
მე არ მინდა, დღეს რამე გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ თუ გამოვრიცხავთ, მაშინ საერთოდ რატომ ვატარებთ გამოძიებას?! - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ „პირველის" ეთერში განაცხადა შეკითხვის საპასუხოდ, გამორიცხავს თუ არა იგი აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში ქართული მხარის მონაწილეობას.
„მე არაფრის გამორიცხვა არ მინდა და არამგონია, რომ ამ ეტაპზე ვინმემ რამე უნდა გამოვრიცხოთ. იმიტომ, რომ გვაქვს კითხვები. მე არანაკლები სიმწვავის კითხვები მაქვს, ვიდრე ევროპარლამენტს აქვს დღეს. ეს ფაქტი, რომელიც თქვენ აღწერეთ, ამ ფაქტტთან დაკავშირებით ყველა კრიტიკულად მოაზროვნე ნორმალურ ადამიანს, საქართველოს საზოგადოებას, აქვს კითხვები. ამ შეკითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. მე არ მინდა, დღეს რამე გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ თუ გამოვრიცხავთ, მაშინ საერთოდ რატომ ვატარებთ გამოძიებას?! ამიტომ, მგონია, რომ ჩვენ სრულფასოვნად უნდა გამოვიძიოთ ეს საქმე. ეს იქნება ძალიან რთული საქმე, მე ეს მესმის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაიდოს ფაქტები, პასუხები გაეცეს შეკითხვებს, რომლებიც არსებობს. მე რასაც ვხედავ დღეს არის ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება" - თქვა ხულორდავამ.
ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში 2015 წლიდან ცხოვრობს, ამბობს, რომ 24 მაისს თბილისიდან გაიტაცეს, მეორე დღეს კი აზერბაიჯანში დააკავეს.
აფგანის თქმით, მას საღამოს საათებში თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე დახვდა სამი პირი, მათგან ორი სამართალდამცავის ფორმაში იყო ჩაცმული. გამტაცებლებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ასევე მიაყენეს ფიზიკური შერაცხყოფა.
აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა ბრალი.
საქართველოს შსს მუხთარლის საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს.