ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის წინ ჟურნალისტები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად აქციას მართავენ. ამასთან, ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან დეტალურ განმარტებებს მოითხოვენ, როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, თანაც პასპორტის გარეშე.
დღეს მესამე დღეა, რაც ჟურნალისტები და აქტივისტები თბილისში ჟურნალისტის მხარდამჭერ აქციებს მართავენ. აქამდე ორი აქცია კანცელარიასa და სუს-თან გაიმართა.
აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ. ადვოკატების თქმით, ჟურნალისტი ნაცემია და მას სავარაუდოდ ნეკნი აქვს გატეხილი
აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა. მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„„1974 წელს დაბადებული აფგან მუხთარლი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქნის რაიონის ტერიტორიაზე 29 მაისს, 22:40 საათზე დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან საქართველოს მხრიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდით ავლით პირადობის მოწმობის გარეშე აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა. ის არ დაემორჩილა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და დაკავებისას გაქცევა სცადა“, - ვკითხულობთ განცხადებაში" - ნათქვამია აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მინისტრის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. მღებრიშვილის თქმით, აზერბაიჯანის მხარის განცხადება, რომ მუხთარლიმ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, ამ ეტაპზე საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალურად და სამართლებრივად გამყარებული გარემოებაა.
ამავე თემაზე:
მღებრიშვილი: მესაზღვრის გვერდის ავლით საზღვრის გადაკვეთის ალბათობა დაბალია, მაგრამ არსებობს
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტის საქმეზე განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არასამთავრობო სექტორის წუხილი და ნაადრევი დასკვნების გამოტანა მიუღებელია.
ამავე თემაზე:
პრემიერი მუხთარლის საქმეზე: გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით კი საქართველოდან ადამიანის გაქრობა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა.
„მისი ადვოკატის განცხადება ძალიან მძიმეა რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოში, როგორც ჟურნალისტიკის, ისევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერის როლი რეგიონში ეს არის ჩვენი სიამაყე, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით ამ სტანდარტის დაცვა, ჩვენი სახელმწიფოებრივი დაცვის საკითხია. ის განცხადებები, რომელიც ადვოკატმა გააკეთა, აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელი და გასაანალიზებელია იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორია იქნება ზღვით, ჰაერით ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან, ადამიანის გაქრობა ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა, რომლის კონტექსტშიც, ბუნებრივია, სახელმწიფომ თავისი პრესტიჟი უნდა დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეების დაცულობა, რადგან ორივე ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა მარგველაშვილმა.