Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაგრატის ტაძარი UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო

10 ივლისი, 2017 17:33

ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებულია. ამის შესახებ  „ლიბერალს“ UNESCO-სთან და საერთაშორისო ურთიერთოებების სამსახურის უფროსმა, მანანა ვარძელაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გაითვალისწინა ქვეყნის ძალისხმევა და შესთავაზა  საზღვრების მოდიფიკაცია, რაც გულისხმობდა, რომ გელათი დარჩენილიყო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 

„მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გაითვალისწინა ქვეყნის უდიდესი ძალისხმევა გელათის სამონასტრო კომპლექსის მიმართ. გაითვალისწინა ის, რომ საკონსერვაციო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტით მიმდინარეობდა და გაითვალისწინა მისი განახლებული დოსიე. მოგეხსენებათ, რომ ბაგრატი და გელათი იყო შესული სერიულ ნომინაციად. მათ შემოგვთავაზეს  საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია, ცვლილება, რაც საშუალებას მისცემდა, გელათის სამონასტრო კომპლექსს დაეკმაყოფილებინა ზოგადსაკაცობრიო, უნივერსალური ღირებულების კრიტერიუმი, თავისთავად ბაგრატის გარეშე. ანუ საზღვრების ცვლილების შემთხვევაში, ბაგრატი აღარ შეესაბამებოდა“, - განაცხადა მანანა ვარძელაშვილმა. 

მისი თქმით, ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომ გადარჩენილიყო გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებას. 

„საქართველო სამი ძეგლით არის წარმოდგენილი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. აქედან ორი ძეგლი 2009-დან 2010 წლებიდან (მცხეთა, ბაგრატი და გელათი) იყო საფრთხოს ქვეშ, არასათანადო განვითარების გამო. მინდა გითხრათ, რომ ზედიზედ მეორე წელია. სახელმწიფომ გამოავლინა მტკიცე ნება, მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესრულების მიმართულებით.  წინა წლებში ვიყავით ფოკუსირებული მდგომარეობის გამოსწორებაზე, ხოლო ეს ყველაფერ გვაძლევს იმედს, რომ მომავალში შევძლებთ ახალი წარმატებული ნომინაციების მომზადებას.

იუნესკოს გადაწყვეტილებით, გელათის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დარჩება

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მოიფიქრა შესაძლებლობა რომ ნაკლებად მტკივნეულად მოხდეს ეს გარდაუვალი პროცესი. ეს პროცესი, ბაგრატთან მიმართებაში გარდაუვალი იყო, დამტკიცდა 2012 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა და ICOM-ის, მათი მრჩეველი ორგანოების ერთობლივი მონიტორინგის შეფასებით. დადგინდა, რომ ბაგრატმა დაკარგა თავისი ღირებულება. მაგრამ გადაწყვეტილება უშუალოდ შევიდა ძალაში 2013 წელს. ამ გადაწყვეტილებას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებდა“, - თქვა ვარძელაშვილმა.

მისი განმარტებით, ბაგრატის ტაძრის სხვა კატეგორიაში ნომინირება შეუძლებელი იქნება იმ კრიტერიუმით, რითაც იყო წარდგენილი. ის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი იყო ნანგრევის სახით, ახლა კი დასრულებული ტაძარია, თუმცა, მისივე თქმით, სახელმწიფო მუშაობს,  ქუთაისი შევიდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში თავისი ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტით, რაც გრძელვადიანი სამუშაო პროცესია.

„ცოტა რთულია  არასპეციალისტების მიერ ამის გააზრება, რადგან რთულია ბაგრატის სხვა კატეგორიაში ნომინირება, მისი ნომინაცია ვერასდროს ვერ მოხდება. ის იყო ნუსხაში, როგორც ნანგრევი, დღეს ის არის დასრულებული ტაძარი და ვეღარ შეესაბამება ამ კრიტერიუმს, რითაც იყო წარდგენილი. თუმცა სახელმწიფო მუშაობს, რომ გაამრავალფეროვნოს ნუსხა. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც ვმუშაობთ, არის ის, რომ  ქუთაისის ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტი შევიდეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, თავისი არქეოლოგიური ძეგლებით, რომლის არეალშიც მოექცევა ბაგრატის საკათედრო ტაძარიც. ჩვენი მიზანია, ქუთაისს დავუბრუნოთ თავისი ადგილი და როლი მსოფლიო მემკვიდრეობის რუკაზე. ამ კონტექსტში ბაგრატს აქვს შესაძლებლობა, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა,  მაგრამ საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია“, - უთხრა „ლიბერალს“ სააგენტოს UNESCO-თან და საერთაშორისო ურთიერთოებების სამსახურის უფროსმა, მანანა ვარძელაშვილმა. 

გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების გამო, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გადაიტანეს. 

2-12 ივლისის ჩათვლით, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესია, სადაც სხვა საკითხებთან ერთად იხილებოდა გელათის სამონასტრო კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^