საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში განაცხადა, რომ „კომუნისტები“ და არა „სოციალისტები“ „აუდიტორია 115-ის“ წევრებს შეგნებულად უწოდა. მისი თქმით, სტუდენტური მოძრაობის წევრებს არაფერი აქვთ საერთო სოციალიზმსა და სოციალ-დემოკრატიასთან, კომუნიზმი კი გულისხმობს მემარცხენე ექსტრემიზმს, რომლის ადგილიც საქართველოში არ არის.
„პირველ რიგში, რაც შეეხება სოციალიზმისა და კომუნიზმის ერთმანეთისგან განსხვავებას, მე შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი „კომუნისტები“ და არა „სოციალისტები“. სოციალიზმსა და სოციალ-დემოკრატიასთან არაფერი არ აქვს საერთო იმ მიდგომებს, რომელსაც გამოხატავენ ეს ადამიანები [აუდიტორია 115]. ამიტომ სრულიად შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი „კომუნისტები“ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ კომუნიზმი საქართველოში არ შეიძლება გახდეს ერთგვარი იდეოლოგიური მიმდინარეობა, რომელსაც რაიმე პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს. კომუნიზმი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს მემარცხენე ექსტრემიზმზე, მემარცხენე რადიკალებზე, ამის ადგილი საქართველოში ნამდვილად არ არის. ჩვენ გამოვიარეთ ეს პერიოდი 20-იან წლებში, 30-იან წლებში, უფრო ადრეც, მოგვიანებით. საქართველოში ამის ადგილო არასდროს არ იქნება. მე ამაში დარწმუნებული ვარ. კომუნიზმის დრო, მადლობა ღმერთს, ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 90-იანი წლების დასაწყისში“, - ამბობს კობახიძე
გუშინ ფილარმონიაში კონსტიტუციის პროექტის განხილვა ჩაიშალა. პროცესი პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყვიტა. „აუდიტორია 115-ს“ წევრებმა პროტესტი გამოხატეს 4 მეშახტის დაღუპვის გამო - „4 მეშახტე", „კონსტიტუცია ხალხს", – სკანდირებდნენ სტუდენტები. ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ ჯგუფს კომუნისტები უწოდა.