„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ მომზადებული კონცეფციით, ქვეყანაში პოსტდეკრიმინალიზების პერიოდში შეფასებისა და გადამისამართების კომისიები უნდა შეიქმნას.
მათი მოდელის მიხედვით, აღნიშნულ კომისიებში მოქალაქეს პოლიციელი გადაამისამართებს იმ შემთხვევაში, თუ ის ნარკოტიკს მოიხმარს:
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას;
- თუ თრობის მდგომარეობაში მართავს ტრანსპორტს;
- ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას მაღალი რისკის სიტუაციებში, ბავშვებთან, მოზარდებთან ურთიერთობისას და ა.შ.
პლატფორმის წევრის, „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელის, დავით ოთიაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე საუბარია 15 ასეთი კომისიის ამუშავებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
რას აკეთებენ კომისიები - „კომისია შედგება 3 სპეციალისტისგან - ექიმი, იურისტი, სოციალური მუშაკი.
„პოლიციელი ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანს ამისამართებს კომისიაში, სადაც ის 72 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს. იქ მოხდება მისი საჭიროებების, პრობლემების შეფასება - არის ეპიზოდური მომხმარებელი თუ პრობლემური, დამოკიდებულია თუ არა და ა.შ. ასეთი შეფასების შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, საით გაუშვას ეს ადამიანი - სამკურნალო დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო ცენტრში, ზიანის შემცირების პროგრამაში, თუ მხოლოდ გაფრთხილება მისცეს... დიდი წილი რეკრეაციული მომხმარებლისა არანაირ მკურნალობას არ საჭიროებს და ამ შემთხვევაში კომისია შეიძლება შენიშვნით/გაფრთხილებით შემოიფარგლოს (პირველ შემთხვევაში). თუ ეს ადამიანი ისევ, განმეორებით გამოჩნდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და მოიხმარა, იქ შეიძლება სხვა ზომები გამოიყენონ - არის მთელი სპექტრი სანქციებისა, რისი გამოყენების შესაძლებლობაც ექნება კომისიას - დაწყებული უფლებების შეზღუდვით, მართვის მოწმობის ან იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით, პროფესიული საქმიანობის შეზღუდვით, დამთავრებული ფულადი ჯარიმით და ა.შ.“, - ამბობს ოთიაშვილი.
მისი თქმით, ერთი კომისიის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 55 000 ლარი იქნება და 15 კომისია 830 000 ლარამდე დაჯდება წელიწადში. კომისიებს 10 000-ზე მეტი ადამიანის მიღება შეეძლებათ წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტით, ახლებურად ყალიბდება იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზაც.
პლატფორმა მიიჩნევს, რომ იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების საფუძვლები შეიძლება იყოს:
- საჯარო სივრცეში/არასრულწლოვნის თანდასწრებით მოხმარება;
- ინფორმაცია, რომ სატრანსპორტო საშუალებას პირი მართავს ნარკოლოგიური თრობის ქვეშ;
- ინფორმაცია, რომ პირი მომეტებული რისკის შემცველ მოქმედებას/პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს თრობის ქვეშ.
„სწრაფი ურინოტესტირებით დადებითი პასუხის შემთხვევაში, საჭიროა ე.წ. კონფირმაციული ტესტირებით პასუხის დადასტურება და შესაბამისი ნარკოლოგის მიერ კლინიკური თრობის ქვეშ ყოფნაზე დასკვნის გაცემა. ტესტირებაში მონაწილეობაზე უარი მიიჩნევა დადასტურებულ ფაქტად, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ამ კონტექსტში შემდგომი რეფორმის მიმართულება უნდა იყოს ნარკოლოგიური დაწესებულებების შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადანაცვლება“, - აცხადებენ პლატფორმაში.