საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.
თუ შოთა პაკელიანი დაზარალებულად არ არის ცნობილი ამ დრომდე, იგეგმება მისი ცნობა დაზარალებულად, - განუცხადა შოთაძემ ჟურნალისტებს, შოთა პაკელიანის შესახებ შეკითხვის პასუხად.
შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის მიხედვით, პაკელიანი აღნიშნული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ირაკლი ქიტოშვილმა და გურამ კასრაძემ დააკავეს.
„ლიბერალს“ წყარომ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები მიაწოდა. წყაროს განცხადებით, მასზე ასახულია შოთა პაკელიანის ჩხრეკის შემდეგ კი მისი გაშიშვლების გარემოებები.
ვიდეოკადრები ► დაკავებულ პაკელიანის გაშიშვლება და ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში
„ლიბერალის“ ვებგვერდზე ვიდეოკადრების გამოქვეყნების შემდეგ, რომელზეც პოლიციის განყოფილებაში შოთა პაკელიანის გაშიშვლებისა და ზეწოლის ამსახველი კადრებია ასახული, ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების უფროსი 22 ივნისს თანამდებობიდან გათავისუფლდა.