საკონსტიტუციო სასამართლო დღეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის" სარჩელს განიხილავს.
სარჩელით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომელიც ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის” დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა, შენახვისთვის სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სარჩელის საფუძველი ლაშა ბახუტაშვილის 0,00009 ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის” ფლობისთვის (ნახმარ ნემსში აღმოჩენილი ნარჩენი) 5-დან 8 წლამდე პატიმრობის შესაძლებლობა გახდა.
მოსარჩელის მტკიცებით, ვინაიდან კანონმდებლობა არ ადგენს დეზომორფინის ოდენობებს, დეზომორფინის ნებისმიერი ოდენობით შენახვა-შეძენა, დამზადება (მათ შორის პირადი მოხმარებისათვის 0,00009 გრამიც) მიიჩნევა დიდ ოდენობად და მოსამართლეს განაჩენის დადგენისას არ აქვს შესაძლებლობა, ინდივიდუალურად განსაზღვროს დანაშაულის კვალიფიკაცია სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.
მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით დადგენილი სასჯელის არაპროპორციულობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სადავო ნორმა დეზომორფინის შეძენა-შენახვა, მოხმარებისათვის ითვალისწინებს იმავე ოდენობის სანქციას, რაც დადგენილია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის.
ბახუტაშვილი 2013 წელს 0,00009 გრ. (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (ე.წ. კრაკადილი) შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დეზომორფინის მცირე რაოდენობა კანონით დადგენილი არ არის, ამიტომ 0.00009 გრ. ავტომატურად დიდ ოდენობად მიიჩნევა.
ბახუტაშვილის საქმე „თეთრი ხმაურის მოძრაობამ" 2016 წლის 19 აპრილს გაასაჯაროვა. სარჩელის წარმომადგენელი იქნება ვახუშტი მენაბდე.
დღევანდელი სხდომა სარჩელის დასკვნითი ეტაპია, რის შემდეგაც სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.