2016 წელს საქართველოს მასშტაბით ნარკოტესტირებაზე 22 405 ადამიანი გადაიყვანეს. „ლიბერალის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, თბილისის შემდეგ ნარკოტესტირებაზე ყველაზე მეტი ადამიანი აჭარაში (4 895) გადაიყვანეს, შემდეგ მოდის იმერეთისა (3 280) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (2 647) რეგიონი. მსგავსი ტენდენცია იყო წინა წლებშიც.
2016 წელს ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი ადამიანებიდან მამაკაცი იყო 22 159, ხოლო ქალი - 246, მათ შორის, არასრულწლოვანი - 24;
წლების მიხედვით ნარკოტესტირებაზე გადაყვანის მაჩვენებელი ასეთია: 2012 წელს - 21 749, 2013 წელს - 60 196, 2014 წელს - 50 865, ხოლო 2015 წელს 37 503 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ „ლიბერალმა“ შსს-დან ასევე გამოითხოვა ინფორმაცია, წლების მიხედვით, ნარკოტესტირებაზე წარდგენილი პირებიდან რამდენმა თქვა უარი ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე.
შსს-დან მიღებული პასუხების მიხედვით, მაგალითად 2016 წელს „კლინიკურად შემოწმდა, ბიომასალა ვერ/არ ჩააბარა" 1 150 ადამიანმა, ხოლო უარი განაცხადა 30-მა. წინა წლებთან შედარებით, 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებლები გაორმაგებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, ნარკოტესტირებაზე პირის გადაყვანის ახალი ინსტრუქციის დამტკიცების შემდეგ ბრძანებით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით გადაჰყავდათ ნარკოტესტირებაზე ადამიანები.
საქმე ისაა, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს შსს-ს მინისტრის ბრძანებით გაიწერა პირის ნარკოტესტირებაზე გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლები. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის შეფასებით, შსს-ს „ახალი" ინსტრუქცია ნარკოტესტირების მავნე პრაქტიკის გაგრძელების საშუალებას იძლევა.
ახალ ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ პირის ნარკოტესტირებაზე წარდგენა შეიძლება თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს სსიპ – „112“ - ში შესული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ.
„ამ შემთხვევაში შეზღუდულად მოხდება ამ ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმება, შეუძლებელია, სასამართლოს წინაშე დაიკითხოს უშუალოდ კონფიდენტი, რომელმაც პოლიციელს ინფორმაცია ოპერატიულად მოაწოდა. მოსამართლეს და მეორე მხარეს, ვინც გადაიყვანეს, არ აქვს უფლება, რომ ამ ადამიანის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენოს, ეს არის პრობლემა“, - აცხადებდა „ლიბერალთან" საუბრისას EMC-ის იურისტი გურამ იმნაძე. იმნაძე მიიჩნევდა, რომ სწორედ ამ საფუძვლით მოხდებოდა ყველაზე ხშირად პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანა.