მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფება.
შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა. მისივე თქმით, მესაზღვრეს არ ჰქონია საბაბი, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლუჟკოვის საზღვრის კვეთის მომენტში რაიმე კონკრეტული მონაცემი, პასპორტიდან გამომდინარე, არ არსებობდა, რაც მესაზღვრისთვის საკმარისი იქნებოდა გადაწყვეტილების მისაღებად. დანარჩენი დამატებითი გარკვევის საგანია. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას დარღვეული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა, არ იყო. შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ინტერნეტში იძებნება მასალები, რომლებიც ადასტურებს, რომ 2009 წელს ლუჟკოვი როგორც სოხუმში, ისე ცხინვალში იმყოფებოდა.
Civil.ge-ის არქივში ინახება ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ 2009 წლის ნოემბერში ოფიციალურმა თბილისმა საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსულ მხარეს მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ხელმძღვანელობით დელეგაციის სოხუმში ჩასვლასთან დაკავშირებით.
„საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ნოტა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს საშუალებით 13 ნოემბერს გაიგზავნა. მოსკოვის მერი სოხუმს 13 ნოემბერს ეწვია და სეპარატისტულ ხელისუფლებასთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა“, - ვკითხულობთ აღნიშნულ მასალაში.
ამავე წელს მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ცხინვალს ესტუმრა, სადაც სეპარატისტების ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა. „საქართველოს საგარეო უწყებამ დაგმო ლუჟკოვის ცხინვალში ჩასვლა და რუსეთის სხვა ლიდერების ვიზიტების მსგავსად ის შეაფასა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევად საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების იგნორირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობებად”, - ვკითხულობთ Civil.ge-ს არქივში.
მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა არქიმანდრიტმა სერაფიმ ბით ხარიბიმ გაავრცელა.