ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოხის საჯარო სკოლის მუსლიმი მოსწავლის, თეონა ბერიძის სახელით, აუდიტის გადაწყვეტილება განათლების მინისტრთან გაასაჩივრა.
2017 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დირექტორის მიერ მუსლიმი მოსწავლე გოგონასთვის, თავსაბურავის მოხსნის თაობაზე მითითებისა და ამ საფუძვლით სკოლაში ჩარიცხვაზე უარის გამო, სავარაუდო შევიწროების ეპიზოდში, დირექტორის პასუხისმგებლობა არ დაადგინა. დეპარტამენტმა ზოგადად საჯარო სკოლების მიერ მოსწავლეებისთვის რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების შეზღუდვის საკითხი შეაფასა და მიუთითა, რომ საჯარო სკოლებს რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, მსგავსი აკრძალვის დაწესების ლეგიტიმური საფუძველი აქვთ.
EMC მიიჩნევს, რომ დეპარტამენტის დასკვნა დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა, შემდეგი არგუმენტების გამო:
„ – დეპარტამენტის დასკვნა დისკრიმინაციის ფაქტის არარსებობის დასადასტურებლად მიუთითებს შეზღუდვის ნეიტრალურ ხასიათზე და აცხადებს, რომ მსგავსი აკრძალვა სკოლის ყველა, მათ შორის ქრისტიან მოსწავლეებზე ვრცელდება, რაც მის დისკრიმინაციულ ბუნებას გამორიცხავს. ამ მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორის მიერ აშკარად გამოხატული რელიგიური შინაარსის მატარებელი სამოსის და სიმბოლიკის სასწავლო დროს აკრძალვა სკოლაში, სადაც მხოლოდ მუსლიმი და ქრისტიანი მოსწავლეები სწავლობენ, მისი ფორმალური ნეიტრალურობის მიუხედავად, არაპროპოციულ გავლენას ახდენს სწორედ მუსლიმი მოსწავლეების მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობაზე. მართლმადიდებელი მოსწავლეების შემთხვევისგან განსხვავებით, მუსლიმებისთვის აშკარად გამოხატული რელიგიური შინაარსის მატარებელი სამოსის (თავსაბურავის) ტარება დოქტრინალურ კავშირშია მათ რელიგიასთან. დეპარტამენტმა უგულებელყო არაპირდაპირი დისკრიმინაციის სამართლებრივი ჩარჩო და შესაძლო დისკრიმინაციული მოტივი ზედაპირული და ფორმალური არგუმენტით გამორიცხა. ამავე დროს, თავსაბურავის ტარების აკრძალვის ფაქტის იზოლირებულმა შესწავლამ, დეპარტამენტს არ მისცა შესაძლებლობა, აღნიშნული გარემოება მუსლიმი მოსწავლეების შევიწროების სხვა ფაქტებთან კავშირში განეხილა და მთლიანობაში გაეაზრებინა შესაძლო დისკრიმინაციული შევიწროების საკითხი. დასკვნაში დეპარტამენტი არ აფასებს საქმეზე EMC-ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც მოხეში 2014 წელს გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტის დროს საჯარო სკოლის ამჟამინდელი დირექტორის, ნათია რეხვიაშვილის საჯარო, ღიად ანტიისლამურ განწყობებს აჩვენებს;
– დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულია, რომ მოხის საჯარო სკოლის შინაგანაწესში რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდვები ან რეგულაცია არ იყო გათვალისწინებული. იმის მიუხედავად, რომ დეპარტამენტმა, თავსაბურავის მოხსნის თაობაზე სკოლის დირექტორის მითითების ფაქტი არ გამორიცხა, მის კანონშესაბამისობასა და ამ შეზღუდვით რელიგიის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა. რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისთვის ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, შეზღუდვის გამართლებისთვის აუცილებელი იყო იმის დადასტურება, რომ შეზღუდვა განხორციელდა „კანონის საფუძველზე“, რაც დეპარტამენტს არ გაუკეთებია.
– დეპარტამენტის დასკვნა შინაგანაწესში პირდაპირი აკრძალვის არარსებობის მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს თავად ასეთი აკრძალვის ბუნებაზე, რომელიც სკოლის (სამეურვეო საბჭოს) რეგულირების სფეროში შესაძლოა მომავალში მოექცეს. დასკვნის თანახმად, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის, აგრეთვე, მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად. აგრეთვე, თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზების. შიდა აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნული ნორმის რელევანტურობას ასაბუთებს იმ არგუმენტით, რომ „სასკოლო სივრცეში და (არამხოლოდ) მყოფ პირთა ნაწილი თავსაფრის ტარების თემას უკავშირებს სასკოლო სივრცის გარეთ მიმდინარე პროცესებს, კერძოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში რელიგიური დანიშნულების ისტორიული ობიექტის საკითხს. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგანმანათლებლო პროცესის შეფერხებისა და დაპირისპირების გამოწვევი მიზეზი სოფელ მოხეში სწორედ მუსლიმი მოსწავლისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი გახდა და არა პირიქით. ამასთან, რაიმე დაპირისპირების თავიდან აცილების ინტერესზე მსჯელობის დროს სამინისტროს მხრიდან პირველ რიგში უნდა გათვალისწინებულიყო თავად დირექტორის ღიად ანტიმუსლიმური განცხადებები და საჯარო აქტიურობა, 2014 წელს მოხეში გამოვლენილი კონფლიქტის დროს.
– ამასთან ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ თუ მომავალში სკოლის სამეურვეო საბჭოს ექნება ნება და მიიღებს გადაწყვეტილებას სკოლაში რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით, აღნიშნული დანაწესი არ იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნებთან".
EMC აღნიშნავს, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონი უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის დაცვას, კერძოდ, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კრძალავს რელიგიური სიმბოლოების განთავსებას და ინდოქტრინაციას. ამავე დროს ფართო მხარდაჭერას უცხადებს ინდივიდუალურ რელიგიურ გამოხატვას.
იმ პირობებში, როდესაც საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრობლემა მასშტაბურად დგას (რასაც ადასტურებს კვლევები,[7] მათ შორის, სახალხო დამცველის ანგარიშები[8]) და სამინისტრო წლების განმავლობაში ეფექტიან ღონისძიების გატარებას ვერ უზრუნველყოფს, მოსწავლეების მიერ თავსაბურავი ტარებაზე შეზღუდვის დაწესება, რომელიც გამოკვეთილად მუსლიმ თემს უკავშირდება, დისკრიმინაციულ კონოტაციას იძენს.
აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები კონკრეტულ სოციალურ, პოლიტიკურ და ისტორიულ კონტექსტში უნდა შეფასდეს და დაუშვებელია სხვა ქვეყნების გამოცდილებების ავტომატური მიღება. ჩვენს რეალობაში მუსლიმი თემის დისკრიმინაციისა და მარგინალიზების პირობებში, ახალგაზრდა მუსლიმი ქალების მიერ თავსაბურავის ტარება საკუთარი რელიგიური იდენტობის ხაზგასმისა და გაბატონებული რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიაში ერთგვარი წინააღმდეგობის, გათავისუფლების დატვირთვას ატარებს. შესაბამისად, დეპარტამენტის დასკვნაში წარმოდგენილი განმარტებები და გამოყენებული სამართლებრივი ჩარჩო, სოციალურად არაადეკვატურია და მტკივნეულად შეიძლება აღიქვან საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმმა თემებმა.
წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში EMC განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან ითხოვს:
- შიდა აუდიტის დეპარტამენტს დაავალოს საქმის ხელახალი და კომპლექსური შესწავლა, პროცესში მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის და საჯაროობის პრინციპების განუხრელი დაცვით;
- რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გაკეთებული კანონშეუსაბამო ინტერპრეტაციის გათვალისწინებით, მიიღოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის და ადამიანის უფლებებზე, ასევე საქართველოში არსებულ სოციალურ კონტექსტზე დაფუძნებული ინსტრუქცია საჯარო სკოლებში მოსწავლეების მიერ რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების წესთან დაკავშირებით, ისე რომ არ დაირღვეს რწმენის ინდივიდუალური გამოხატვის თავისუფლება.
TDI: სამინისტრო მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაფრის ტარების აკრძალვას ამართლებს
EMC: მოხეში სკოლის დირექტორის მხრიდან შევიწროება სხვა მუსლიმ მოსწავლეებზეც გავრცელდა