას მათთვის დაბრკოლებად აქცევს.
ვანო მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ბენეფიციარია. მეთადონის საკუთარი წილი ულუფის მისაღებად ყოველდღე რუსთავიდან თბილისში დადის, რადგან მის ქალაქში მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ცენტრი არ არის. თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე არსებულ ცენტრში მისვლა დილის 9-დან 3-საათამდე უნდა მოასწროს, რადგან ცენტრი სწორედ ამ საათებში მუშაობს.
„ძალიან დიდი პრობლემა მაქვს, ბევრი დრო მეკარგება. მგზავრობა ყველაზე დიდი დისკომფორტია ჩემთვის. ვერ ვმუშაობ, რადგან მთელი დღე ამას ვანდომებ. ამასთან, მგზავრობის გადასახადი ხარჯებთანაცაა დაკავშირებული, რაც უმუშევრობის პირობებში დამატებითი პრობლემაა ჩემთვის“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბარში.
მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრის განყოფილებები თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში ფუნქციონირებს.
საქართველოს ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელმა, პროგრამაში ჩართული ადამიანების საჭიროებების შესწავლის მიზნით, საქართველოს 6 რეგიონში გასულ წელს შეხვედრები და ფოკუსჯგუფები მოაწყო.
ქსელის წარმომადგენელ გიორგი სოსელიას თქმით, მეთადონის პროგრამაში ჩართული ადამიანებისთვის ცენტრები გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი არ არის და ხშირად მგზავრობის ხარჯები მეთადონის პროგრამის ღირებულებას - 110 ლარს - აღემატება.
„საერთო ჯამში მკურნალობა სოლიდურ თანხას მოითხოვს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პროგრამაში ჩართულ ადამიანებს დასაქმების პრობლემებიც ექმნებათ. მაგ: როდესაც ადამიანი მეთადონის მისაღებად ამბროლაურიდან ქუთაისში ჩადის, ეს მან დილის 9-დან 3 საათამდე უნდა მოასწროს. ამიტომ დასაქმებაზე საუბარი ზედმეტია“, - ამბობს გიორგი სოსელია.
პროგრამის კიდევ ერთ ბენეფიციარს, გიორგი მჭედლიშვილს მიაჩნია, რომ პროგრამის განმახორციელებლებმა ბენეფიციართა საჭიროებები უნდა გაითვალისწინონ და მათ ორი დღის ულუფის ერთიანად გატანის შესაძლებლობა უნდა მისცენ.
„ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილას უნდა მიხვიდე, ეს ყველაფერი 3 საათამდე უნდა მოასწრო, უდიდესი შეღავათი იქნებოდა შაბათ-კვირის ულუფის ერთად გატანა რომ შეგვეძლოს. პატარა ბავშვი მყავს და პროგრამით გამოწვეული შეზღუდვების გამო შვილი დასასვნებლად ვერ გამყავს ქალქიდან. მე არ ვარ უკვე ჩემი ოჯახის წევრი, მე მეთადონით ჩანაცვლების თერაპიის ოჯახის წევრი ვარ, რადგან ყოველდღე იქ უნდა ვიყო. ოჯახთან ერთად ვერსად დავდივარ - პროგრამაზე ვარ მიჯაჭული“, - ამბობს გიორგი მჭედლიშვილი.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პროგრამაში ჩართულ ადამიანებს აქვთ, მართვის მოწმობის აღებას ეხება. ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარებზე მოწმობა პროგრამაში შესვლიდან სამი, ხოლო გასვლიდან ერთი წლის შემდეგ გაიცემა. რესპონდენტების თქმით, მართვის მოწმობა მათ თვითდასაქმების შესაძლებლობას მისცემდა. მაგ: დისტრიბუციაში, ტაქსის მძღოლად და ა.შ.
მეთადონის პროგრამით უკმაყოფილოები არიან პროგრამაში ჩართული ქალებიც. მათი თქმით, ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრებს ქალებისთვის ცალკე შესასვლელი უნდა ჰქონდეს, რადგან პროგრამაში ჩართული მამაკაცების მხრიდან მათ მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება იგრძნობა.
„ქავთარაძეზე არ არის ცალკე შესასვლელი, გიწევს რიგში დგომა ბიჭებთან ერთად. ამის გამო ქალს მაინც სხვანაირად უყურებენ. ნარკოდამოკიდებული ქალი ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება, ის მაინც ცდილობს, არ გამოჩნდეს, ამიტომ სასურველია, რომ ცენტრს სხვა შესასვლელი ჰქონდეს“, - ამბობს პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარი ეკა.
მისი თქმით, ოთახში სადაც ექიმი პაციენტს დოზას უწერს, დამონტაჟებულია კამერა, სადაც ჩანს, თუ როგორ შედის ბენეფიციარი ტუალეტში ანალიზისთვის.
„ექითან შესული ნებისმიერი ადამიანი ხედავს ამ კამერას“ - ამბობს ეკა.
მისივე თქმით, ამ პრობლემების გამო ის სხვა ცენტრში გადავიდა, სადაც ამგვარ უსიამოვნო შემთხვევებს თავს აარიდებდა.
გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე ამბობს, რომ ხელმისაწვდომობა საქართველოში იდეალური არ არის, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს. მისი თქმით, ადრე პროგრამაში 1800 ადამიანზე მეტს ვერ რთავდნენ. ახლა ეს ზედა ზღვარი მოიხსნა და პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა გააჩინა.
მისი თქმით, ცენტრი ამჟამად 2014 ბენეფიციარს ემსახურება, ასევე 500 ბენეფიციარს გლობალური ფონდის პროგრამიდან და 100-მდე პენიტენციარული სისტემიდან.
„რუსთავში ჩვენ ვგეგმავთ ცენტრის გახსნას, მაგრამ თერჯოლაში რამდენად აქვს ამას აზრი, ვერ გეტყვით. ზოგადად ეს ყველაფერი ფინანსურ საკითხებს უკავშირდება, ისეთ რეგიონებში, სადაც თითებზე ჩამოსათვლელი ბენეფიციარები არიან, განყოფილების გახსნის ფინანსური აუცილებლობა არ არსებობს”, - აცხადებს კილაძე.
კილაძის თქმით, ერთადერთი პრობლემური რეგიონი, რომელსაც პროგრამა არ მოიცავს არის სამხრეთ საქართველო. მისივე განცხადებით, სხვა მხრივ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა მწვავედ არ დგას.
„ადამიანი, რომელსაც მიჰყავს თავისი ოჯახის წევრები მაგალითად ურეკში, მას შეუძლია ჩავიდეს ქობულეთში ან ფოთში, იქ მას კუთვნილი ულუფის სრულად მიღება შეუძლია“, - ამბობს კილაძე.
რაც შეეხება რამდენიმე დღის ულუფის ერთიანად გატანას, კილაძის თქმით, საჭიროების/დასაბუთების შემთხვევაში ბენეფიციარებისთვის ამის პრობლემა არ არსებობს. მათ მხოლოდ განცხადებით უნდა მიმართონ ცენტრს.
„თუ არის გადაუდებელი საჭიროება, ვთქვათ ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია მოვიდეს ცენტრში და მიიღოს მედიკამენტი, ასევე ადამიანი თუ მიემგზავრება მივლინებაში საზღვარგარეთ, სჭირდება რამდენიმე დღის მედიკამენტი, განცხადების საფუძველზე პრეპარატს უპრობლემოდ იღებს; იგივე ხდება, როცა ადამიანი სტაციონარში წევს“, - აცხადებს კილაძე.
მისივე თქმით, 2014 წლიდან - 2015 წლის იანვრის თვის ჩათვლით, მათ ამგვარი განცხადებით 47 ბენეფიციარმა მიმართა და თხოვნა ორმოცდაშვიდივეს დაუკმაყოფილდეს.
თუმცა ობიექტური მიზეზების გარეშე მედიკამენტის რამდენიმე დღის დოზის ერთიანად გატანას კილაძე სხვადასხვა რისკფაქტორს უკავშირებს და ამბობს, რომ დამატებითი კომფორტი არ არის მიზეზი ბენეფიციარების ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
რაც შეეხება ბენეფიციარების დასაქმების საკითხს, ცენტრის დირექტორი ამას პრობლემად არ აღიქვამს. მისი თქმით, ცენტრები 9 საათზე იხსნება, ყველას შეუძლია ამ დროს მივიდეს ცენტრში, დალიოს წამალი და წავიდეს სამსახურში.
„სამუშაოს პრობლემა ამ შემთხვევაში არ დგას. ჩემი თანამშრომლები დილის 9 საათიდან ადგილზე არიან. თუ ადამიანი რაღაც მიზეზით მოსვლას ვერ ახერხებს, თუმცაღა ძალიან მიკვირს რატომ ვერ უნდა მოახერხოს, უპრიანია, რომ პირველ ეტაპზე მივიდეს იქ, სადაც ამ პრობლემის სათავეა და გაიკეთოს ამას აფიშრება. იქნებ ვუგვარებთ ამ საკითხს“, - აცხადებს კილაძე.
ქალების საჭიროებებთან დაკავშირებით კი კილაძე ამბობს, რომ ამგვარი პრობლემებით მასთან არავინ მისულა. მისი თქმით, თუ ეს პრობლემა არსებობს, პაციენტები მათ უნდა ელაპარაკონ.
„მაჩვენეთ ეს ხალხი, მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ეფემერულ დონეზე განყოფილებას ვერ გავხსნი. ნებისმიერ არასამთავრობოს, რომელსაც ამ ქალბატონებთან ურთიერთობა აქვს, ნებისმიერ დროს შევხვდებით. თუ ეს ქალბატონები რეალურად არსებობენ, ხომ შეიძლება, შევხვდე ამ ხალხს. უპრობლემოდ გავხსნი განყოფილებას თუკი ამის რეალური მოთხოვნა და საჭიროება იქნება“, - აცხადებს კილაძე.
ერთადერთი პრობლემური საკითხს, რომლის ობიექტურობასაც კილაძე ეჭვქვეშ არ აყენებს, მართვის მოწმობით სარგებლობის საკითხია.
„გეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მოგვარებას საჭიროებს. ძალიან ბევრი ნიუანსია. მეთადონი იდეალურ შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს თრობას. აქაც ექსპეტების აზრები იყოფა - სადავოა რა დოზით იწვევს ის თრობას და რა დოზით არ იწვევს. ეს თემები მესმის, რომ ძალიან მტკივნეულია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ამ პროგრამაშია ჩართული. მაგრამ წამოიდგინეთ მეორე მხარე - საზოგადოებაში რამხელა ხმაური და უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს იმას, რომ ჩვენი ბენეციფიარი რაღაც საგზაო შემთხვევის მონაწილე გახდეს და ამ დროს მეთადონის გავლენის ქვეშ იყოს. ეს, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებაა, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოს, მაგრამ, მეორე მხრივ, დგება საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხი“, - აცხადებს კილაძე.
წამალდამოკიდებულების კვლევების დარგში 10-წლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას” მკვლევარი ირმა კირთაძე, „ლიბერალთან“ საუბრისას მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, ყველა ქალაქში ცენტრის გახსნა ვერ მოხერხდება, თუმცა არსებობს მთელი რიგი მიდგომები, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა.
მისი თქმით, ევროპული გამოცდილებით, არსებობს, ე.წ. „მეთადონის ავტობუსი“, რომელიც დადის ქალაქში. აქვს რამდენიმე გაჩერება. ყველა ბენეფიციარმა იცის, როდის, სად და რამდენი ხნით ჩერდება ის, შეუძლია, მისთვის ხელსაყრელ გაჩერებაზე ჩამოვიდეს და მიიღოს კუთვნილი დღიური დოზა.
რაც შეეხება მეორე ალტერნატივას, კირთაძის თქმით, არსებობს ასევე მეთადონის აფთიაქებში გაცემის პრაქტიკა, როდესაც პროგრამის ბენეფიციარს აქვს შესაბამისი რეცეპტი, მიდის აფთიაქში და იღებს თავის დოზას.
როგორც კირთაძე გვეუბნება, კიდევ ერთი მიდგომა რამდენიმე დღის დოზის ერთიანად გატანას გულისხმობს. მისი თქმით, ამგვარი შეღავათები ვრცელდება მხოლოდ პროგრესირებად პაციენტებზე, რათა მათ შეუმსუბუქდეს მდგომარეობა და თავიდან აიცილოს ყოველდღიური რუტინა. მათთვის ეს ერთგვარი წახალისებაა.
„მკურნალობისასწამახალისებელი, პოზიტივზე დაფუძნებული მიდგომები გამოყენებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც უწევს რეკომენდაციას. პაციენტები, რომლებიც მკურნალობის კურს არ არღვევენ, აჩვენებენ, რომ პროგრესი აქვთ, მათ ერთი-ორი დღის დღიური ულუფას ატანენ. ეს დრო შემდგომ უფრო ხანრგძლივდება, იმის მიხედვით, რამდენად კარგად მიდის პაციენტის მკურნალობის პროცესი“, - აცხადებს კირთაძე.
რაც შეეხება ლაშა კილაძის მიერ ნახსენებ რისკფაქტორებს, რომლებიც რამდენიმე დღის ულუფის ერთიანად გატანის შემთხვევაში, მედიკამენტის გაყიდვის საშიშროებას ეხება, კირთაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში იმ ადამიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომელიც გაყიდის პრეპარატს და ეს არ უნდა გახდეს ცენტრის, პროგრამის დისკრედიტირების საფუძველი.
„დადგა დრო, როცა ყველამ თავის დანაშაულზე აგოს პასუხი. ამიტომ, თუკი ექიმი გამოწერს მედიკამეტს, მაგ. ბინაზე სარგებლობისთვის და ამას პაციენტი გაყიდის, ის უნდა დაისაჯოს და არა ექიმი, რომელიც კანონით დადგენილი შემთხვევებით ხელმძღვანელობს. მესმის, როცა პაციენტი თვითონ არ უფრთხილდება ქვეყანაში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას, რომლის არსებობაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ახლა ყველა უფრთხის კლინიკიდან წამლის გარეთ, შავ ბაზარზე გადინებას, რომ არ დადგეს ცენტრის დისკრედიტაციისა და დახურვის საკითხი“, - აცხადებს კირთაძე.
დაბოლოს, რაც შეეხება პროგრამაში ჩართული ქალების საჭიროებებს, კირთაძე ამბობს, რომ არსებობს ობიექტური მიზეზები, რის გამოც ნარკომომხმარებელი ქალები გამოჩენასა და საკუთარ პრობლემებზე საუბარს ერიდებიან.
„საზოგადოებისთვის, რომელიც ქალს მხოლოდ როგორც დედად, ცოლად, შვილების გამზრდელად აღიქვამს, ბუნებრივია, მისთვის მიუღებელია ქალის მიერ ნარკოტიკების მოხმარება. აქედან გამომდინარე, მაღალია სტიგმა ქალი მომხმარებლების მიმართ, ამიტომ ქალი ცდილობს დაფაროს მისი მდგომარეობა. ეს ფარული პოპულაციაა. ისინი ამის გამო შესაძლოა არც მივიდნენ ხელმძღვანელობასთან და არ უთხრან - მე ქალი მომხმარებელი ვარ, პრობლემები მაქვს“, - ამბობს კირთაძე.
მისი თქმით, ქალი მომხმარებლები, სტიგმატიზირებულნი არიან მამაკაც მომხმარებელთა მხრიდანაც. ამიტომ ქალებს მამაკაცებთან ერთად რიგში დგომა არ სიამოვნებთ, რადგან მათგან სიძულვილს გრძნობენ.
„მკურნალობის თავისებურებიდან გამომდინარე, ქალებისთვის არსებობს გარკვეული საჭიროებები, რომლებიც არ არსებობს მამაკაცებისთვის. ყველგან ცდილობენ, ქალებისთვის ცალკე ცენტრი თუ არა, ცალკე შესასვლელი მაინც არსებობდეს. როდესაც ქალი პაციენტი ექიმს ესაუბრება, ის გარეშე პირს, მით უმეტეს, მამაკაცს არ უნდა ესმოდეს, ეს ძალიან მნიშვნელვანია ქალებისთვის“, - აცხადებს ირმა კირთაძე.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი". სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.