„კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩვენ განცხადებას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ზოგადად, მზად ვართ დისკუსიისთვის, კონსულტაციებისთვის და ამ კონსულტაციების საფუძველზე შესაძლოა, შედგეს გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება”,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, განიხილება თუ არა მაჟორატარული მანდატების შემცირების ხარჯზე პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობის გაზრდის საკითხი.
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას თქმით, თუ ხელისუფლება შეცვლის არსებულ პროპორციას, ეს იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი, მაგრამ გამორიცხულია, კონსტიტუციის პროექტის ერთიანი კენჭისყრის პირობებში საპარლამენტო უმცირესობამ რაიმეს მისცეს ხმა.
„შერეული სისტემა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს, მოდიფიცირდა რამდენჯერმე. 2004 წელს 150-მდე შემცირდა დეპუტატების რაოდენობა, მაგრამ არა მაჟორიტარების. ამიტომ 2004 წლიდან ეს სისტემა კიდევ უფრო დამძიმდა. დღეს გვაქვს სისტემა, სადაც მაჟორიტარის ხვედრითი წილი არის გაზრდილი. ამიტომ ერთმანეთისგან ეს ორი სისტემა უნდა გაიყოს“, - აღნიშნა უგულავამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.