მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა „მოამბესთან“ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ოსეთის ჩამოშორების შემდეგ საქართველო მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, - განაცხადა მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა 1 არხთან.
მისი თქმით, მას არ სმენია ოკუპაციის შესახებ კანონის და მისი საბუთები საზღვრის გადმოკვეთისას წესისამებრ შემოწმდა.
„ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ბუნებრივია, ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო, ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს“, - აღნიშნა ლუჟკოვმა.
ლუჟკოვმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ საკითხებზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა.
„ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ. მე ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის“, - განაცხადა ლუჟკოვმა.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფება. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა. მისივე თქმით, მესაზღვრეს არ ჰქონია საბაბი, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა.