თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის თანახმად, თამბაქოს მოწევა რიგ დაწესებულებებში 2018 წლამდე შეიზღუდება, 2018 წლიდან კი, სასტუმროებისა და სტადიონების გარდა, სრულად აიკრძალება.
პროექტი მოწევასთან დაკავშირებით აკრძალვას საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტში აწესებს, მათი დარღვევა კი შესაბამის ჯარიმებს ითვალისწინებს.
კანონპროექტის ინიციატორმა, გუგული მაღრაძემ „ლიბერალს“ განუცხადა, რომ 2018 წლიდან მოწევა ღამის კლუბებშიც აიკრძალება
„იქაც იქნება აკრძალვა, ყველა დახურულ სივრცეში. გარეთ გამოვიდნენ, ჰაერზე მოწიონ და შევიდნენ ისევ თავიანთ კლუბში“, - ამბობს გუგული მაღრაძე
პროექტის თანახმად, კაფე-ბარების, რესტორნებისა და კვების ობიექტების, სამორინეებისა და აზარტული კლუბების მეპატრონეები 2018 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილნი იქნებიან, შენობაში სპეციალურად მწეველთათვის განკუთვნილი ადგილები გამოყონ, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
- არ უნდა იკავებდეს შესაბამისი დაწესებულების საერთო ფართობის 50%-ზე მეტს;
- ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა
კლუბ BASSIANI-ს, HOROOM-ისა და SPACEHALL-ის წარმომადგენელი ნაჯა ორაშვილი „ლიბერალთან“ ამბობს, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, თუმცა, მისი თქმით, თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები კლუბებში სოლიდური ფინანსური კონტრიბუტორები არიან, შესაბამისად, მისი აკრძალვა უარყოფითად აისახება კლუბების განვითარებაზე. ნაჯა ორაშვილი ამბობს, რომ კლუბებში თამბაქოს აკრძალვა რთულ პროცედურებთან იქნება დაკავშირებული.
„ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვემხრობით არამწეველი ადამიანების თამბაქოს მეორადი კვამლისგან დაცვას და ჯანსაღ გარემოს, მაინც უნდა აღინიშნოს რამდენიმე საკითხი. როგორც იცით, ჩვენ განსხვავებულ სფეროში ვმუშაობთ, კლუბები რჩებიან თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მხარდაჭერისა და სოლიდური ფინანსური კონტრიბუციის გარეშე, რაც, სამწუხაროდ, ძალიან დაეტყობა ჩვენს სფეროს და მის განვითარებას. კლუბებში სიგარეტის აკრძალვა, ძალიან რთული პროცედურის გარდა, ბევრ რამესთან იქნება დაკავშირებული, მე თვითონ აქტიური მწეველი ვარ და ვერც კი წარმომიდგენია, მთელი ღამის განმავლობაში საცეკვაო მოედნიდან რამდენჯერ მომიწევს გასვლა, რაც გარკვეულ დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული, თუმცა იმასაც ვიაზრებ, რომ ჩვენი სიამოვნების გამო, სხვისი ჯანმრთელობის დაზიანებას არ უნდა შევუწყოთ ხელი. მოკლედ, რთულ მდგომარეობაში ვართ. ბევრ ევროპულ ქვეყანაში კლუბებში მოწევა ნებადართულია“, - ამბობს ნაჯა ორაშვილი
ფოტო: ჯუდა-ხატია ფსუტური