ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის თქმით, მოსახლეობას ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ხელის შეშლის არანაირი უფლება არ აქვს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, „იქ არიან არასამთავრობოები, რომლებიც მუდმივად ეწინააღმდეგებიან" მათ ყველა წამოწყებას, საქმე ეხება „პატარა ჰესს, დიდ ჰესს, თუ რამე ხაზის გაყვანას".
„შევხვდი მათ არაერთხელ, როგორც ოფისში, ასევე მათთან სოფელში ჩავედი. აქ არის ორი მომენტი, პირველი - ვინც ეწინააღმდეგება ზოგადად ხაზის მშენებლობას მინდა, ვუთხრა მათ, რომ არანაირი ხაზი არ გადადის სახლის სახურავებზე. დაშორებულია 100-150 მეტრით სახლებიდან. არანაირი უფლება არ აქვთ მათ, რომ გააჩერონ მშენებლობა. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს, აქ ჩვენ ისედაც ვაჩერებთ სამუშაოებს ერთი კვირით, სანამ მეთოდოლოგია არ იქნება შემუშავებული. აქ სამუშაოები გაგრძელდება მაშინ, როცა მეთოდოლოგია იქნება. ეს მოხდება ალბათ ერთ კვირაში, არის მეთოდოლოგია სპეციალური უბნებისთვის. ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩემი აზრით, ყველანაირი რესურსი ამოწურულია. მაინც ვიმუშავებთ, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. იქ არიან არასამთავრობოები, რომლებიც მუდმივად ეწინააღმდეგებიან ჩვენ ყველა წამოწყებას, საქმე ეხება პატარა ჰესს, დიდ ჰესს, თუ რამე ხაზის გაყვანას" - თქვა ელოშვილმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ხანდოში ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს აპროტესტებენ
ხანდოში ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის გასაპროტესტებლად რამდენიმე სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა.
ფასანაურის მკვიდრი ბადრი დავითური „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ სოფელში 150-მდე ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ტრაქტორებს გზების გაჭრის საშუალებას არ აძლევენ.
ქსანი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის წინააღმდეგ ენერგეტიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია 8 მაისს გამართეს.
„ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა" - ასე აფასებს ჭართლიდან, ფასანაურიდან და ხანდოდან ჩამოსული მოსახლეობა პროექტს, რომელიც, მათი თქმით, განხორციელების შემთხვევაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს.
„ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა" - აქცია ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის წინააღმდეგ
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ენერგოტრანსი" ახორციელებს, რომელიც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შვილობილი კომპანიაა. ამ უკანასკნელის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ საწყის ეტაპზე, ელექტროგადამცემი ხაზი იმუშავებს 110 კვ. ძაბვაზე და მოემსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული და მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების მიერ გენერირებული ელ. ენერგიის ინტეგრირებას საქართველოს ენერგოსისტემაში.